საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 15.03.2011, იზაბელ ლასერი

ფრანგული საბრძოლო ხომალდის რუსეთისათვის მიყიდვის საქმე ფინანსური საბაბებით ფერხდება.

როცა სენ ნაზერში თავდაცვის მინისტრ ალენ ჟუპესა და რუსეთის ვიცე პრემიერსიგორ სეჩინს შორის 4 მისტრალის ტიპის გემის რუსეთისათვის აგების შეთანხმებას მოეწერა ხელი, პარიზს ეგონა, რომ ეგ იყო და წერტილი დაუსვა მთელ ისტორიად ქცეულ ამბავს, რომელიც ორი წელია ფრანგულ დიპლომატიას ყოფას უმწარებს. არადა, ამ ბოლო დროს საქმე ისე შემობრუნდა, რომ შესაძლოა ყველაფერი ყირაზე დადგეს. 

პრინციპში, საფრანგეთმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომერციული ხელშეკრულება უნდა სამშაბათს გადასცეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, ამ საქმისთვის  საგანგებოდ ჩამოდის პარიზში. ხელშეკრულებას საბოლოოდ, წესით 30 აპრილამდე უნდა მოეწეროს ხელი. თუმცა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. ორივე მხარე აღიარებს, რომ მოლაპარაკებები ფინანსური საკითხების შეუთანხმებლობის გამო იბლოკება. რუსეთი მზადაა ორივე გემისთვის 980 მილიონი გადაიხადოს, მაშინ, როცა საფრანგეთს სულ ცოტა 1,15 მილიარდის მიღებას ელოდა. თუმცაღა, ეს არ ყოფილა ერთადერთი სადავო საკითხი. რუსებს ასევე სურთ გემების აგების პროცედურების ორივე გემთსაშენს შორის გადანაწილებაშიც საკუთარ უპირატესობას მიაღწიონ.

ერთი სიტყვით, სამთავრობათშორისო ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ რუსების სურვილები დღითი დღე მატულობს. ტექნოლოგიების გადაცემის გარეშე შეკვეთაც აღარ იქნებაო, ესე პირდაპირ დასვეს საკითხი რუსებმა, მაშინ, როცა საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მხოლოდ «ცარიელ ნაჭუჭს» ყიდდა.

დღეს, საფრანგეთი ალბათ მზადაა რუსეთს, ეროვნული საზღვაო ფლოტის ბადახში - მისტრალი სრული აღჭურვილობით მიყიდოს. რაც შეეხება ნატოს კომპეტენციას, მოსკოვს ატლანტიკურ ალიანსთან მოუწევს გარკვევა, რაც სავარაუდოდ ამ ტრანსფერს შეუძლებელს გახდის. მაგრამ, მისტრალის აღჭურვილობათა შორის არის ისეთი ზემგრძნობიარე ტექნოლოგიები, რომელზეც მხოლოდ საფრანგეთის უფლებამოსილება ვრცელდება. ლე ფიგაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციების თანახმად, პარიზი უკვე დათანხმებულა გადასცეს საკომუნიკაციო და მართვის სისტემები, თავის კოდებიანად. არადა, მისტრალის ერთერთი ულტრათანამედროვე სინიკ 9 არის გაუმჯობესებული ვარიანტი სინიკ 8-სა, რომელიც გემ შარლ დე გოლს გააჩნია. სენ ნაზერის გემთსაშენი ობიექტის დირექტორმაც კი აღიარა, რომ არსებობს ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული «რისკები». «მაგრამ თუ ჩვენ უარს ვიტყვით, ამას სხვები მაინც გააკეთებენ»-ო.

როგორ მივედით ამ დონემდე ? ერთგვარი მანიპულაციით, რომელმაც სენ ნაზერის შეთანხმების ერთ მუხლში, ერთი სიტყვის ამოღებისა და მისი მეორე სიტყვის ჩანაცვლების საშუალება შექმნა. ანუ, ძირითადი ცვლილება ის გახლავთ, რომ სიტყვა «ხელისშეწყობა» საფრანგეთის მხრიდან ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით რუსულ ვარიანტში  სიტყვამ «უზრუნველჰყოფს» შეცვალა.

დიპლომატიური ტალღები

ბოლო წუთებში, ზედმწევნით ფარულად შეტანილმა, ამ მარჯვედ მოფიქრებულმა შესწორებამ, რომელსაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მოაწერა ხელი, გზა გაუხსნა და მადა აღუძრა რუსებს ახალი მოთხოვნების წამოსაყენებლად.

ტექნოლოგიების გადაცემის საკითხი არ არის ერთადერთი. მისტრალის საქმემ დიპლომატიური ტალღებიც წარმოქმნა. მისტრალის გაყიდვის გადწყვეტილება თავიდანვე გააკრიტიკეს რუსეთის მეობლებმა, განსაკუთრებით საქართველომ და ბალტიის ქვეყნებმა, რომლებსაც მისტრალის მათ წინააღმდეგ გამოყენების პერსპექტივა აშინებს. კრიტიკული იყო აშშ-ს დამოკიდებულებაც. ხოლო, მას შემდეგ, რაც რუსული არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა მაკაროვმა განაცხადა, რომ “ოთხიდან ორი გემი რუსეთს წყნარ ოკეანეში კურილიის კუნძულების უსაფრთხოების საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებოდა”, ეს საქმე აღიზიანებს იაპონიასაც, რომელიც სსრკ-ს მიერ 1945 წელს ანექსირებულ ამ კუნძულებიდან რამდენიმეს დღემდე მოითხოვს.

პარიზსა და მოსკოვს კიდევ რამდენიმე კვირა დარჩათ კომპრომისის მისაღწევად. მაგრამ პარიზში, ამდენმა დავიდარაბამ ამ შეთანხმების ყველაზე დიდ გულშემატკივრებსაც კი უკვე გუნება წაუხდინა. მიუხედვად იმისა, რომ ეს საქმე სხვა ეკონომიკურ ინტერესებს გააჩენს რუსეთის ბაზარზე, მათ მიაჩნიათ, რომ სამაგიეროდ გადასადელი ფასი ნამეტანი ძვირია.