ირაკლი ყურაშვილი იონის დეპარტამენტის საბჭოს პრეზიდენტს, გრეგორი დორტს შეხვდა
2026 წლის 11 ივნისს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა, ბურგუნდია-ფრანშ-კონტეს რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ. ოსერში შეხვედრა გამართა იონის დეპარტამენტის საბჭოს პრეზიდენტთან გრეგორი დორტთან, იონის დეპარტამენტის საბჭოს ყოფილ პრეზიდენტთან, საფრანგეთის ყოფილ მინისტრთან და სენატორთან ანრი დე რენკურთან და ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის "კახეთი-იონის” მმართველი საბჭოს წევრთან, ექიმ ჟაკ სიმართან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ჯანდაცვის სექტორში არსებული წარმატებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში, 12 ივნისს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორის ჯონ ბარკერის მოწვევით, ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. დიჟონში გამართულ ღონისძიებაში -,,Ambassadors’ day”.
ღონისძიება ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესი 2027 წელს საქართველოში გაიმართება.
