საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

14.11.2018 ქ.პარიზი -  პარიზში გაიმართა პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. 

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი. 

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამმხრივი კონსულტაციები განპირობებულია ევროპის ორ წამყვან სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან და გერმანიასთან ჩამოყალიბებული მჭიდრო, ინტენსიური და დინამიკურად მზარდი ურთიერთობებით და საქართველოს, როგორც ამ ორი ქვეყნის საიმედო პარტნიორის ინტერესით, სამმხრივ ფორმატში (საქართველო-გერმანია-საფრანგეთი) საფუძველი ჩაეყაროს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. პარიზში ჩატარებული კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ თემებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.  

მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განსაკუთრებით კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე, რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე. 

მკაფიოდ აღინიშნა, რომ ზემოჩამოთვლილი თითოეული თემა როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს და შესაბამისად, სავსებით მიზანშეწონილია მათი რეგულარული განხილვა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში. 

ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რასაც ქვეყნის მთავრობა აქტიურად და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით დგამს ევროპულ ოჯახთან შემდგომი დაახლოების, მათ შორის სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ვახტანგ მახარობლიშვილმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ფრანგ და გერმანელ კოლეგებს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ღირებული მხარდაჭერისათვის. გამოითქვა იმედი, რომ ევროპის ეს ორი ლიდერი სახელმწიფო ამ მიმართებით შემდგომშიც გვერდში დაუდგება ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამის გარდა, შედგა საგნობრივი მსჯელობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ფრანგული და გერმანული  მხარეების შემდგომი ჩართულობის კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 

მხარეებს შორის აგრეთვე შედგა აზრთა და პოზიციების ურთიერთგაცვლა რეგიონული გამოწვევების შესახებ. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, მეზობელ ქვეყნებთან და თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონებთან. 

საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული კურსის მიმართ. ფრანგულმა და გერმანულმა მხარეებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, რომელიც მთელ რეგიონში დემოკრატიული განვითარების ყველაზე წარმატებული მოდელია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გეოსტრატეგიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, მუდმივად იქნება ევროკავშირის და კონკრეტულად საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. 

მნიშვნელოვანია პირველი სამმხრივი კონსულტაციების მონაწილეთა მიერ მიღწეული შეთანხმება, რომ კონსულტაციებს სამომავლოდ რეგულარული ხასიათი მიეცეს, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობას. 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal