საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი პოლიტიკოსები ნიცის ტერაქტს ეხმიანებიან

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი

შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმარი Twitter-ით გამოხატა :

შეძრწუნებული ვარ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გულით ვლოცულობთ დაღუპულების და მათი ოჯახებისთვის.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის „ბასტილიის აღების დღეს", ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი უსამძიმრებს ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულზე, ნიცაში მომხდარი თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. თავდაცვის მინისტრი ფრანგ ხალხს უწყების სახელით სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ტერორისტულ აქტებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მიიჩნევს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგან იგი მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულია.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჟდომარე, დავით უსუფაშვილი

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩვენს კოლეგებს საფრანგეთის პარლამენტიდან და სრულიად ფრანგ ერს, გუშინ ნიცაში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატოთ ის მწუხარება, რასაც ამ წუთებში განვიცდით.

ბასტილიის აღების დღის ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებაზე მომხდარმა, შემზარავმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემოკრატიულმა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევა უნდა მიმართოს თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი სენის დასამარცხებლად.

ამ რთულ, მტკივნეულ წუთებში, ჩვენ ვდგავართ საფრანგეთის გვერდით და გამძლეობას ვუსურვებთ ამ შემაძრწუნებელი შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება

შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი საზარელი ტერაქტით გამოწვეული ტრაგედიის გამო. დაღუპულია მრავალი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

სამძიმარს ვუცხადებ ფრანგ ხალხს. ამ უმძიმეს წუთებში საქართველო საფრანგეთის გვერდით დგას. ჩვენი მეგობარი ქვეყანა საფრანგეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სასტიკი ტერორისტული დარტყმის ქვეშ. ეს ყოველივე მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა!

მხოლოდ მთელი მსოფლიოს ერთობლივი ძალისმევით არის შესაძლებელი ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ გამკლავება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ყველანი, საყოველთაო მშვიდობის სადარაჯოზე, საფრანგეთის და იმ ქვეყნების გვერდით ვდგავართ, ვინც მსგავსი სისასტიკე განიცადა.

ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა მიმართულია საყოველთაო ღირებულებების და იდეალების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტერორიზმმა დაამარცხოს დემოკრატია და თავისუფლება.

 

france/Cnb6XNAXgAAgETg_1.jpg