საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ENSA-სთან თანამშრომლობის ხელმოწერა

23 იანვარს ქ. შამონიში, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ბ-ნმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნული სკოლის (ENSA, Ecole Nationale de Ski et d\'Alpinisme) დირექტორმა ერვე ჟოსერონმა ხელს მოაწერეს ENSA-სა და საქართველოს „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას\" შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ქ-ნი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს მთის გიდთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონსორციუმ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის\" გამგეობის წევრი ბ-ნი დათუნა რაქვიაშვილი და თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი ბ-ნი გურამ ნიკოლაშვილი. ENSA უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას. სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს, პარაგლაიდინგის სპეციალისტებს, ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს, აგრეთვე, მაღალმთიან და ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციები. ENSA, ასევე, ითავსებს მთის სპორტის სახეობათა უმაღლესი საბჭოს (Conseil Supérieur des Sports de Montagne) მუდმივი სამდივნოს ფუნქციებსაც. ENSA-ს მნიშვნელობას საქართველოსათვის ზრდის ის ფაქტიც, რომ სკოლა და მისი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვანწილადაა ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ და სკოლა ყოველწლიურად ამზადებს ასობით უცხოელ მოთხილამირესა და ალპინისტს. ეს მხოლოდ ალპების რეგიონს (საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, იტალია და სლოვენია) არ შეეხება, სადაც გეოგრაფია აუცილებელს ხდის ალპების მოსაზღვრე სახელმწიფოების თანამშრომლობას. ENSA-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს ასევე ანდებისა და ჰიმალაის მიმდებარე სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან და სწავლების გარკვეულ ნაწილს ის ინგლისურ ენაზეც ახორციელებს.