საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბერნარ კუშნერის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბ-ნ გრიგოლ ვაშაძესთან საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი 26 ნოემბერს შეხვდება თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს

2008 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან ეს გახლავთ ბ-ნ გრიგოლ ვაშაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში.

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნება საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ არსებული სიტუაცია, რომლის მოგვარებაშიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო მობილიზებული. 2009 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების თანახმად ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიაში საფრანგეთი 35 ჟანდარმით არის წარმოდგენილი, რაც მას საშუალებას აძლევს იყოს მეორე მრავალრიცხოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა.

ბერნარ კუშნერი თავის ქართველ კოლეგასთან ასევე ისაუბრებს ორმხრივი თანამშრომლობისა და მიმდინარე საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. სიტუაციას ავღანეთში დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების, FIAშ-ის ჩარჩოებში 17 ნოემბრიდან საქართველოს ქვეითი ჯარის გარკვეული ნაწილი შეუერთდა ფრანგულ ბატალიონს.

მინისტრების შეხვედრის დროს ხელი მოეწერება შეთანხმებას შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ტექსტი ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ სამოქალაქო უსაფრთხოებისა და პოლიციის სფეროებში.

ვიზიტის განმავლობაში გრიგოლ ვაშაძე გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში. იგი ასევე შეხვდება UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ირინა ბოკოვას. ბატონი გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.