საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კიევში განვითარებული მოვლენებისას მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს. საქართველო პატივს სცემს თითოეული ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს როგორც უკრაინის მთავრობას, ასევე აქციის მონაწილეებს,  თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და იმედოვნებს, რომ უკრაინა, რომელიც საქართველოს ტრადიციულად მეგობარი ქვეყანაა და რომელთანაც ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში, წარმატებულად ვთანამშრომლობთ, შეძლებს დიალოგის გზით სიტუაციის განმუხტვას, ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. გულწრფელად გვსურს, მომავალშიც, უკრაინა, საქართველოსთან ერთად, ვიხილოთ როგორც საერთოევროპული ფასეულობების გამზიარებელი ქვეყანა დიდ ევროპულ ოჯახში.

 

თბილისი, 2014 წლის 22 იანვარი