საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება 2022



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) -  ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროექტზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის წახალისება და ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებებს  და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2022 წლის დეკემბერში მართავს რიგით მეოთხე ღონისძიებას სახელწოდებით - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“,  რომლის მიზანია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების წარმოჩენა.

პროგრამის თანახმად, მაღალ-პროფილური დიასპორის ნომინირება შესაძლებელია

  • მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის
  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის
  • საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის
  • წლის დიასპორელი სპორტსმენი
  • საქართველოს უცხოელი მეგობარი
  • სპეციალური პრიზი

 
 
ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 4  ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით.
 
ნომინანტის წარსადგენად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ნომინანტის წარდგენის განაცხადის ფორმა.
 
გთხოვთ, შევსებული ნომინაციის განაცხადის ფორმა გამოგვიგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: diaspora-awards@icmpd.org