საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde - საქართველოს ევროპული არჩევანი

მსოფლიოს წამყვანი გაზეთების პირველი ფურცლებიდან, უკრაინის ქუჩებით დამთავრებული, ცხარე კამათი მიმდინარეობის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი და ევროკავშირის ნაწილი. ჩემს ქვეყანას აქვს მტკიცე და ძლიერი ევროპელობის განცდა. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირისგან გავთავისუფლდით, დავიწყეთ ჩვენი ნამდვილი ევროპული იდენტობის სრულად დაბრუნება. გასულ ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში, სადაც მოხდა ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირება, ქართველებმა დაადასტურეს, რომ არარსებობს დავა ევროკავშირის ღირებულების შესახებ. ევროკავშირი წარმოადგენს ევროპას როგორც მთლიანს, თავისუფალს და მშვიდობიანს. საქართველო ირჩევს და იზიარებს ამ მისწრაფებებს. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ქვეყანა, სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ყველაზე უმთავრესია. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ცხოვრება მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოკუპაციას განაგრძობს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე ისეთი ეკონომიკის ასაშენებლად, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.ყველა ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს, რათა საკუთარი საგარეო პოლიტიკა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე აწარმოოს. საქართველოსთვის ნათელია, რომ არარსებობს სხვა ალტერნატივა გარდა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა. ასევე ვაღიარებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ერთადერთი კურსია, რომელიც მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში - ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ ქართველთა 85% მხარს უჭერს მთავრობის მიზანს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ქართულ საზოგადოებაში, რომ რუსეთი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მიერ ევროპისკენ სწრაფვას. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ეს განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, რომელსაც ოფიციალურად აგვისტოში მოვაწერთ ხელს, საერთოდ არ ზღუდავს თანამშრომლობის პერსპექტივებს რუსეთთან ან სხვა რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან. თუკი რუსეთი მაინც გადადგამს ნაბიჯებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ, ეს თავად მოსკოვისთვის იქნება დამღუპველი, რადგან ეს ხელს შეუშლის ორმხრივ დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ ჩვენი ინიციატივით დაიწყო და მიზნად ისახავს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ხელშეწყობას. სულ მოკლე დროში, მომავალი ოლიმპიური თამაშები შეამოწმებს ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებას. მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რაც კეთილი ნების გამოხატულებაა და ოლიმპიური პრინციპების მხარდაჭერა. ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს ეთანამშრომლათ ჩვენთან ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. თავის მხრივ, საქართველო იძენს დამატებით ვალდებულებას უზრუნველყოს ქმედებები დამრღვევების მიერ ჩვენი ტერიტორიის გამოყენების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას ასევე არ ექნება სიურპრიზები ჩვენთვის. როგორც სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპული განმანათლებლობის მოაზროვნეების მემკვიდრეობამ. მე დავინახე, თუ როგორ აძლიერებს თავის მოქალაქეებს ჭეშმარიტად თავისუფალი და ღია საზოგადოება, რათა მათ მიაღწიონ თავიანთ ჭეშმარიტ პოტენციალს. მე ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ჩემი ქვეყანაც მიაღწევდა ამ მიზანს. როგორც საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, მე ახლა მაქვს შანსი გადავაქციო ოცნება რეალობად. ჩემმა წინამორბედმა დაიწყო ყოვლისმომცველი რეფორმების ტალღა, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყველა სფეროს ეხება, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც საჭიროა ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და მისი რატიფიკაციისთვის. პრიორიტეტი მიენიჭა ჩვენი ეკონომიკის პოტენციალის გათავისუფლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სოფლის მეურნეობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. ამ რეფორმების ხელშესახები გავლენა ჯერ კიდევ ახლა ჩნდება. ბოლო შეფასებები გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა, 2014 წელს, 5-6%-ით გაიზრდება. ჩვენი რეფორმები კარგად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის და სოციალური კეთილდღეობის კუთხით. მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სასამართლოს სამართლიანობა, გადავდგით ნაბიჯები საარჩევნო დემოკრატიის გასაძლიერებლად და დავიწყეთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის განხორციელება, ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციების გათვალისწინებით. წამება ციხეში, რომელიც ხდებოდა 2012 წელს, სანამ ჩემი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა, არასდროს განმეორდება. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არავინ იდგება კანონზე მაღლა. საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის პიზიციის გაზიარებას. ქართველები მსახურობენ ავღანეთში ნატოს მოკავშირეების მხარდამხარ. ჩვენ ასევე შევუერთდით ევროკავშირის უსაფრთხოების მისიას მალიში, ევროკავშირის მენეჯმენტ ოპერაციებს, ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პასუხისმგებელი ვარ დემოკრატიის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის მოტანაზე, რისთვისაც ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო ბოლო წლებში. ახლა, ჩვენი წარმატებაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ერს სცილდება. ახლა, უკრაინელები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უყურებენ საქართველოს დასტურისთვის, რომ მათი ევროპული ოცნება განაგრძობს არსებობას. გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით საერთაშორისო საზოგადოებისგან და მთელი ევროპისგან საქართველოს მხარდაჭერას მისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში, რომელიც რუსეთთან დიალოგი გახლავთ. ამ დიალოგის პრიორიტეტული მიზანია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს და გააღრმავოს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტიორობის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს მათთვის, ვინც ახორციელებს რეფორმებს და ხელს უწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობას. ევროკავშირმა და საქართველომ ბევრი სარგებელი უნდა ნახოს ამ პარტნიორობის შედეგად. ერთად ეს წარმატება ფუნდამენტურად შეცვლის თანასწორობას აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყველას საკეთილდღეოდ.