საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
შეხვედრისას აღინიშნა იუნესკოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვანი კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2025 წელს ქართული ხორბლის კულტურის - ტრადიციებისა და რიტუალების იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას და 2026 წლის ახალ ნომინაციას - „ქართული ცხენოსნური თამაშები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“. აღინიშნა, რომ მზადდება ნომინაცია დმანისის ჰომინიდების ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.
შეხვედრაზე განიხილეს იუნესკოსთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, 2026 წელს კულტურული მრავალფეროვნების დღისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, ასევე, 2027 წელს ილუსტრატორისა და მხატვრის, მიხაი ზიჩის იუბილეს უნგრეთთან ერთად აღნიშვნის საკითხი. ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას „MONDIACULT 2025-ში" და ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას კრიზისულ ვითარებებში.
ყურადღება გამახვილდა კულტურული უფლებებისა და კულტურის ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, მათ შორის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო პროცესს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და შესაბამის საკონსულტაციო ორგანოებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ისაუბრეს მცხეთაში იუნესკოს ექსპერტთა მისიის შესახებ.
ხაზი გაესვა კულტურის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში და აღინიშნა იუნესკოს მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.
თინათინ რუხაძემ იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ხალედ ელ-ენანი საქართველოს სამუშაო ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში ირაკლი ყურაშვილი და საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.
