საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 19/06/2011 იზაბელ ლასერი

26 წლის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძემ კავკასიის ამ ქვეყაში ძალოვან სტრუქტურებში კულტურული  რევოლუცია მოახდინა. მისი პოლიტიკური კარიერა კი მხოლოდ იწყება.

2009 წლის 9 აპრილს, როცა ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერმა მანიფესტანტებმა ალყაში მოაქციეს თბილისის სამინისტროები, პოლიციის ახალგაზრდა ხელმძღვანელი მხოლოდ 30 წლის იყო. ერთი შეხედვით შავგრძელთმიანი ლამაზი სახის და თხელი აღნაგობის ნაზი გოგონას მიღმა მაშინვე იგრძნობოდა ძლიერი და მტკიცე ნებისყოფა. მან მიმართა იმ პოლიციელთა ჯგუფს, რომელსაც შენობის დაცვა ევალებოდა და უთხრა: „შესაძლოა გაგინონ, ოჯახის წევრები და თქვენი პრეზიდენტი გაგილანძღონ მაგრამ ვინც პირველი აყვება პროვოკაციას ჩემთან ექნება საქმე“.

აი, ასე შეძლო  ეკა ზღულაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 26 წლის ასაკში დანიშნულმა, ერთი ციდა გოგომ პოლიციის მორჯულება და ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მოსახლეობის ამ კორპორაციისადმი  სიძულვილის, პატივისცემით ჩანაცვლება. მან კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში კულტურული რევოლუციის მოახდინა და როცა თავის თეთრ სამუშაო კაბინეტს ტოვებს, ხშირად ძალიან გვიან, სწორებაზე ჩამწკრივებულ თანამშრომლებსაც ეტყობათ ის მოკრძალება და მოწიწება, რომელსაც მათში იწვევს.

„მე არსაიდან მოვდივარ“, აცხადებს მისთვის ჩვეული თავმდაბლობით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მის მიერ მომზადებული „ ბატკნის ჩაქაფული“ თბილისში უბადლოდ მიაჩნია. ეკა 1978 წელს დაიბადა. ბავშვობის შესახებ საუბრისას 2 ძირითად მახასიათებელ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. დაწყებით კლასებში­ ცელქი გოგონა, რომელიც ხშირად იპარებოდა სკოლიდან. მოგვიანებით კი წუნდაუდებელი ყოფაქცევის პრინცესა.

ამ ერთობ მძიმე დროში, პოლიტიკური და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან რთული გასარჩევია. ამას იგი 1989 წელსაც ხვდებოდა, როდესაც თბილისი, ანტი–საბჭოურმა მანიფესტაციებმა მოიცვეს. 11 წლის იყო და თავისი ფანჯრიდან ადევნებდა თვალყურს რუსი სპეც–რაზმების მიერ მანიფესტანტი თანამემამულეების მასიურ ხოცვას. შემდეგ, საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სამოქალაქო ომში გაეხვია. სწორედ ამ პერიოდში ახერხებს დაფინანსების მოპოვებას და  ოკლაჰომას შტატში სასწავლებლად მიდის.

შუშის სახლი

ამერიკაში გატარებული ერთი წლის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. მისი მშობლები სამსახურიდან დაითხოვეს. 16 წლის ასაკში სწავლობს იურიდიულზე და თან მუშაობს, რათა მშობლები არჩინოს. საერთაშორისო ორგანიზაციებში თავდაპირველად თარჯიმნად მუშაობს, შემდეგ კი თანამშრომლად აყავთ. თავისი შრომისმოყვარეობით ძალზე სწრაფად მიიწევს წინ.

2005 წელს სატელეფონო ზარით ამცნობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იბარებს. მას ეს ხუმრობა ჰგონია და ტელეფონს თიშავს. და ასე სამჯერ. ბოლოს, პოლიციელი მიადგა კარზე: „ვფიქრობდი, ნეტავ ესეთი რა დავაშავე...“ მინისტრი მას ულოცავს: „თქვენ ჩემი ახალი მოადგილე ხართ“!

26 წლის ასაკში, რეფორმების პროცესში მყოფ ქვეყანაში, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ჯარს ყავს ოკუპირებულ პოლიციას ჩაუდგე სათავეში, მარტივი ამოცანა არაა. „ჩემი თავი მას უთუოდ იმიტომ ურჩიეს, რომ კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას ადვილად ვართმევ თავს“ განაცხადა მან, თითქმის თავის მართლებით. იმაზე კი არაფერს ამბობს, რომ ნდობა და პატივისცემა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როცა ახალგაზრდა ადვოკატმა მოსამართლეს პირში უძრახა ქრთამის აღების სურვილი.

„ამ დღიდან მოყოლებული საქმიდან თავი არ ამიწევია“–ამბობს ეკა. დილის ოთხ საათზე მიირთმევს ცომეულს, შუაღამის ზარებსაც პასუხობს, ხან ერთ ომს აკვირდება, ხან მეორეს, შიფრავს და ანეიტრალებს დაგეგმილ ტერაქტებს, მათ შორის თბილისის ცენტრში, და  ოპოზიციის მანიფესტაციებსაც არეგულირებს.

მინისტრის მიერ „დათვებით სავსე ორმოში“ მარტოდ  მიშვებული, ეკას სუსტ მხრებზე გადაიარა პოლიციის რეფორმამაც, რომელიც თავისუფალი საქართველოს ერთ–ერთ უდიდეს წარმატებად ითვლება. საქართველოს „განსაბჭოურობის“ მიზნით, მან თანამდებობიდან დაითხოვა 20 000 პოლიციელი და მათი ადგილი ახალგაზრდა, მოტივირებულ და დასავლურ განათლება–კვალიფიკაციას ნაზიარებ მოხალისეთ დაუთმო. 2005 წლიდან პოლიციის საშტატო შემადგენლობა 85 000–დან 23 000–მდე შემცირდა. ყოფილი „კგბ“, საიდუმლო სამსახური და პოლიცია ერთი სამინისტროს ქვეშ გაერთიანდა, სრულიად გამჭვირვალე შენობაში, როგორიც უნდა იყოს რეფორმა.„ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ კანონი და სამართლიანობა ურთიერთთავსებადი ცნებებია, მაშინ როდესაც საბჭოთა ეპოქაში სამართლიანობა მხოლოდ ელიტისთვის არსებობდა, კანონი კი ყოველთვის რეპრესიული იყო“ გვიხსნის ეკა.

ეკა ზღულაძის უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ყველაზე რთული კი, ქართულ საზოგადოებაში „მენტალიტეტის რევოლუცია“, და არსებული სტერეოტიპებისა და მცდარი შეხედულებების დამსხვრევა იყო. მისმა სამინისტრომ  ორგანიზებულ დანაშაულსაც შეუტია და იმ მაფიურ დაჯგუფებებსაც, რომლებსაც ერთ დროს დიდი გავლენა ჰქონდათ და რომანტიული გმირების ავტორიტეტებითაც სარგებლობდნენ. კორუფცია და მაფიური დაჯგუფებები კი შეუთავსებელი იყო პროევროპელი ეკასთვი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავალს სულ სხვაგვარად, ევროპულად წარმოიდგენდა. 2008 წლის საქართველო–რუსეთს შორის გაჩაღებულმა ომმა მას ახალი პოლიტიკური წონა შემატა. რუსული ტანკები თბლისს მოადგნენ, მაგრამ ეკამ გადაწყვიტა, რომ დედაქალაქის ცხოვრებას ეს არ უნდა დასტყობოდა. პოლიციელები კვლავინდებურად აკონტროლებდნენ ვითარებას, აჯარიმებდნენ დამრღვევ მძღოლებს. სიფრიფანა ეკა ტელევიზიით ყოველდღე ჩდებოდა და ხალხს ამშვიდებდა.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მას არაერთგზის შესთავაზა სხვა სამინისტრო ჩაებარებინა, მან თავის ადგილზე დარჩენა ამჯობინა „პოლიციაში ჯერ კიდევ ბევრიაო“. ბევრი იმასაც აღნიშნავს, გამომდინარე მისი მზარდი პოპულარობისა, რომ მის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალურად მიიჩნევს, რადგან ამჟამინდელ პრეზიდენტს მესამე მანდატით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. თუმცა ახლობლები, ამას  ეკას თავმდაბლობიდან გამომდინარე გამორიცხავენ.