საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველ ჯარისკაცთა ხსოვნისადმი მიძღვინილი ცერემონიალი ქ.პერიგოში

10 დეკემბერს დორდონის რეგიონის, ქალაქ პერიგოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმე ტოტოსაშვილი დაესწრნენ იმ ქართველ ჯარისკაცთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალს, რომლებიც იძულებით იყვნენ გაერთიანებულნი N° 799 ქართულ ბატალიონში და, რომლებმაც ვერმახტი მიატოვეს, რათა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეერთდებოდნენ.

1943 წლის 10 დეკემბერს ისინი დახვრიტეს რამპინსოლში, ნოტრ დამ დე სანილიაკის მახლობლად. ესენი იყვნენ ივანე აბრამიძე, სულიკო აბულაძე, იოსებ ალხანიშვილი, გრიგოლ ჯიქია, ეფრემ ებრალიძე, ნიკო მარგებაძე, არჩილ მირიანაშვილი, აბელ პეტრიაშვილი, ივანე ჩხენკელი.

ქართველ ჯარისკაცთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი, რომელზეც გახსნეს განახლებული მემორიალური სტელა, ქ. პერიგოს მერიისა და დორდონის რეგიონის ვეტერანთა ეროვნული ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ პერიგოს მერი, მიშელ მოირანდი, დორდონის პრეფექტი ჟაკ ბიანი, დორდონის ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტი, დორდონის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო ცოცხალი წევრები, ვეტერანთა ასოციაციის წევრები, მერიისა და პრეფექტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, ერთერთი დაღუპული ოფიცრის იოსებ ალხანიშვილის შთამომავლები, ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენელები.

ცერემონია, რომელიც „უმაღლესი პატივის“ პროტოკოლით ჩატარდა, დაიწყო ქართული და ფრანგული ეროვნული ჰიმნების შესრულებით და ორივე ქვეყნის დროშა იქნა აღმართული. ქალაქის მერმა, რეგიონის პრეფექტმა, საქართველოს დესპანმა, ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტმა და დაღუპული ქართველი ჯარისკაცების იქ მყოფმა შთამომავლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალური სტელა.

სიტყვით გამოვიდნენ ბატონი ქალაქის მერი, ბატონი პრეფექტი და ვეტერანთ ასოციაციის პრეზიდენტი, რომლებმაც გამოხატეს უდიდესი მადლიერება დაღუპული ქართველების მიმართ, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან შორს საფრანგეთში ებრძოდნენ ძალადობას და თავი გასწირეს თავისუფლებისთვის.

საპასუხო სიტყვაში საქართველოს დესპანმა და დაღუპული ოფიცრის შთამომავლებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფრანგ ხალხს ქართველ მებრძოლთა საფლავების შენარჩუნებისა და იმ ყურადღებისათვის, რაც მათ გამოიჩინეს მემორიალური სტელის განახლებისთვის.

საზეიმო ცერემონიალი დასრულდა ქალაქის მერიაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღებით. მათი ხსოვნის სადღეგრძელო ქართული ღვინით შეისვა.