საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ორმაგი მოქალქეობის მქონე პირთათვის

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით 2013 წლის აპრილიდან განსაკუთრებული აქტივობით ხორციელება მონაცემთა ბაზის ანალიზი.

                აღნიშნული ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში რეგისტრირებული 30 000 ისეთი ადამიანი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად შეიძინეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც და ამის შესახებ არ უცნობებიათ საქართველოს სახელმწიფოსათვის.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეს გარემოება მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, გარდა პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებისა.

საქართველოს სახელმწიფოს მიზანია, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეები და დაიცვას მათი ინტერესები.

ამ მიზნით სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური წერილით მიმართა ყველა ზემოხსენებულ პირს, განურჩევლად თანამდებობის, სტატუსის თუ რეგისტრაციის ადგილისა, და აცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობენ.

იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს ამ მოქალაქეებს, ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით, რათა კანონით დადგენილი წესით მოხდეს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების დაწყება. კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტო შეისწავლის განაცხადს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის კუთხით, დასკვნას გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს, ამავე დროს ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წარდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია, ორი ფოტო სურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა.

პირებს, რომლებიც საზღვარგარეთი იმყოფებიან, შეუძლიათ, შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე www.house.gov.ge ან დაუკავშირდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 405 405.