საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე წევრმა-სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე წევრმა-სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს

2018 წლის 11-12 ოქტომბერს, ქ. ერევანში ჩატარდა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტი, რომელზეც თავი მოიყარა 84 წევრი, ასოცირებული და დამკვირვებელი სახელმწიფოს ლიდერმა. საქართველოს დელეგაციას სამიტზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ორგანიზაციაში 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.

12 ოქტომბერს, სამიტის მონაწილე წევრი-სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს "რეზოლუციას ფრანკოფონიურ სივრცეში კრიზისული სიტუაციების, კრიზისის დაღწევისა და მშვიდობის კონსოლიდაციის თაობაზე". კრიზისისა და კონფლიქტის შემცველ სახელმწიფოებს შორის, რეზოლუცია საუბრობს საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. კერძოდ, წევრმა-სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა; ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული და უპირობო შესრულების საჭიროებას. ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა-სახელმწიფოებმა გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას.

სამიტის ფარგლებში წევრმა-სახელმწიფოებმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს რუანდას საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიზ მუშიკივაბო, რომელიც მომდევნო 4 წლის ვადით ჩაანაცვლებს მოქმედ გენერალურ მდივან მიქაელ ჟანს. წევრი-სახელმწიფოები შეთანხმდნენ, მომდევნო სამიტი ჩატარდეს 2020 წლის შემოდგომაზე ტუნისში.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ბურკინა ფასოს საგარეო საქმეთა მინისტრ ალფა ბარისთან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კანცლერთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ფრანკოფონიის მინისტრ სეკოდე ნდეუგბაიისთან.

ბურკინა ფასოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. იუსტიციის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, აფრიკის ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფოს გაუზიაროს გამოცდილება დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მიღწეული პროგრესისა და წარმატებული რეფორმების თაობაზე. იუსტიციის მინისტრმა, თავის მხრივ, კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების თაობაზე.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა იუსტიციის მინისტრს გადაუხადა მადლობა, პრეზიდენტისა და მთლიანად მთავრობის სახელით, ბანგიში ევროკავშირის ეგიდის ქვეშ ქართველი ჯარისკაცების ჩართულობისთვის, რაც მან დაახასიათა, როგორც საქართველოს მხრიდან სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნათელი მაგალითი. შეხვედრისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ კონსულტაციების გაგრძელებაზე.