ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, პროფესიონალი სომელიეების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების, UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გაიმართა.
გამოფენის მიზანი იყო ქართული ღვინის წარდგენა პროფესიონალებისა წინაშე. ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად OIV-ში ასევე გაიმართა გამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ - "მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები. ფოტო-გამოფენას ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის კურატორმა, ანა ჭეიშვილმა გაუკეთა.
ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარი ორანმა (Jean-Marie Aurand), საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა მიმართეს.
ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია: „ჩელთი",„შუხმან ვაინსი", „შატო მუხრანი", „კახური ტრადიციული მეღვინეობა", „შუმი", „კახური ღვინის მარანი" „მეღვინეობა ხარება", „კახური", „ლუკასი", „შალვინო", „თბილღვინო", „თელიანი ველი", „ვაინმენი", „მარანული" და „ვინაგორა".



