საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აჭარა, ავტონომიის ვიტრინა - Le Monde

16.11.07

დანიელ ვერნე, სპეციალური კორესპონდენტი, ბათუმი

აქ უკვე თითქმის ევროპაა! თურქეთთან სარფის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეთა მეთაური სიამაყით გვიხსის, რომ თურქებს და ქართველებს საზღვრის გადაკვეთა უვიზოდ შეუძლიათ. 2003 წლიდან მოყოლებული, მოგზაურთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ორ თვეში, სატვირთო მანქანებისთვის ახალი ტერმინალი გაიხსნება, სადაც ორი ქვეყნის მებაჟეები ერთად იმუშავებენ. ეს ტერმინალი შესაძლებელს გახდის ოთხჯერ მეტი დოსიეს დამუშავებას.

აქედან 12 კილომეტრში ჩრდილოეთით, ახალთახალი აეროპორტი აშენდა თურქი კომპანიების მეშვეობით, ისევე როგორც თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. თავისი ზეთანამედროვე ინფრასტუქტურებით, აჭარა იმედოვნებს ტურისტების მოზიდვას მეზობელი ქვეყნებიდან, და თუ შესაძლებელია, ევროპიდანაც.

პატარა ავტონომიურმა რესპუბლიკამ, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 380 ათასს შეადგენს და რომელთა უმრავლესობა მუსლიმანია, შორი გზა განვლო. ამ ათწლეულის დასაწყისში, ის ჯერ კიდევ ნანგრევების ველს წარმოადგენდა. თავის დროზე მნიშვნელოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და საბჭოთა დამსვენებლების პრივილეგირებული ადგილი, აჭარა მზად იყო ესარგებლა საბჭოთა კავშირის დაშლით და გამოყოფოდა საქართველოს. მოსკოვთან დაახლოვებული ადგილობრივი « განმგებელი »-მაფიოზოს, ასლან აბაშიძის რკინის მუშტის ქვეშ მყოფმა რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა (ასეა ტექსტში).

2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დაისახა მიზნად სეპარატისტული ტერიტორიების შემოერთება. ეს მან ვერ მოახერხა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებები მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობენ. სამაგიეროდ, მან მოახერხა აჭარის დაბრუნება.

მას შემდეგ, აჭარა იქცა ბ-ნი სააკაშვილის მიერ ინიცირებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ვიტრინად, რომელმაც უნდა მოახდინოს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დადებითი მხარეების დემონსტრირება.

ნეოკლასიკური ვილების ფასადები მკაფიო ფერებში გადაიღება. პორტი, რომლის მართვა კერძო კომპანიას გადაეცა, ნელ-ნელა იბრუნებს სამოქალაქო ომამდელ საქმიანობას. პატარა ყავახანებით დახუნძლულ სანაპირო ბულვარზე, საკურორტო ქალაქებისთვის დამახასიათებელი სიმხიარულე სუფევს.

თბილისის მიერ ნაბოძები პოლიტიკური ავტონომია, შეიძლება ითქვას, შედარებითია. მთავრობის თავმჯდომარე, 35 წლის ლევან ვარშალომიძე სააკაშვილის ახლობელია და მის მიერ არის დანიშნული. უზენაესი საბჭო, რომელიც ადგილობრივი პარლამენტის ფუნქციებს ასრულებს, მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ამტკიცებს. მთავრობა თბილისიდან მოსულ სუბსიდიებს განკარგავს. მაგრამ, თუ არა შეძლებულობის, კარგად ყოფნის აურა სუფევს ბათუმში და ამით მკვეთრად ემიჯნება საქართველოსგან კავშირგაწყვეტილ აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს. ბ-ნმა სააკაშვილმა მოიგო თავისი სანაძლეო.