საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2011 წლის 4 მარტს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, რიგით მე-15 რაუნდთან დაკავშირებით

 

2011 წლის 4 მარტს დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების მე-15 რაუნდი.  

მე-15 რაუნდის ფარგლებში შედგება ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეები ინდივიდუალური ფორმით იქნებიან წარმოდგენილნი. მოლაპარაკებები გაიმართება გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თავმჯდომარეობით, მას დაესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატებიდან. მომავალ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს  სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან ერთად.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქართული მხარე  სამ ძირითად საკითხს წამოწევს.

პირველი, რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. რუსეთის საოკუპაციო ძალების, ასევე სოხუმისა და ცხინვალის  მარიონეტული რეჟიმების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას რუსეთმა უნდა უპასუხოს მსგავსი ვალდებულების აღებით საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ამგვარი დაპირება, რომელიც აგრეთვე გამოხატულ იქნა პრეზიდენტის გაეროს, ეუთოსა და ნატოს გენერალური მდივნების, ასევე ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს და აშშ-ს პრეზიდენტებისადმი მიწერილ წერილებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად, წარმოადგენს ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას. ქართულ მხარეს სურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნოს, რომ რუსეთის განცხადებები, ერთის მხრივ, თბილისს,  და, მეორეს მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე მიზნად ისახავს მხოლოდ მარიონეტული რეჟიმების სამართლებრივ ლეგიტიმაციას და წარმოადგენს უსუსურ მცდელობას თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობაზე. საქართველოს მიერ ცალმხრივი ვალდებულების აღების შემდეგ, დადგა დრო რუსეთმაც აიღოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი დაამტკიცებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს და ის არ აპირებს ახალი აგრესიის განხორციელებას სუვერენული მეზობელი-ქვეყნის წინააღმდეგ.

მეორე საკითხი, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები დააყენებენ, არის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების აუცილებლობა. რუსეთის გადაწყვეტილების გამო გაეუქმებინა გაეროსა და ეუთოს მისიები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, და ხელოვნური დაბრკოლებების გამო, რომლის შედეგადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს ოკუპირებულ რეგიონებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ამ რეგიონებში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ნაკლებობს განიცდის. უსაფრთხოების ზომები, რაც საერთაშორისო მშვიდობისმყოფელებს და საპოლიციო ძალებს მოიცავს, დაასტაბილურებენ სიტუაციას ოკუპირებულ რეგიონებში, ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ სტაბილურობას უფრო ფართე რეგიონში და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო დაბრუნების პირობას შექმნის. ამ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს ხაზი გაუსვას, რომ თბილისი ყურადღებით ეკიდება ნიუ იორკში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვიღებთ საგანგაშო ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციას სურს გააუქმოს გაეროს ამჟამინდელი გუნდი დაფინანსების იმ მექანიზმის დაბლოკვით, რომელიც მისი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.  ქართული მხარე მზადაა ჩაერთოს დაილოგში რუსეთის ფედერაციასთან და გაეროსთან იმისათვის, რომ მოინახოს გაეროს ჟენევის მოლაპარაკებებში და  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში მონაწილეობის გაგრძელების გზები. დიდი დანაკლისი იქნება ჟენევის პროცესისთვის და ნდობის აღდგენის პროცესისთვის ზოგადად, თუ რუსეთი თავის მიზანს მიაღწევს და ამით კიდევ ერთხელ შეამცირებს საერთაშორისო ჩართულობას სამშვიდობო პროცესში.

მესამე საკითხი, რომელიც მაგიდაზე დაიდება და, რომელზეც ჯერ არანაირი პროგრესი არაა მიღწეული რუსეთის უხალისობის გამო ჩაერთოს ამ პროცესში, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება  თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. რუსეთი ბლოკავს დაბრუნების პროცესს სხვადასხვა მიზეზების გამო. ამჯერად, ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი გზას გაუხსნის პროცესს და საგნობრივი განხილვები გაიმართება დაბრუნების მოდალობებზე დისკრიმინაციის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყველა ნაწილში.

ჟენევის მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოსთხოვენ რუსულ მხარეს სრულ თანამშრომლობას საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული აფეთქებების სერიის გამოძიების საქმეში.  ყველა მნიშვნელოვანი მასალა რუსულ მხარეს მიეწოდა, როგორც თბილისში აკრედიტირებული შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, ასევე  2010 წლის დეკემბრის ჟენევის მეთოთხმეტე მოლაპარაკებების გვერდით შეხვედრებზე. თუმცა, ჯერ-ჯერობით რუსული მხრიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. საგანგაშოა, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი ხელს აფარებს გარკვეულ პირებს, რომლებიც ახლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებიან და, რომლებიც, როგორც ჩანს, ტერორისტული აქტების მთელი სერიის ორგანიზებაში არიან ჩართული.

ამ საკითხთან ერთად, საქართველოს მხარე თანა-თავმჯდომარეების ყურადღებას მიიპყრობს იმ მიუღებელ მტრულ განცხადებებზე, რომლებიც მოსკოვიდან გაჟღერდა ბოლო კვირების განმავლობაში. ზოგიერთმა რუსმა კანონმდებელმა წამოაყენა უსაფუძვლო, აბსურდული, მაგრამ საგანგაშო ბრალდებები თითქოს საქართველო დგას დომოდედოვოს ტრაგიკული ტერორისტული თავდასხმის უკან. ასეთი განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ახლანდელი რუსული რეჟიმი ამჟამად იმყოფება საქართველოსგან მტრის ხატის შექმნის პროცესში იმისათვის, რომ გაამართლოს თავისი უძლურება და წარუმატებლობა თავის საშინაო და საგარეო საქმეებში.

უფრო მეტიც, თბილისის დელეგაციის წარმომადგენლები შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ყურადღებას მიიპყრობენ ზოგიერთ შემაშინებელ ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2010 წლის დეკემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ. ასეთი ფაქტებია საკუთრების უფლების ის უხეში  დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორივე ოკუპირებულ რეგიონში და ეგრეთ წოდებული მოსახლების აღრიცხვის კამპანიის დაწყება, რომელიც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელდა, რაც აშკარა ლეგიტიმაციის მცდელობაა იმ შედეგებისა, რომელიც ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე მოსკოვმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა საზარელი დანაშაულებებისა და ეთნიკური წმენდის სახით განახორციელეს. საკუთრების უფლებები განხილული იქნება როგორც დღის წესრიგის ცალკე საკითხი მეორე სამუშაო ჯგუფში და თბილისის დელეგაციის წარმომადგენლები კატეგორიულად მოითხოვენ ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პოლიტიკაზე უარის თქმას.

მეორე საკითხი, რომელსაც კიდევ ერთხელ წამოწევს ქართული მხარე იქნება ყველა დაკავებული პირის გათავისუფლების აუცილებლობა, რომელიც ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ, როდესაც რაღაც პროგრესი მიღწეული იქნა ამ მიმართულებით ბოლო დროს, ზოგიერთი პირი კვლავ დაკავებულია და მათი გათავისუფლება სავალდებულოა.

მეთხუთმეტე რაუნდის განმავლობაში ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ოკუპირებულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტებთან დაკაშირებით და მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ უფრო აქტიურად იქნან ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონტროლის პროცესში.

 თბილისი, 2011 წლის 2 მარტი