14 თებერვალს, ქ. პარიზში, საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე შეხვდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელსაც ხელმძღვანელობს ჟან-რენე კაზნევი. სამუშაო სადილის ფარგლებში საუბარი ფართოდ შეეხო არაერთ საკითხს, მათ შორის, საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობების წამყვან მიმართულებებსა და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ პრიორიტეტებს.
ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით; ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის თაობაზე; ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ფართო განხილვის საგანი გახდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი სოფლის მეურნეობის, მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებით.
ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი ავლენს საქართველოს მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დეპუტატებმა გამოთქვეს კეთილი ნება და მზადყოფნა არსებული მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებისა და კვლავაც გამყარების მიზნით.
