საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან

2018 წლის 29 იანვარს, UNESCO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქ-ნ ეკატერინე სირაძე-დელონემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა UNESCO-ს ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორთან, ქ-ნ ოდრე აზულესთან. შეხვედრისას საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება საქართველოსა და იუნესკოს თანამშრომლობა, კულტურის, განათლების, კულტურული მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, ქ-მა ეკატერინე სირაძე-დელონემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გაწეული ფინანსური და საექსპერტო დახმარებისათვის. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იუნესკოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთი/ საქართველო და აფხაზეთის/ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების მდგომარეობის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში UNESCO-ს აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა. ქ-მა ოდრე აზულემ საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს აღუთქვა, რომ ყურადღებით გაეცნობა ამ საკითხს და ორგანიზაციის კომპეტენციის შესაბამისად იმოქმედებს. ამასთანავე, საუბარი შეეხო საქართველო-UNESCO-ს ურთიერთობების გააქტიურებას, სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებას და UNESCO-ს სხვადასხვა კომიტეტებსა და არჩევით ორგანოებში საქართველოს ჩართულობას. შეხვედრის დასასრულს, UNESCO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქ-ნ ოდრე აზულე საქართველოში მოიწვია.