საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტალინმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა

La Libération 16.06.2010

ელენ დესპიკ–პოპოვიჩი 

ქართველებისთვის, რომლებიც საკუთარი ეროვნული იდენტობის ძიებაში არიან, „ხალხთა ბელადი“ პირველ რიგში რუსი დამპყრობელია, იმ საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო, რომელსაც თბილისში მუზეუმი მიუძღვნეს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ერთ–ერთი ქართველი ლიდერი რუს ჯარისკაცებს ათასობით დოლარს სთავაზობდა, რომ მათ საქართველოში სტალინის უკანასკნელი ძეგლი დაებომბათ, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ გორშია აღმართული. შოკირებულმა რუსმა ოფიცერმა უარი თქვა. მაგრამ გორში ყველაფერი დაბომბა რისი დაბომბვაც შეეძლო, სტალინის ძეგლის გარდა. ეს ისტორია აპრილის ბოლოს რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უამბო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმბრობით…

თუმცა ეს ისტორია, ხუმრობაა ის თუ არა, იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ აღელვებს ქართულ საზოგადოებას მისი ახალო წარსული. საქართველოს პრეზიდენტმა, მისი ბალტიისპირელი კოლეგების და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მსგავსად, თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი შექმნა და ბრძანება გასცა იმ ჯარისკაცების მონუმენტი აეფეთქებინათ, რომლებიც „მეორე სამამულო ომში“ (ასე უწოდებდნენ საბჭოთა კავშირში და დღეს რუსეთში მეორე მსოფლიო ომს) დაიღუპნენ.

1956 წლის მარტი, შემობრუნებაამ ყველაფერის მიუხედავად, გორი არ აპირებს ბელადის ქანდაკების აღებას ან სტალინის მუზეუმის დახურვას. თბილისში კი ასოციაცია „სტალინი“ არსებობს, რომელსაც დიდწილად ერთი მოხუცი კაცი წარმოადგენს. ის წარსულის რელიქტების, მტვრიანი პორტრეტებისა და მისი გმირისადმი მიძღვნილი წიგნების გარემოცვაში ცხოვრობს. მისი კაბინეტი ისე გამოიყურება, როგორც ეს გასული საუკუნის 30–იან ან 40–იან წლებში იყო მიღებული, ლომებით სტილიზებული საწერი მაგიდა და ბრასთან მოთავსებული დიქტატორის პატარა ბიუსტი. მისი ფანჯრიდან სტალინის თეთრი მარმარილოს ძეგლი მოჩანს, რომლის ავტორიც „ბელადის“ შვილი ვასილია. ის 1961 წელს ალკოჰოლიზმისგან გარდაიცვალა.

 

საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანმა ამ სახლს „ნოსტალგია“ უწოდა. „სახელწოდებას სიტყვა „ნოსტალგიასთან“ კავშირი არ აქვს“, – გვიხსნის იგი. „ნო“ – მისი ქალიშვილის სახელის ბოლო მარცვალია, „გია“ – მისი ვაჟის სახელი, „სტალ“ – ბუნებრივია სტალინია. „თუკი სტალინის უკანასკნელ ძეგლს გორიდან ვინმე მოხსნის, მე ცხინვალში პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ“, – ამბობს ის აჯანყებული რესპუბლიკის სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, რომელიც ადრე ამაყ სახელს სტალინირს ატარებდა.

ამ ადამიანმა ზუსტად 55 წლის წინ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება იოსებ ჯუღაშვილისთვის მიეძღვნა. 1956 წლის მარტი სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. ეკონომიკური ფაკულტეტის 20 წლის სტუდენტი მაშინ უკმაყოფილო იყო იმით, რომ ახალი ხელმძღვანელობა 1953 წელს გარდაცვლილი ბელადის მემკვიდრეობას გაემიჯნა. მარტის დასწყისში, „როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხრუშჩოვი სტალინის კულტის მხილებას გეგმავდა, ახალგაზრდა სტუდენტი რამდენიმე ასეულ თანამოაზრესთან ერთად, მაშინ ჯერ კიდევ თბილისის ცენტრში აღმართული გენერალსიმუსის ძეგლთან შეიკრიბა. 5 მარტს მათი რიცხვი 100 ათასამდე გაიზარდა, 9 მარტს კი ნახევარ მილიონამდე, – ამტკიცებს ონიანი. სიტუაცია იძაბებოდა. დემონსტრანტები ფოსტისკენ გაემართნენ, რათა ხრუშჩოვის გადადგომის მოთხოვნით მოსკოვში დეპეშა გაეგზავნათ. „მე ძეგლთან დავრჩი. სროლის ხმა გავიგეთ. ხალხი მიწაზე ეცემოდა. და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა“. დაკავების შემდეგ სტუდენტი მალე გაათავისუფლეს. მისი თორმეტი მეგობარი კი ხულიგნობისთვის გაასამართლეს. „დღეს ამ მოვლენებს საქართველოს დამოკიდებლობისთვის პირველ საპროტესტო გამოსვლებად წარმოადგენენ. ტყუილია. ეს ყველაფერი სტალინის გულისთვის მოხდა“, – გვიხსნის იგი. 1956 წლის მარტის მოვლენები, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს იმ მომენტად ითვლება, რომლის შემდეგაც საქართველომ საბჭოთა კავშირს ზურგი შეაქცია. ის 1989 წლის აპრილში სსრკ–ს წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება, როდესაც რუსულმა ტანკებმა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები ჩაახშვეს.

ქვეყანამ სუვერენიტეტი მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა. მომდევნო წელს კი ომმა მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დააკარგვინა. მაშინ რუსეთი კვლავ „მტერი“ გახდა. იმ დროს როდესაც მოსკოვში ორსაუკუნოვან საერთო ისტორიაზე საუბრობენ, ქართველი ისტორიკოსები ამაში მხოლოდ რუსული ოკუპაციის ორსაუკუნოვან ისტორიას ხედავენ – ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან.

სტალინი გორში, ეს იგივეა, რაც ნაპოლეონი აიაჩოში

გორში, სტალინის მუზუმის შენარჩუნება იმით აიხსნება, რომ „ის ტურისტებს იზიდავს“, – ამბობს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის უნივერსიტეტის ლექტორი და ერთ–ერთი ბოლოდრინდელი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. სტალინი გორში – ეს იგივეა, რაც ნაპოლეონი აიაჩოში. ამ  მუზეუმს, რომელიც დიქტატორის სიკვდილამდე მისი და საბჭოთა კავშირის ისტორიაზე მოგვითხრობს, მხოლოდ უცხოელი ტურისტები სტუმრობენ ხოლმე. „ჩვენი მოქალაქეებისთვის სტალინი შეიძლება ქართველია, მაგრამ პირველ რიგში ის მაინც რუსი დამპყრობელია“, – მიაჩნია ჯაბა სამუშიას. ისევე როგორც, 1953 წელს დახვრეტილი საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის უფროსი ბერია ან ორჯონიკიძე, რომელმაც 1937 წელს სიცოცხლე „თვითმკვლელობით“ დაასრულა.          

იმავდროულად, 2006 წელს სწრაფად შექმნილი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელსაც პრეზიდენტის ფონდი აფინანსებს, სკოლის მოსწავლეების და მათი ისტორიის მასწავლებლების ჯგუფებს მასპინძლობს. ეროვნულ მუზეუმში განთავსებული მისი საექსპოზიციო დარბაზების მიზანი იმის შეხსენებაა, რომ 1917 წელს ნოე ჟირდანიას თავმჯდომარეობით ჩამოყალიბებული ქართული საბჭო რუსეთს 1918 წელს გამოეყო და რომ ეს ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობა სამ წელიწადში საბჭოთა ჯარმა ფეხქვეშ გათელა. იმავდროულად, სიტყვა არ არის ნათქვამი იმ დროს მსოფლიოს ზესახელმწიფოებს შორის გაჩაღებულ ბრძოლაზე: 1917 წლის  ბრესტის ცალმხრივი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რეგიონი გერმანელების და თურქების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, მაშინ როდესაც აქ საკუთარი პროტექტორატის შექმნას ცდილობდნენ ფრანგები და ბრიტანელები.

ენა, ანბანი, ფოლკლორი     

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გიდი აუცილებლად აჩვენებს დამთვალიერებლებს ყველაზე შოკისმომგვრელ ექსპონატებს: 1921 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ იუნკერებს და ტყვიებით დაცხრილულ ხის ვაგონს, სადაც „წითლების“ მიერ დაკავებული ტყვეები დაიღუპნენ. საბჭოთა ტერორი ყველასთვის თანაბრად შემაშინებელია. ამ ტერორის შეეწირა ასევე პრეზიდენტის ოჯახის წევრიც, „მეფის რუსეთი იყო ეს, თუ კომუნისტები, რუსეთმა ჩვენი დიდგვაროვნები მთლიანად გაანადგურა“, – ამბობს გიდი.

ეს განცხადება, პრინციპში, ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთელი ქართული დიდგვაროვნები რუსეთის იმპერიის მხარეს იდგნენ და რუსიფიცირებულები იყვნენ. „მათ მშობლიურ ენაზე საუბრის ერთმანეთშიც კი რცხვენოდათ“, – აღიარებს გოჩა საითიძე ხელნაწერების ინსტიტუტიდან.

1918 წლის დამოუკიდებელი საქართველო თანამედროვე საქართველოს იდეოლოგიისთვის ფუძემდებლურ მითად იქცა.  ამ ეფემერულობის მიუხედავად, მან მემკვიდრეობით მთელი რიგი რეფორმები დატოვა: ქართული ენა სახელმწიფო ენად დააკანონა და გლეხებს მიწები გადასცა. დღევანდელი ისოტრიოგრაფია მასში ევროპასთან გაერთიანების მცდელობას ხედავს, რომელსაც საქართველო ხელოვნურად ჩამოაშორა ორმა იმპერიამ: ოსმანთა იმპერიამ, რომელმაც ბიზანტიის მიწებზე გამავალი აბრეშუმის გზა გადაკეტა, და რუსულმა, რომელმაც საბოლოო ჯამში ის მთლიანდ გადაყლაპა. უკრაინელებისა და ბელორუსებისგან განსხვავებით, ქართველები აშკარად გრძნობენ საკუთარ განსხვავებულობას. ენა, ანბანი, ფოლკლორი, ტრადიციები – მართლმადიდებლური აღმსარებლობის გარდა, რუსებს ისინი არაფრით არ გვანან.

„ამ ათეისტურ საბჭოთა ქვეყანაში ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ რელიგიით ჩვენ ძმები ვართ, რომ რუსეთმა საქართველო თურქებისგან და სპარსელებისგან იხსნა. დღეს ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რომ მან უბრალოდ ჩვენი ანექსია მოახდინა“, – იხსენებს ისტორიის პედაგოგი დავით მერკვილაძე. უკრაინელებისა და ბალტიისპირელებისგან განსხვავებით ქართველებს არ აქვთ საფუძველი რცხვენოდეთ მათი ქვეყნის ქმედებების გამო მეორე მსოფლიო ომში. ნაცისტებმა მათი ოკუპაცია ვერ შეძლეს, შესაბამისად იქ კოლაბორაციონისტებიც არ ყოფილან, ყოველ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით. 1918–21 წლების ქართველმა მაღალჩინოსანმა შალვა მაღლაკელიძემ თავი გერმანიას შეაფარა, სადაც მსახურობდა და პოლკოვნიკის რანგსაც მიაღწია. ის დაკავებული იყო ჯარისკაცების გადმობირებით ვერმახტის არმიაში ქართული ეროვნების საბჭოთა ტყვეებიდან. ქართველები СС–ის დანაყოფებშიც მსახურობდნენ, ასევე მონაწილეობდნენ ბრძოლებში 1944 წელს ნორმანდიაში დესანტის გადაყვანის შემდეგ.

1954 წელს მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიში საბჭოთა აგენტებმა მოიტაცეს, თუმცა „გულაგში“ ის მაინც არ მოხვდა. მას თბილისში შიდა პატიმრობა მიუსაჯეს და იქ 1976 წელს გარდაიცვალა. თუმცა, მის მიერ 5–6 ათას გადაბირებულ ჯარისკაცს ბანაკებში მძიმე ხვედრი ელოდა.

“ბიზანტიურმა მემკვიდრეობამ ევროპას დაგვაშორა”       

„ვფიქრობ, ისინი იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად უნდა დაიკრძალონ, რომლებიც წითელი არმიისთვის იბრძოდნენ. ერთნიც და მეორენიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ საკუთარ ქვეყანას იცავდნენ“, – ამბობს ჯაბა სამუშია. „რაც უფრო დაძაბული ხდება რუსეთთან ურთიერთობები, ქართველები მით უფრო მძაფრად გრძნობენ საბჭოთა წარსულისგან გამიჯვნის მოთხოვნილებას“, – მიაჩნია პოლიტოლოგ თორნიკე გორდაძეს. „ადრე ადამიანები ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენი კომუნისტები მოსკოველი კომუნისტებისგან განსხვავდებიან“. თუმცა, საბჭოთა დროშიც, განსაკუთრებით ბრეჟნევის ეპოქაში ქართველები მაინც ახერხებდნენ იმის მიღწევას რაც სურდათ, კორუფციის და ნათესაური კავშირების გამო. დღეს კი ისინი  კავკასიელი ხალხებიდან ევროპისკენ ყველაზე მეტად მიისწრაფვიან. „ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ბიზანტიურმა მემკვიდრეობამ ჩვენ ევროპის გზას აგვაცდინა და რომ მართლმადიდებლობამ ავტორიტარული ხელისუფლების მოდელი შექმნა“, – ხაზგასმით აღნიშნავს პოლიტოლოგი.   

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა, შეისწავლეს რა საქართველო რუსეთთან ათწლეულების ერთობლივი ისტორიის ფარგლებში, შემდეგ კი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დღეს ქვეყანას საერთაშორისო კონტექსტში აქცევენ. „ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხალხს ფაქტები მივაწოდოთ“, – გვიხსნის ისტორიის პედაგოგი დავით მერკვილაძე, რომელიც ახლა სწორედ სკოლის სახელმძღვანელოზე მუშაობს. „წარსული აწმყოს არ თრგუნავს. ის არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იძლევა. ქართველები და თურქები დიდი ხნის განმავლობაში მტრები იყვნენ. დღეს ისინი თანამშრომლობენ. რუსებსაც შეეძლოთ ანალოგიურად მოპყრობოდნენ ქართველებს, თუკი, რა თქმა უნდა მოსკოვი შეძლებდა საკუთარ იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას“.