საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანტიკური საქართველო, ოქროს საწმისის ქვეყანა, თავის საგანძურს წარმოაჩენს – ფიგარო

ფიგარო, 2007 წლის 22–23 სექტემბერი

ან მარი რომერო

იაზონის და არგონავტების მითი სათავეს ანტიკური საქართველოს ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებში იღებს, რომლის რამდენიმე შედევრი პარიზის მონეს სასახლეშია გამოფენილი.

ერთ-ერთი მრავალ ლეგენდათაგანი, რომელიც კოლხეთის მდინარეებში - დღევანდელ საქართველოში - ანტიკური ელდორადოს საძიებლად წასული იაზონისა და არგონავტების ეპოპეას ეხება, სტრაბონიდან მოდის. ისტორიკოს- გეოგრაფი მოგვითხრობს, რომ იქაურ მდინარეებში ოქროს მოიპოვებდნენ, მდინარის წყალში ცხვრის ტყავს ასველებდნენ და მანამ არ ამოიღებდნენ, ვიდრე იგი ძვირფასი მეტალის მტვერით მთლიანად არ დაიფარებოდა.. რამდენად მართალია, ვინ იცის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ცხადი ის არის, რომ დასავლეთ საქართველოს ცივილიზაცია, რომელიც ჩვ. წ. აღ. მდე მე-8 დან პირველ საუკუნეებამდე არსებობდა, ისევე უეცრად გაქრა, როგორც აღმოცენდა, და თავის შესახებ მცირე ინფორმაცია, მაგრამ უდიდესი სიმდიდრე, ბრწყინვალება და სინატიფე დაგვიტოვა.

 

ანტიკური ქალაქის, ვანის საფლავებიდან მოძიებული საგანძური, პირველად პარიზში, მონეს სასახლეშია გამოფენილი. პატარა დარბაზი, ცოტა ნივთები, მაგრამ ოქრომჭედლობის ოსტატობა და იშვიათი წარმოსახვის უნარი გამოფენას ნამდვილ ùმარგალიტად აქცევს. პირველ დარბაზში ბრინჯაოსა და რკინის ორი კაცის ჯაკომეტისეული ფილიფორმული ქანდაკება გვხვდება. ისინი საფლავებში ნაპოვნი მიცვალებულების ნამდვილი მინიატურული ასლებია, მინიატურული ყვავილის ფორმის დიადემებით, საყურეებით და ყელსაბამებით, სწორედ ისეთი, რომელსაც რეალურ ზომაში ვნახავთ შემდგომ დარბაზებში.

კოლხეთის თავისებურება, გრანულირების არაჩვეულებრივი ოსტატობაა, ეს უწვრილესი ოქროს მარგალიტები, ტემპერატურის უეცარი ცვლილების შედეგად მიიღება. კოლხები ამას ისეთი ოსტატობითა და ვირტუოზულობით აკეთებენ, რომ მნახველს ხმა უწყდება. თითოეულ დიადემაზე, თითოეულ ყელსაბამზე, თითოეულ საყურეზე - რომელიც ნამდვილ არქიტექტურულ კონსტრუქციას წარმოადგენს, სადაც პერსონაჟები ერთმილიმეტრიან ძეწკვებზე არიან ჩამოკიდებულნი - თითოეულ სამაჯურზე ფიგურებია ჩამწკრივებული, ხშირად იხვები ან არწივები, რომლებიც თავადაც ყველზე უცნაური აკრობატული ფორმის ათასობით ოქროს მარცვლისგან შედგება.

ექსპოზიციისთვის ვანში 24 გათხრის დროს აღმოჩენილი 6 საფლავის ნივთებია წარმოდგენილი. ქალებიც და კაცებიც მდიდრულად არიან აღკაზმულნი. წარმოუდგენელი - 6 სმ სიმაღლის - მამაკაცის თმის სარჭი, ოქრომჭედლის სრული ოსტატობის ნიმუში, მოჭედილი ოქროს გრანულირებული ცხოველების ჯარით, ირმების ბრძოლა კოლხური თავისებურებაა, ხარი - სპარსული თემატიკა.

იგრძნობა ასევე მეზობელი სამყაროს გავლენა. მე- 3 - მე 4 საუკუნის საბერძნეთი - სფინქსის ფორმებით, მეზობელი სკვითები - შეჭიდებული ცხოველებით, სტეპების მეომერების ხელოვნება, ეგვიპტეც კი, ტიხრული ოქროს ტრაპეზოიდული პექტორალი, ცხოველების მწკრივით..კვლავ ბერძნები, შუშის მასალა, წმინდა ფარაონული სამკაული, რომელიც წვრილ გრძელ ოქროს ძეწკვებზე ჩამოკიდებული ბროწეულებით ბოლოვდება.