საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის საფრანგეთში ვიზიტი (16-21 ივნისი 2011)

 

 

ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან დემიან ლორასთან. შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ ფრანგულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.ვიცე პრემიერ-მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით  მოგვარების მნიშვნელობაზე და  ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მიერ არსებული ობიექტური რეალობის ადეკვატური შეფასება, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარება. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის ორგანიზების მცდელობებზე, მათ შორის აფეთქებების განხორციელების გზით, რაზეც საჭიროა შესაბამისი რეაგირება. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, როგორც რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი მექანიზმის შენარჩუნებისა და გაძლიერების მნიშვნელობა.გიორგი ბარამიძემ ხაზგასმით გამოხატა საქართველოს ურყევი ნება, გაგრძელდეს ქვეყანაში წარმატებული დემოკრატიული რეფორმები. მხარეებმა, აგრეთვე განიხილეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მიმართულებით საფრანგეთ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების  მხარდაჭერის მნიშვნელობა. დემიან ლორასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერასთან დაკავშირებით.ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ მინისტრი საფრანგეთის წამყვანი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც იმსჯელეს  საქართველოში წარმატებით მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. გიორგი ბარამიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს საერთაშორისო არენაზე დისკრედიტაციას და უმნიშვნელოვანესია გაგრძელდეს თანამშრომლობა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსა და მის გარშემო არსებული ვითარების შესახებ მაქსიმალურად ობიექტური და სრული ინფორმაცია მიეწოდოთ, ამ მიზნით გიორგი ბარამიძემ შეხვედრაზე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.