საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისის გახუნებული ვარდები - Le Monde

06.11.07

დანიელ ვერნე*

საქართველო დემოკრატიის რთული კანონების სწავლის სტადიაშია. 1921 წლამდე ხანმოკლე თავისუფლების, სამოცდაათწლიანი გასაბჭოებისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე სამოქალაქო ომის შემდეგ, "ვარდების რევოლუციამ” ბოლო მოუღო ედუარდ შევარდნაძის ქაოტურსა და კორუმპირებულ ძალაუფლებას. მაგრამ მანკიერი ზნე-ჩვეულებები არ გაუჩინარდნენ. ხელისუფლებაში მოსულთა ახალგაზრდა ასაკის (პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ 39 წლის იყო 2003 წელს), რეფორმირებისა და მოდერნიზების სურვილის და ადმინისტრაციაში ამერიკელი მრჩევლების ყოფნის მიუხედავად, ადრინდელი პოლიტიკური მეთოდები მაინც თავს იჩენენ.

ბატონმა სააკაშვილმა არაორაზროვნად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია. მისი ამბიცია, რომელსაც უდაოდ იზიარებს მის თანამემამულეთა უდიდესი უმრავლესობა, არის ნატოში, მოგვიანებით კი ევროკავშირში (რომლის დროშა ფრიალებს მთელს საქართველოში) შესვლა. მან მოახდინა ეკონომიკის ლიბერალიზება და პოლიციისა და სასამართლოს რეფორმირება. მან გამოუცხადა ბრძოლა კორუფციას, რითაც დაიმსახურა საერთაშორისო ორგანიზაციების ქება-დიდება. მიმდინარე წლისთვის გამოცხადებული ეკონომიკური ზრდის ტემპები ჩინებულია და შეადგენს 14% იმ ქვეყანაში, რომელიც ოთხი წლის წინ ნანგრევებად იყო ქცეული. სახელმწიფო ბიუჯეტი ექვსჯერ გაიზარდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი თავდაცვის საჭიროებებს ხმარდება. ფაქტობრივად, საქართველომ თავისი ჯარის დონე ნატოს უნდა მიუსადაგოს და ამავდროულად შეერკინოს ორ "გაყინულ კონფლიქტს” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებში.

პრეზიდენტი სააკაშვილის დადებითი საერთაშორისო იმიჯი რთულად ფარავს სახალხო უკაყოფილებას, რომლის სიღრმე და მასშტაბი გამოაშკარავა გასულ კვირას თბილისში გამართულმა მანიფესტაციებმა. ამ უკმაყოფილებას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველ ყოვლისა, ეს არის ქართველების თანდაყოლილი უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, რომელიც მყისვე ამბოხებაში გადაიზრდება ხოლმე. შემდგომ, ეს არის უფსკრული, რომელიც არსებობს მაკროეკონომიკულ მაჩვენებლებსა და ყოველდღიურ რეალობას შორის იმათთვის, ვინც იძულებულია თვეში 20 ევროზე იცხოვროს და ეს იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ჩაბმულია - ზოგი საჭირო, ხშირად კი ამპარტავნული - დიდი პროექტების განხორციელებაში. და ბოლოს, ეს არის ალერგია ნებისმიერი კრიტიკული დიალოგისადმი იმათთან, ვისაც არ მიაჩნია რომ პრეზიდენტი ყოველთვის მართალია. ბატონმა სააკაშვილმა ამრიგად რამოდენიმე მინისტრი დაკარგა.

ოპოზიცია უდაოდ სუსტი და დაქსაქსულია. მან ერთგვარ ერთიანობას მიაღწია, როდესაც უმალ გადავიდა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნიდან (რომლისთვისაც ის, სხვათა შორის, არ არის მზად) პრეზიდენტის გადგომის მოთხოვნაზე. ეს არ არის საკმარისი მიზეზი მანიფესტანტთა ზურგს უკან "საქართველოს დესტაბილიზებისთვის მომართული რუსული ოლიგარქული ძალების (მიხეილ სააკაშვილი)” სამხილებლად. პრეზიდენტმა თავად გადააჭარბა ანტირუსული კარტის გათამაშებით და მოსკოვიც გვარიანად დაეხმარა პროვოკაციების გახშირებით. მაგრამ ამ კარტას ნაკლები კრედიტი აქვს ვიდრე პრივატიზაციებს, რომლებიც რუსული და ყაზახური ფინანსების დახმარებით ჩატარდა.

პოლიტიკური მოწინაამღდეგეების კრიმინალიზების ტენდენცია ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ანგაჟირებას დემოკრატიის გზაზე. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევა, რომელიც ქორად განიხილებოდა და აფხაზი და ოსი სეპარატისტების პრობლემის მოგვარებას აპირებდა. თავის დროზე პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა ოპოზიციაში გადასვლა პრიზიდენტის მიერ ერთ-ერთი ოლიგარქის მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით აღნიშნა. ოქრუაშვილი ციხეში ჩააგდეს და მას შემდეგ გაანთავისუფლეს, როდესაც  საზოგადოების წინაშე დამამცირებელი აღსარებები გამოძალეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა შემდგომ მას გააგებინა, რომ მისი კეთილდღეობა ემიგრაციაში წასვლას უკავშირდებოდა.

ხელისუფლების მსგავსი ქმედება კლანებს შორის ანგარიშსწორებას უფრო წააგავს, ვიდრე რეალურ დემოკრატიაში არსებულ პრაქტიკას, რომლისკენაც მიისწრაფიან ევროპელობის პრეტენზიის მქონე ქართველები. არჩევნებზე უფრო მათ მშვიდობიანი მონაცვლეობა ჭირდებათ, მაგრამ ისინი ამისგან ჯერ კიდევ შორს არიან.

* დანიელ ვერნე არის გაზეთ "მონდის” საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორი

 

 

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal