საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს რეაქცია ომის შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი კომისიის მოხსენებასთან დაკავშირებით

თბილისი, 2009 წლის 30 სექტემბერი. დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელსაც ევროკავშირის საბჭომ გასულ წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენა დაავალა, თავისი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოყვანილი თითქმის ყველა ფაქტი მოვლენეთა განვითარების ქართულ ვერსიას ადასტურებს.კომისია ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრას ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე. ის ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე თავდასხმა ხორციელდებოდა 7 აგვისტომდე. ანგარიში ვრცელ მტკიცებულებებს იძლევა 2008 წლის აგვისტომდე რუსეთის მიერ თვეების განმავლობაში წარმოებული მილიტარიზაციისა და იმ პოლიტიკური პროვოკაციების შესახებ, რომლებიც ხელყოფდა საქართველოს სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართალს. ამასთან, კომისია ადასტურებს, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე ძალებმა განახორციელეს ქართველთა ეთნიკური წმენდა.ანგარიში ასევე ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ოპერაციები ექსპერთა უმეტესობის აზრით გამოირჩეოდა კარგად დაგეგმარებითა და შესრულებით. ოპერაციული დაგეგმვა პრაქტიკულად განხორციელდა სამხედრო მანევრების "კავკაზ-2008" და 2005 წლიდან ჩატარებული სხვა წვრთნების ფარგლებში.კომისიის მიერ დაფიქსირებულ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგეს ის, რომ რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა და დაქირავებულებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს 2009 წლის 8 აგვისტომდე. კომისია აღნიშნავს, რომ "აგვისტოს დასაწყისშივე ადგილი ჰქონდა მოხალისეთა და დაქირავებულთა გადმოდინებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთისკენ როკის გვირაბისა და კავკასიის ქედის გავლით. ასევე სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის 8 აგვისტოს 14.30 საათამდე დაფიქსირებულია რუსეთის გარკვეული შენაერთების, გარდა ერთობლივი სამშვიდობო ძალების რუსეთის ბატალიონისა, ყოფნა."მთავრობა სინანულს გამოთქვამს, რომ თუმცა კომისიამ დაადგინა რუსეთის ჯარების უკანონო ყოფნა საქართველოში, ის ამ ყოფნას შეჭრას არ უწოდებს. სინამდვილეში სწორედ ამ შემოჭრამ გამოიწვია კონფლიქტის გაჩაღება. საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით რუსეთის არასამშვიდობო ჯარების დადასტურებული ყოფნა სხვა არაფერია თუ არა შემოჭრა.ამასთან, ანგარიშში გაბათილებულია ის მიზეზები, რომლებითაც რუსეთი ხსნის საქართველოზე თავდასხმას. კერძოდ, რუსეთი აცხადებდა, რომ სამხრეთ ოსეთში მოკლულ იქნა 2000-ზე მეტი ადამინი და რომ მისი თავდასხმა მიზნად ისახავდა გენოციდის შეჩერებას - მაგრამ ეს იყო მხოლოდ საბაბი მათი ქმედებისთვის. ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთის ამგვარი განცხადებები მტკნარი სიცრუეა.კომისიამ ვერ შესძლო ვერც რუსეთის მიერ მოყვანილი კიდევ ერთი საბაბის დადასტურება თითქოს მის მშვიდობისმყოფელებს თავს დაესხნენ. სინამდვილეში, ადგილი ჰქონდა სრულიად საპირისპირო ფაქტს: 7 აგვისტოს დილით თავს დაესხნენ და ამოხოცეს ქართველი მშვიდობისმყოფელები. თავდასხმა დაიწყო საომარ მოქმედებებში რუსი მშვიდობისმყოფელების ჩაბმამდე.ანგარიშში ასევე უარყოფილია რუსეთის კონცეფცია საზღვარგარეთ თავისი მოქალაქეების დაცვის შესახებ - ომის დასაწყებად რუსეთის მიერ ამ კონფლიქტის კონტექსტში მოყვანილი კიდევ ერთი საბაბი. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ წარმოებულ პასპორტიზაციის პოლიტიკაზე და მკაფიოდ აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსული პასპორტები ურიგდებოდა საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციამ ხელოვნურად შექმნა დასაცავი მოქალაქეები.ანგარიში დეტალურად ასახავს თავდასხმამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის მიერ წარმოებულ გაძლიერებულ მილიტარიზაციას, ასევე რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არარეგულარული მარიონეტული ჯარებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას 2008 წლის 7 აგვისტომდე. ანგარიშში ასევე მოყვანილია მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული და სხვა სახის პროვოკაციების მაგალითები. ნიშანდობლივი ციტატა ანგარიშიდან: "საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მასიური მინიჭება და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის სეპარატისტულ რეგონებში, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე პასპორტების მასიურად წარმოება ... . წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ღია გამოწვევას და ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში".ანგარიში დეტალურად ასაბუთებს ყველასათვის უკვე აშკარა ფაქტს, რომ საქართველოს თავს დაესხა რუსეთი; საქართველო არასდროს არ განუხორციელებია თავდასხმა რუსეთზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყნაზე. ანგარიში ადასტურებს, რომ თავდასხმებს და საომარ მოქმედებებს ადგილი ჰქონდა საქართველოს მიწაზე. მნიშვნელოვანი დასკვნები:     კომისიამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობს, რომ სულ მცირე რუსეთის რეგულარული ჯარების რამდენიმე არასამშვიდობო ქვედანაყოფი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოვიდა 8 აგვისტომდე, რაც წარმოადგენს უკანონო შეჭრას;    კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ანგარიში აცხადებს: "აგვისტოს დასაწყისშივე ადგილი ჰქონდა მოხალისეთა და დაქირავებულთა გადმოდინებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთისკენ როკის გვირაბისა და კავკასიის ქედის გავლით. ასევე სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის 8 აგვისტოს 14.30 საათამდე დაფიქსირებულია რუსეთის გარკვეული შენაერთების, გარდა რუსეთის ერთობლივი სამშვიდობო ძალების ბატალიონისა, ყოფნა."    კომისიამ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ სეპარატისტთა ძალების შეიარაღებას და წვრთნას აწარმოებდა რუსეთი - საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის სამშვიდობო ვალდებულებების დარღვევით.    ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე ამ სეპარატისტულმა შენაერთებმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, თავს დაესხნენ რა ქართველ მოქალაქეებს 7 აგვისტომდე.• ანგარიში ასკვნის: "რუსეთის უდიდესმა უპირატესობამ პოლიტიკურ და სამხედრო წონაში დაარღვია ის ბალანსი, რომლის დამყარებაც შესაძლებელი იქნებოდა თბილისსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით". მთავრობა არ ეთანხმება კომისიის მოსაზრებას, რომ საქართველომ გამოიყენა არასაჭირო და არაპროპორციული ძალა საქართველოს მოქლაქეთა დაცვის მიზნით იმ ფონზე, როდესაც კომისია მკაფიოდ აფიქსირებს უკანონო თავდასხმის ფაქტს ამ მოქალაქეთა წინააღმდეგ. ვერც ერთი დემოკრატიული ხელისუფლება ვერ შენარჩუნდება თუ, მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების შემოჭრის შემთხვევაში, ის ვერ შესძლებს თავის მოქალაქეთა დაცვას. საქართველო მოქმედებდა როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო - ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერც ერთი საღი დამკვირვებელი ვერ უარყოფდა.თუმცა ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთი აიარაღებდა და მხარს უჭერდა ცხინვალის და აფხაზეთის სეპარატისტებს, ის თავს არიდებს მათი ქმედებების გამო რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომლებიც მოწმობს, რომ რუსეთი უშუალოდ აკონტროლებდა და აკონტროლებს მარიონეტულ რეჟიმებს.ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში აღიარებს სამხედრო მილიტარიზაციასა და მარიონეტული რეჟიმებისთვის გაწეულ დახმარებას, ისევე როგორც დაქირავებულთა მოზღვავებას, რომლებიც თავს ესხმოდნენ სამოქალაქო მოსახლეობას, იგი არ ასახავს რუსი სამშვიდობოების მიერ ჩადენილ უხეშ დარღვევებს - თუმცა ისინი მკაცრად იკრძალება ყველა საერთაშორისო შეთანხმებით. ამასთან, საქართველომ კომისიას მიაწოდა ვრცელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამშვიდობოები პირდაპირ კოორდინაციას უწევდნენ მარიონეტულ არარეგულარულ ჯარებს 7 აგვისტომდე, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ქართულ სოფლებზე თავდასხმების კოორდინაციის ჩათვლით.აფხაზეთის და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა საბაბის შექმნაზეც კი არ შეიწუხა თავი და ამდენად, პირდაპირ და უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი.ამასთან, ანგარიში ადასტურებს ქართველ მოქალაქეთა ეთნიკური წმენდის ფაქტს. საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, იმ დროს როდესაც რუს სამშვიდობოებს საერთაშორისო სამართლის თანახმად ევალებოდათ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა.პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით, კომისია მხარს უჭერს კონფლიქტის პრევენციისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას. ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ომამდე მრავალი თვის განმავლობაში ახორციელებდა ინტენსიურ და თანმიმდევრულ დიპლომატიურ ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და რუსეთის თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით. სამწუხაროდ ეს წინადადებები რუსეთის ფედერაციამ და მისმა მარიონეტებმა დაბლოკეს.ანგარიში მკაფიოდ აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას.საბოლოო ჯამში, ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთმა ჩაიდინა აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამით უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაეროს წესდება, ჰელსინკის დასკვნითი აქტი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ასევე თავისივე კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი.რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება. საერთაშორისო სამართლისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევით, კერძოდ იმ მოთხოვნის იგნორირებით, რომ რუსეთის ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებს უნდა დაუბრუნდნენ.რუსეთი ფაქტიურად აგრძელებს თავის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ამ ტერიტორიების საბოლოოდ ანექსიას.გაერო-ს და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების ყოფნა ცალმხრივად იქნა დაბლოკილი რუსეთის მიერ. რუსეთმა ასევე უარი თქვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. ისინი კი, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნას განიცდიან. გრძელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკური წმენდა. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal