საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოფენა «ოქროს საწმისის ოქრო - საქართველოს ეროვნული საგანძური»

 

2007 წლის 26 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე «ქართული კულტურული სეზონის» ფარგლებში, ნიცაში, აზიური ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ წარმოდგენილი არქეოლოგიური გამოფენა «ოქროს საწმისის ოქრო - საქართველოს ეროვნული საგანძური».

აღნიშნული გამოფენა გახსნა ღონისძიების ოფიციალურმა მასპინძელმა, საფრანგეთის ალპ-მარიტიმის რეგიონის პრეზიდენტმა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა კრისტიან ესტროსიმ. გამოფენას მასპინძლობდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

მისასალმებელ სიტყვაში სახელმწიფო მინისტრმა აღფრთოვანება გამოხატა ქართული გამოფენის მიმართ და აღნიშნა ამგვარი წარმატებული კულტურული პროექტების მნიშვნელობა ახალი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა.

საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრის სახელითვე გაიმართა გამოფენისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება. 700-ზე მეტ მოწვეული სტუმართა შორის იყვენ რეგიონის ხელმძღვანელები, საფრანგეთის სენატის დეპუტატები, ნიცის მერიის და პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოება, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული არქეოლოგიის უნიკალურ ნიმუშების დათვალიერებისას.