საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ''საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ევროპარლამენტის რეკომენდაციები ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მიმართ''

 

2011 წლის 17 ნოემბერს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ევროპარლამენტის რეკომენდაციები ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მიმართ".

საქართველოს საკითხზე მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია მოიცავს ქვეყნის მხარდამჭერ რიგ უმნიშვნელოვანეს გზავნილებს/რეკომენდაციებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპარლამენტის მოწოდება ევროკავშირისადმი, აღიაროს საქართველოს აფხაზეთის რეგიონისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების დარღვევას; რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდასა და დემოგრაფიული სურათის იძულებით ცვლილებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც იმყოფება ოკუპანტი ძალის ეფექტური კონტროლის ქვეშ და რომ სწორედ ეს ოკუპანტი ძალა არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საქართველოს ამ რეგიონებში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთის ფედერაციასთან, რათა უზრუნველყოს ამ უკანასკნელის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულების უპირობოდ შესრულება, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს აფხაზეთის რეგიონისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება (რეზოლუციის ტექსტში: "reverse its recognition of the separation"), შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას.

ევროპარლამენტი მიესალმება რა საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე" კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის არგამოყენების შესახებ, მოუწოდებს რუსეთს, აიღოს საპასუხო ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რეზოლუციაში ასახული ევროკავშირის პოზიცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის არჩევანის შესახებ. კერძოდ, რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს უფლებას გაერთიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ალიანსში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, და ცალსახად აცხადებს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება მეორე ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გაერთიანდეს ასეთ ორგანიზაციებში, და არ აქვს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დესტაბილიზაციის უფლება.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. რეზოლუცია ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მოუწოდებს ევროკავშირს აღიაროს ისინი, მათ შორის ის მისწრაფებები, რომლებიც ეფუძნება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის დებულებებს. ევროპარლამენტის რეკომენდაციით, ევროკავშირის ურთიერთობები და მოლაპარაკებები საქართველოსთან უნდა ემყარებოდეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რაც მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს რეფორმების განხორციელებისათვის. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ევროპარლამენტი რეკომენდაციას უწევს ევროკავშირს რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირთან, როგორც მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან; საქართველო-ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების განხორციელების შეფასების საფუძველზე, განიხილოს საქართველოსთან სავიზო დიალოგის დაწყების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის დადებითი შეფასება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოს რეფორმის კუთხით, ასევე, ეკონომიკის დარგში გატარებული რეფორმების პროცესში. ამასთანავე, აღსანიშნავია ევროპარლამენტის განსაკუთრებული დადებითი რეაქცია საქართველოში დანაშაულის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, რაზედაც საქართველომ ევროპარლამენტის მილოცვაც დაიმსახურა (რეზოლუციის ტექსტში: „congratulate Georgia on reducing overall and especially serious crime rates in the country").

აღნიშნული რეზოლუციის მიღებას საქათველოსთვის უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია, ვინაიდან მასში ასახულია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და ევროპარლამენტის მძლავრი მხარდაჭერა ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით.

ამასთანავე, საგულისხმოა საკუთრივ ევროპარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი ევროკავშირის შესახებ ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, რის საფუძველზეც ევროპარლამენტის ფუნქციები და კომპეტენციები საგრძნობლად გაიზარდა ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

2011 წლის 17 ნოემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+TA+20111117+TOC+DOC+XML+V0//EN&language=EN