დელეგაციაში ასევე შედიოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ნატო-ს ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ფრანგულ მხარესთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა, უსაფრთხოებისა და განიარაღების დეპარტამენტის დირექტორთან, ელენ ტრეე-დიუშენთან და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურ დირექტორთან, ფილიპ ერერასთან. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე.
შეხვედრებისას განხილულ იქნა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მომზადების პროცესი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა. ხაზი გაესვა ფრანგული მხარის პოზიციის მნიშვნელობას, რათა სამიტზე ადეკვატურად იქნას ასახული საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ფრანგული მხარის ურყევი მხარდაჭერა.