საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 09.11.2010

 

ორ სომეხს გამდიდრებული ურანი სიგარეტის კოლოფით გადაჰქონდათ. ეს საქმე კიდევ ერთხელ მიუთითებს ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ხინჯებზე.

კავკასია. ერთი შეხედვით, ჰრანტ ოჰაიანი და სუმბატ ტონოიანი გარეგნულად სულაც არ გავდნენ საშიშ, ბურთვულ ტრაფიკიორებს. თუმცა, მრგვალი პირსახის ორი ღიპიანი სომეხი, ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა ელიტარულმა სპეცრაზმმა სწორედ ამ მძიმე ბრალდებით დააკავა 11 მარტს, თბილისში, სასტუმროს ნომერში. ბრიტანული გაზეთის “გარდიანის” ცნობით, ორივე დაკავებულს უკვე უღიარებია კიდეც დანაშაული სასამრთლო პროცესზე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს საქართველოს დედაქალაქში.

 

გრამი 50 000 დოლარი

59 წლის ბირთვული ფიზიკის სპეციალისტმა და 63 წლის ბიზნესმენმა აღიარეს, რომ უცნაური და საშიში ნივთიერება დაჰქონდათ. დიახ, წინაღამეს დაჯდნენ სომხეთის დედაქალაქ ერევანში მატარებელზე და მეზობელ საქართველოს მიაშურეს. იტყოდით, ორი უწყინარი ვაჭარი მგზავრობსო, რომ არა ერთი დეტალი: სიგარეტის მომცრო კოლოფში, ტყვიის ქაღალდში გამოხვეული მომწვანო ფერის ფხვნილი. ეს ფხვნილი კი, არც მეტი არც ნაკლები, 18 გრამი მაღალგამდიდრებული (89,4%) ურანი აღმოჩდა, ანუ სამხედრო თვალსაზრისით სრლიად საკმარისი ბირთვული ქობინის დასამზადებლად, რომელიც ქართველ მებაჟეებს მარტივად გამოეპარათ.

მაინც, ვისთვის იყო განკუთვნილი ეს ძვირფასი საქონელი? ვინმე მუსულმანისთვის, რომელიც ამბობდა, რომ « სერიოზულ ხალხთან მუშაობდა ». სინამდვილეში კი ის ქართველი პოლიციელი იყო, ბირთვული ნივთიერებებით მოვაჭრეებში შეპარული ანტიტერორისტული დანაყოფის წევრი. როგორც კი ამის დრო დადგა, პოტენციურ მყიდველად გაასაღა თავი, გრამ ურანში 50 000 დოლარის გადახდას დაპირდა და არიფი ვაჭრები შწატ –ის (სპეცრაზმი) დახმარებით იმ დროს ჩაიგდო ხელში, როცა მათ ხელი ჩანთაში ჰქონდათ ჩაყოფილი. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მესამედ მოხდა მაღალგამდიდრებული ურანით ვაჭრობის საქმეზე დაკავება. რაც ნათლად მიუთითებს ყოფილი სსრკ-ს საზღვრების დაუცველობაზე. არადა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ასობით სხვადასხვა ადგილას თურმე დაახლოებით 700 ტონა მაღალგამდიდრებული ურანი (მგუ) ინახება. ამ საქმეში, ოჰანიანი და ტონოიანი, ცხადია მოყვარულები ჩანან, მაგრამ მაღალგამდიდრებული ურანის ეს მცირე რაოდენობა ვინმე ძალიან სერიოზული რუსისგან და გაცილებით საშიში გარიკ დადაიანის ხელიდან მიუღიათ. ეს უკანასკნელი საქართველოში 2003 წელს იგივე საბაბით უკვე იყო დაკავებული და ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. “თქვენ ჯერ ეს 18 გრამი გაყიდეთდა მერე გაცილებით დიდ პარტიას მოგაწვდითო” - დაპირებია მათ ინტრიგანი დადაიანი. მოსკოვთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (რომლის შტაბ-ბინა ვენაშია) თანამშრომლობით დადგინდა ურანის წარმოშობის ადგილიც: ციმბირი, ნოვოსიბირსკის ატომური სადგური. აწ უკვე სადღაც გაუჩინარებული დადაიანი თავს იწონებდა ამ სადგურში დაცული მგუ-ს დიდ ოდენობებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობით.

ორი სომეხის დაკავების ამბავმა ცივი წყალი გადაასხა ვაშინგტონს. აშშ უკვე 20 წელია მილიარდობით დოლლარს ხარჯავს რათა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე დაცული ბირთვული ნივთიერებები “ბოროტმოქმედთა ხელში “არ აღმოჩდეს.  განსაკუთრებით კი საშიში და ამოუცნობი ალ-ქაიდას ხელში, რომელიც თურმე ცდილობს ატომური ბომბი შექმნას.

2009 წლის იანვარში, ბარაკ ობამამ, პრეზიდენტად არჩევისთანავე ბირთვული გაუვრცელებლობა თავისი მანდატის უპირველეს პრიორიტეტად გამოაცხადა. იმავე წლის აპრილში ვაშინგტონის სამიტზე, მან 50 სახელმწიფოს მეთაური შემოიერთა პლანეტის ბირთვული არსენალის უსაფრთხოების საკითხში.

ამ კეთილშობილ რეზოლუციას ყავლი გაუვიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯავშანტექნიკით საქართველოს დაპყრობამ კავკასიის საზღვრების უსაფრთხოების მცდელობა გააცამტვერა. არადა, ბირთვული ნივთიერების ტრაფიკის თვალსაზრისით ეს საზღვრები ისედაც მგრძნობიარედ ითვლებოდა. ვაშინგონში შემუშავებული « თადაცვის მეორე ხაზის » (შეცონდ ლინე ოფ დეფენცე) სახელით წოდებული პროგრამის ფარგლებში, აშშ-მ 50 მილიონ დოლარამდე გაიღო საქართველოში ბირთვული ნივთიერებებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დასაფინანსებლად, მოამზადა 300 მებაჟე, მესაზღვრე პოლიციელი, შესაბამისად აღჭურვა 14 სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ორი პორტი და სამი აეროპორტი.

2008 წლის ზაფხულის შემდეგ, ერთადერთი კითხვა არ ასვენებს ამერიკის ხელისუფლებას : კვლავაც არის თუ არა საქართველოს საზღვრები დაცული ? 11 მარტის ოპერაციამ საბოლოოდ ყველა დაარწმუნა : კავკასიაში ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში ყველაფერი გადასახედია.