საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებული პერევიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანასთან დაკავშირებით

2010 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანა საჩხერის რაიონის ოკუპირებულ სოფელ პერევიდან. აღნიშნულ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად. თითოეული სოფლის დეოკუპაცია უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და, განსაკუთრებით, ამ სოფლების მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ სოფ. პერევიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ მიკროსკოპული ნაბიჯია იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს კიდევ ერთხელ გაახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთი აგრძელებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ჰყავს რამდენიმე სამხედრო ბაზა და ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ხოლო ასობით ათას დევნილს და იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა საშუალება ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ამასთან, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ძალების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის დაბლოკვას.

ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, ბოლომდე შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მოახდინოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი, საქართველო და აფხაზეთის, საქართველო სრული დეოკუპაცია.

თბილისი, 2010 წლის 18 ოქტომბერი

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal