წამლების საქართველოში შემოტანის წესი
წამლების საქართველოში შემოტანის წესი
საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"ცვლილებების შესაბამისად შეიცვალა საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებათა ჩამონათვალი და ამასთან, ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანის წესიც.
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები:
- I სია - ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები - უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრადაა შეზღუდული;
- II სია - ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები - მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები, მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართელოს ტერიტორიაზე შეზღუდულია;
- III სია - ფსიქოტროპული ნივთიერებები - საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართელოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართლი ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები;
- IV სია - პრეკურსორები - ნივთიერებები (პრეკურსორები), რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის.
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესი (ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება #01-32/ნ).
ფიზიკური პირისთვის ნებადართულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საშუალებების (გარდა „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ" გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ" 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) 31 დღის მარაგის შემოტანა.
საჭირო დოკუმენტაცია:
- ინგლისურ ენაზე ნათარგმნი, იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება პირი. რეცეპტში უნდა იყოს მითითებული პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, აბის, ამბულის და ა.შ რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა;
- ინგლისურ ენაზე ნათარგმნი იმ ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება პირი;
- რეცეპტის და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში უნდა იყოს აღნიშნული ნამდვილობის დამადასტურებელი ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.
სამკურნალო საშუალებები:
საქართველოში დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრი ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების
(გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა განისაზღვრება შემდეგი ოდენობის მიხედვით:
არა უმეტეს 10 სტანდარტული შეფუთვისა - სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე;
10 შეფუთვაზე მეტი - შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მგზავრობის დღეების რაოდენობაზე.
საფოსტო გზავნილის მეშვეობით შემოტანილი სამკურნალო საშუალება საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას ან განადგურებას თუ:
- პირველადი შეფუთვის არარსებობისას;
- პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას;
- იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში შემავალი აქტიური სუბსტანციის დასახელება;
- სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აგრეთვე გაერო-ს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს ვებ-გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი