მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე!
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვემსახურო საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ისტორიული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.
საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიზანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების ხელშეწყობა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ცნობადობის ამაღლება, ქართული დიასპორის მხარდაჭერა, საფრანგეთში მცხოვრები ან დროებით მყოფი თანამემამულეების ინტერესების დაცვა.
საქართველოს მიმართ საფრანგეთის ხანგრძლივი და ურყევი მხარდაჭერა სამაგალითოა. 1921 წელს „წითელი არმიის“ მიერ საქართველოს ოკუპაციისას, როდესაც ქართული პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, საფრანგეთმა შეიფარა ქართველები და ეროვნული საგანძური. ამ მრავალწლოვანი მეგობრობის სიმბოლო ლევილის ქართველთა მამულია.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული კურსის ურყევ მხარდამჭერად რჩება.
საფრანგეთში ქართველების მიღწევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მეცნიერებაში, ხელოვნებასა და სპორტში, ევროკავშირში საქართველოს პოტენციალსა და ძალისხმევას ცხადყოფს. ბოლო დროს ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატება და საფრანგეთში მათდამი გამოხატული პატივისცემა ორივე ერს სიამაყით ავსებს.
დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია, საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიტატი ქვეყანა, განუხრელად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი და კონსტიტუციური მიზანია.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანასა და ჩვენი საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი საერთო მიზანია ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარება, რაც შექმნის ხელსაყრელ პირობებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და კონსოლიდაციისათვის.
საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას და დემოკრატიის, ეკონომიკის, სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად რეფორმების გატარებას. ამ გზაზე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოს, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული მასპინძელი ქვეყნის ისტორიის, მდიდარი კულტურის, ენისა და ფასეულობების მიმართ. გამოვთქვამ იმედსა და რწმენას, რომ ჩემი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილებით წვლილს შევიტან საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.
საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გაეცნოთ პარიზში საქართველოს საელჩოს საქმიანობას, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და დინამიკას. ამ მიზნით ასევე გთავაზობთ ეწვიოთ ჩვენი facebook-ისა და X-ის გვერდებს: https://www.facebook.com/GeorgiainFrance ; https://x.com/AmbGeorgie.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, ნდობისა და მხარდაჭერისთვის.