Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

საფრანგეთში ფრანკოფონიის XIX სამიტი გაიმართა

2024 წლის 3-5 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მასპინძლობით, საფრანგეთში ფრანკოფონიის XIX სამიტი გაიმართა. წლევანდელი სამიტის თემა იყო: „Créer, innover et entreprendre en français“  (შექმნა, ინოვაცია და განხორციელება ფრანგულად).

ღონისძიების ფარგლებში ფრანკოფონიის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, სადაც  ფრანკოფონიის წევრი, ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნების სახელმწიფოს ლიდერებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილოება.

სამიტის გახსნითი ცერემონია ფრანგული ენის საერთაშორისო ქალაქში, „ვილე-კოტრეს (Château de Villers-Cotterêts) შატოში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 1539 წელს ფრანსუა I-ის მიერ ფრანგული ენა, სწორედ ამ სასახლეში გამოცხადდა სავალდებულოდ ადმინისტრაციისა და მართლმსაჯულების სფეროში.

XIX სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ფრანკოფონიის გენერალურმა მდივანმა ლუიზ მუშიკივაბომ გახსნეს.

ფრანკოფონიის სამიტსა და მინისტერიალში საფრანგეთში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ეკატერინე კოკაიამ და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა თეა ქარჩავამ მიიღეს მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეკატერინე კოკაია ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს გაესაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ფრანკოფონიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და ფრანკოფონიის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

ეკატერინე კოკაია ასევე დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ფრანკოფონიის გენერალური მდივნის სახელით გამართულ სადილს და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით გამართულ ვახშამს.

სამიტის დასკვნით დღეს მრგვალი მაგიდის „Créer, innover et entreprendre en français“ ფორმატში საქართველოს დელეგაციამ ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე „Startup“-ების, ციფრული ტექნოლოგიებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში. განსაკუთრებით აღინიშნა, ბიზნესის დაწყებისა და ბიზნესის კეთების (Doing Business) სიმარტივის კუთხით საქართველოს მოწინავე ადგილი საერთაშორისო რეიტინგებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს2004 წლიდან აქვს დამკვირვებლის სტატუსი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ხოლო 2023 წლიდან არის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრი. ასევე საგულისხმოა, რომ ფრანკოფონიის ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, 2023 წლის 7 და 8 ივლისს, საქართველომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას უმასპინძლა.