საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანკოფონიის სამიტი, ერევანი, 2018 წლის 11 და 12 ოქტომბერი.

2018 წლის 9 ოქტომბერს, ქ. ერევანში მიმდინარე ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს სიტყვით მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეონა გიუაშვილმა. საკუთარ სიტყვაში თეონა გიუაშვილმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის პლურალისტურ ბუნებასა და მრავალმხრივი საქმიანობის მნიშვნელობას - ორგანიზაცია მოიცავს არაერთი კონტინენტის წარმომადგენელ სახელმწიფოს, რომლებიც ერთიანდდებიან არა მხოლოდ საერთო ლინგვისტური იდენტობის, არამედ მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საერთო ღირებულებების გარშემო.

თეონა გიუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ; დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა 29 სექტემბერს საოკუპაციო ძალების მიერ ხურვალეთში საკუთარი სახლიდან მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევისა და ჩართულობის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალის დაუსჯელობის აღმოფხვრის მიზნით.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს 7-9 ოქტომბრის შეხვედრები ემსახურებოდა ფრანკოფონიის სამიტის მომზადებას, რომელიც ქ. ერევანში 11-12 ოქტომბერ გაიმართება. კერძოდ, შეხვედრები დაეთმო ფრანკოფონული სივრცის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას, ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებასა და სამომავლო პრიორიტეტების დასახვას, სამიტის დეკლარაციისა და რეზოლუციების პროექტების მომზადებას. შეხვედრებში მონაწილოება მიიღეს ორგანიზაციის 84-მა წევრმა-სახელმწიფომ და ასოცირებულმა და დამკვირვებელმა ქვეყანამ. საქართველო ფრანკოფონიის ორგანიზაციაში მონაწილეობს დამკვირვებლის სტატუსით, 2004 წლიდან.