საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 10.10.2010

მაშინ, როცა ჩინეთი მომავალი ათწლეულების მთავარ ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გვევლინება, აშშ კი სულ უფრო წყნარი ოკეანისკენ იყურება, რაღა დარჩა ატლანტიზმის არსიდან?

ატლანტიკის ოკეანე, ჩვენი წინაპრების ცხარე კამათისა და კონფლიქტების საგანს რომ წარმოადგენდა, დღეს უკვე მოძველებულ პოლიტიკურ კონცეფტად იქცა?

დიახაც, პოლიტიკური კონცეპტი! უფრო მეტადაც ვიდრე გეოგრაფიული ცნება. მას შემდეგ, რაც ევროპული აზრი ცენტრს გასცდა და შორს გაიშალა, (რაც ახალი სამყაროს აღმოჩენითაც იყო განპირობებული) ანუ 5 საუკუნეა, ჩვენი დარდი და ოცნება ატლანტიკის ოკეანეში აირეკლება. ნუთუ მარე ნოსტრუმს (ხმელთაშუა ზღვის ლათინური დასახელება, რომელიც ჩვენს ზღვას ნიშნავს, აქ გამოყენებულია ატლანტიკის ოკეანის ალეგორიად გ.ჯ.), რომელმაც XX საუკუნე განსაზღვრა, XXI საუკუნეში  სათქმელი აღარაფერი დარჩა? საუკუნეში, რომელიც მისი დაღდამსმელი დრამით - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებით დაიწყო. ჰიბრისი (ამპარტავნება) თუ მორალის ძალა - ალბათ, ორივეს ნაზავი, ამერიკული ზეძლიერება ბებერი კონტინენტის სიბრძნესა თუ დაქანცულობას შეეჯახა. ამგვარად დაუპირისპირდა დასავლეთი საკუთარ თავს მსოფლიოს თვალწინ, ყველას სასეიროდ და მათი გულის გასახარად, ვისაც ევრო-ამერიკული ალიანსის მიერ ავად თუ კარგად განსახიერებული ლიბერალური დემოკრატიის მოდელი არად ეპიტნავებოდა. ბარაკ ობამამ, ამერიკის ოკეანეთა შორის «სი-წყნარის» არჩევანითა (Pრესიდენტ ოფ Pაციფიც) და ბერლინში, კედლის დაცემიდან 20 წლისთავის ზეიმზე არ წასვლით ტრანსატლანტიკური დიალოგი საზრუნავი საკითხების საკუთარი სიიდან ამოაგდო.

მეორე ნაპირზე კი სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და მოაზროვნე გამოთქვამს სურვილს, ევროპა ექსკლუზიურად კონტინენტური დარჩეს იბერიის ნახევარკუნძულიდან ურალამდე. განთავისუფლდეს ამერიკული გავლენისგან უცნაურად მიიჩნევენ რა, რომ პარიზი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად მოსკოვთან უფრო ახლოსაა ვიდრე ნიუ იორკთან.

ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ მულტიპოლარული სამყარო, რომელშიც ჩინეთსა და ინდოეთს ფრიად ანგარიშგასაწევი ადგილი უკავიათ, ხვალინდელი პერსპექტივა კი არა, არამედ დღევანდელი რეალობაა, თუ უკვე  გუშინდელი არა. კოპენჰაგენისა და ლონდონის დიდი ოცეულის სამიტებმაც ნათლად წარმოაჩინა ეს რეალობა. ერთი შეხედვით ყველაფერი ატლანტიზმის, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგის მთავარი ღერძის დასარულზე მიანიშნებს.

ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს ღერძი თავის სათქმელს მომავალშიც იტყვის და რომ ამდენი უთანხმოებიდან, კინკლაობიდან, იმედგაცრუებებიდან და ბოლო წლებში ზედიზედ მიყოლებული მარცხებიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა და მათი კარგ გაკვეთილებად გამოყენებაა საჭირო.

ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერების პრაქტიკული გაქანება ევროპელთა მხარდაჭერის უქონლობის გამო შენელდა. ეს კი პირობაა (შეიძლება არასაკმარისი), ურომლისოდაც გაჭირდება მისი საგარეო პოლიტიკის პლანეტის დანარჩენ ნაწილებში განვრცობა. ამას გარდა, ევროპელებიც უკვე აცნობიერებენ, ხშირად უხეიროდ განმარტებული «სოფტ პოწერ »-ს საზღვრებსა და სრულფასოვან პოლიტიკურ აქტორად გარდაქმნის იმპერატიულ აუცილებლობას, იმ სამყაროში რომელსაც ფრენსის ფუკუიამას მიერ გამოცხადებული «ისტორიის დასასრული» არ განუცდია. ამ ჰობსისეულ სამყაროში კი, ატლანტიზმის ფუძემდებლური პრინციპები: ინდივიდუალურ თავისუფლებათა პატივისცემა, კაპიტალის, ადამიანებისა და აზრების თავისუფალი გადაადგილება, გააზრებულ კოსმოპოლიტიზმში ეთნიკურ და კულტურულ ფესვებზე მაღლა დადგომა, სამართლებრივი სახელმწიფო, მეცნიერული და ინტელექტუალური ინოვაციების დაფასება – ჯერ კიდევ ცოცხლობს. პირიქითაც კი, ისინი ქმნიან გლობალიზაციის საფუძველს და მას არეგულირებენ. ევროპული აზრისთვის ეგრერიგ დამაფიქრებელი ფესვებს მოწყვეტა თანამედროვე ეპოქიდან მოყოლებული ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია და იგი რამდენადაც გვაშინებს იმდენადვე უნდა გვამხნევებდეს. ოღონდ, თუ შევძლებთ ისტორია ეპოპეად აღვიქვათ, უარი ვთქვათ ნოსტალგიით სიამოვნებაზე, ბოღმასა და პესიმიზმზე, რომელიც პარალიზებას იწვევს. და კიდევ იმ პირობით, თუ ატლანტიკურ სივრცეს ნატოს მიღმაც მოვიაზრებთ და მას არ წარმოვიდგენთ, როგორც დახურულ კლუბს. ზემოთაღნიშნული პრინციპების სულისჩამდგმელი სიო დგეს სხვა ქვეყნებში ქრის, იმ ერებში, რომლებიც გარე სამყაროზე იხსნებიან და თავისუფლებას უკვე განაღდებულ მონაპოვრად არ განიხილავენ. ამ მხრივ ორი თვალნათელი მაგალითი გვაქვს : უპირველესი კი ბრაზილიაა, რომლის ძლიერებასაც (დღევანდელი სახით) XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ველოდით. რამდენიმე ათწლეულში ამ ქვეყანამ მოახერხა შეექმნა საშუალო ფენა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტს მოიხმარს და სადაც მოსწავლე ბავშვთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, მეტია ხელმისაწვდომობა კერძო საკუთრებისა და ჯანმრთელობის სფეროში და ეს ყველაფერი აყვავების გზაზე მყოფი დემოკრატიის პირობებში ხდება. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ატლანტიკური ბრიჩ-ი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) კარგად წარმოაჩენს კულტურათა და ღირებულებათა გაერთიანებას ჩვენ ძველ დემოკრატიებთან კავშირში, რაც ატლანტიკის იდეის სამხრეთზე განვრცობით მას კიდევ უფრო აახალგაზრდავებს.

შემდეგი მაგალითია საქართველო. სულ რაღაც 7 წლის წინ ბანკროტის პირას მყოფი ქვეყანა დღეისათვის ჩვენი პლანეტის  ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიკური  რეფორმების ლაბორატორიად იქცა. ერთადერთი «გადარჩენილი» ქვეყანა მათ შორის, ვინც ფერადი რევოლუციების ტალღით 2000 იანი წლების დასაწყისში ცდილობდა 1989 წელს ინიცირებული ემანსიპაციის გაგრძელებას. დღევანდელ საქართველოს 30-40 წლის ახალგაზრდები მართავენ, რომელთა მიერ ატლანტისტული პრინციპების ერთგულება ევროპის ყურისძირში, მის კართან, გამაცოცხლებელი წყლის შადრევანივით ჩქეფს (ლა ფონტაინე დე ჟოუვენცე - ბიბლიური მითოლოგიიდან, წყალი, რომელიც რეგენერაციასთან, სიცოცხლის აღდგენასთანაა გაიგივებული გ.ჯ).

უნდა დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ, მოვიწონოთ ან გავაკრიტიკოთ, მაგრამ უთუოდ უნდა დავუგდოთ ყური ჩვენი დროის ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავგადასავლებს, ატლანტიზმის ახალ საზღვრებს. სწორედ იქ უნდა ვეძებოთ დასტური, რომ ჩვენი ღირებულებები დრომოჭმული არაა და რომ ჩვენი ბედისწერა მომავალში არც მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ გავხდეთ გრევენის დიდი მუზეუმი ან უზარმაზარი დისნეილენდი, სადაც გაუგონარი თანხების დასახარჯად ათიათასობით მილიონი ტურისტი ჩამოვა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან თუ კიდევ სხვა ქვეყნებიდან.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal