საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 06/05/2014

ორი ქვეყანა განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინული სახელმწიფოს დაყოფას და მოსკოვის მიერ გაჩაღებული კრიზისის გამწვავებას. ესენია, მოლდავეთი და საქართველო, რომლებმაც ევროკავშირთან დაახლოების გზა აირჩიეს. 6 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარიზში იმყოფება. მან le Monde-ს იმ შიშების შესახებ უამბო, რომელიც უკავშირდება რუსეთის ახალ საგარეოპოლიტიკურ კურსს მისი ახლო სამეზობლოს მიმართ.

 თქვენ პარიზში მოლდავეთიდან ჩამოხვედით, რომელიც საქართველოს მსგავსად არანაკლებ წუხს უკრაინული კრიზისის გამწვავების გამო... - ჩვენი ქვეყნების ბედისწერა მჭიდროდ არის დაკავშირებული. მოლდავეთი და საქართველო ერთადერთი ქვეყნებია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სახელმწიფოებიდან, რომლებმაც გააგრძელეს მუშაობა და აპირებენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ამ მხრივ ხელს უშლის ყველა მეზობელ სახელმწიფოს. ამიტომ უკრაინაში მოვლენების განვითარება სერიოზულად გვაშფოთებს.

მოლდავეთს დღემდე საკმაოდ არამდგრადი ვითარება აქვს დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. ჩვენ შემთხვევაში, რუსეთმა უკვე გაითამაშა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კარტი. საქართველოში არ არსებობს ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა მასობრივი სახალხო მოძრაობა. ბოლო გამოკითხვის თანამხად, ადამიანთა 65% მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, მაშინ როდესაც ევრაზიის კავშირს ემხრობა მხოლოდ 16%.

-მოსკოვ უფრო შორს ვეღარ წავა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით?

ამ რეგიონების ანექსიის გამორიცხვა სინამდვილეში არ შეიძლება.  მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა: რუსეთი სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა აფხაზების მხრიდან, რომლებისთვისაც დამოუკიდებლობა საბოლოო იყო.   სამხრეთ ოსეთში ყველაფერი, როგორც ჩანს, ტაქტიკური სვლა იყო. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ამ კარტის ამოქმედება, რადგან ოსეთი მისთვის დიდი სამხედრო ბაზის მსგავსი რამ არის.  რუსეთმა, რომ რესპუბლიკაში რეფრენდუმი ჩაატაროს რეგიონის მიერთების თემაზე, ეს მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური ოპერაციის დაწყება იქნება. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მეეჭვება, რომ მას ამისთვის აუცილებელი შესაძლებლობები აქვს. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოს მთავრობის გონიერი და ზომიერი პოლიტიკა ხელს შეუშლის ამ სცენარის რეალიზებას.

- თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ახლახანს ვაშინგტონს მიმართა, რომ ამ უკანასკნელმა საქართველოში ნატოს ძალები განალაგოს. ეს არ არის რისკი?

 საუბარი იყო ჩვენი გრძელვადიანი ამოცანის ხაზგასმაზე, რაც ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. არ ვფიქრობ, რომ ის სხვა რამეს გულისმობდა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუკი ხვალ დილით გავიგებთ, რომ ალიანსში მიგვიღეს. ალიანსის გაფართოება საქართველოსაც გამოადგება და ნატოსაც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღქმული რუსეთისთვის ომის გამოცხადებად.

მაგრამ თქვენ ხომ იცით მოსკოვის დამოკიდებულება ნატოს მიმართ...

 პარანოია ბევრ საკითხს ეხება და არამხოლოდ ნატოს. ის მიმართულია ყველაფერზე, რაც რუსეთს ხელს უშლის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კონტროლი განამტკიცოს, იქნება ეს ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, ვინმეს ნეიტრალიტეტი და ა.შ.

როგორ შეაფასებთ ნაციონალისტური განწყობის აღზევებას რუსეთის რეჟიმში, ბოლო ორი თვის განმავლობაში?

ძველმა რუსეთმა გაიღვიძა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის გააზრება გვიჭირს: რუსეთის ხელმძღვანელობას და მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ძლიერი რუსეთი - ეს არის დიდი რუსეთი. ასეთია განვითარების კონცეფცია. ეს ლოგიკურია, თუკი გავითვალიწინებთ იმ პოლიტიკას, რომელიც 2000 წლის შემდეგ ტარდება, იმ დროიდან, როდესაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა. მათთვის, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაშლაა და არა მეორე მსოფლიო ომი, ან ბოლშევიკები.

ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის არამხოლოდ საქართველოს, უკრაინას და სომხეთს, არამედ ევროკავშირსაც. რუსეთის ჩარევა უკრაინის ბედის განსაზღვრაში - ეს დარტყმაა ევროკავშირისათვის. ევროკავშირი რომ მართლაც ერთიანი იყოს, რუსეთს სერიოზული კონკურენტი გაუჩნდებოდა.  თუკი ევროკავშირი დაქსაქსულია, რუსეთმა იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულ სახელმწიფოებთან, ლიტვა იქნება ეს თუ საფრანგეთი. რუსული პროპაგანდა შესანიშნავად მუშაობს. არსებობს საკმაოდ პოპულარული შეხედულება რუსეთთან თანაცხოვრებაზე, რომელიც პირველ რიგში აქვთ მათ, ვინც მტრულად უყურებს ევროკავშირის რაიმე ფორმით გაფართოებას.  ასეთ წარმოდგენებში ევროპული საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოები ველური სივრცეა, სადაც არადისციპლინირებული ერები არეულობებს აწყობენ და რუსეთმა მათზე უნდა იზრუნოს. სანაცვლოდ, რუსეთი იძლევა რესურსების მიწოდების გარანტიებს და ხსნის შესაძლებლობებს ბიზნესის წარმოებისათვის.

 

სრული ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთის ელექტრონულ ვერსიაში

Occupied Territories of Georgia

eVISA portal