საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

«ლელოების» პირველი წარმატება მსოფლიო თასზე - Le Monde, 2007 წლის 27 სექტემბერი

განსაკუთრებული უამინდობის პირობებში შეხვდნენ ერთმანეთს საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებები ოთხშაბათს, 26 სექტემბერს, ლანსის ფელიქს ბოლარის სტადიონზე : მოქუფრული ცა, წვიმა და 7 გრადუსიანი ტემპერატურა თან ახლდა ამ მატჩს. სიცივესა და ნესტში საქართველომ ისევე დაჯაბნა ნამიბია, როგორც ინგლისმა საფრანგეთი 2003 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში : « ლელოებმა » (რაც არის რაგბიმსგავსი ძველი ქართული თამაში) 30-0 აგემეს თავიანთ მეტოქეებს.

ქართველთა ოცდაათი მოთამაშის უმრავლესობა საფრანგეთის კლუბებში თამაშობს და შესაბამისად მსგავსი მატჩების გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ. ამიტომ გამორიცხული იყო, რომ მათ გაეშვათ ხელიდან ასპროცენტიანი შესაძლებლობა მოეპოვებინათ პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე, რომელშიც უკვე მეორედ მონაწილეობენ. « ჩვენი ერთადერთი მიზანი ამ მატჩში, გამარჯვება იყო », მშვიდად აღნიშნა გუნდის მწვრთნელმა, მალხაზ ჭეიშვილმა. « ყველა ღირსეულად გაისარჯა ამ მიზნის მისაღწევად. »

«თვითგადარჩენის ინსტინქტი»

ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი ყურადღებით აკვირდებოდა მატჩს ტრიბუნებიდან. თავდაპირველად ისინი არცთუ თავდაჯერებულნი ჩანდნენ. « ორივე გუნდი შებოჭილია, რადგან იციან, რომ ეს მათთვის უკანასკნელი შანსია ტურნირზე გამარჯვების მოსაპოვებლად », გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი, პაპუნა დვალი მატჩის პირველ წუთებზე. « მარსელშიც თუ ასე ვითამაშეთ, ნამდვილი კატასტროფა იქნება », ეჭვნარევად ეთანხმება მისი მეზობელი, ლევან პირველი. ამ დროისთვის საქართველო მხოლოდ 6-0 იგებდა. მატჩის უკანასკნელ წუთზე თანამოძმეები წამოხტნენ, გადაეხვივნენ ერთმანეთს და ტრიბუნიდან გადავარდნის რისკად იხტუნეს თავიანთი დროშის ირგვლივ. ამ წამს ისინი ფიქრობდნენ თავიანთ 20 ათას თანამემამულეზე, რომლებიც შეიკრიბნენ თბილისის მთავარ მოედანზე გიგანტური ეკრანის წინ.

თავადაც წარმოშვებით საქართველოს დედაქალაქიდან, მოყვარული რაგბისტები პაპუნა და ლევანი იმ ასიოდე გულშემატკივართაგანის რიგებში იყვნენ, ვინც ჩამოვიდა მატჩზე დასასწრებად. ნაწილი გულშემატკივრებისა სამი დაქირავებული ავტობუსით ჩამოვიდა, დანარჩენები თვითმფრინავით. მათგან უმრავლესობა გააგრძელებს მოგზაურობას მარსელამდე, სადაც « ლელოები » 30 სექტემბერს საფრანგეთის « ლურჯებს » შეხვდებიან.

გამარჯვების საზეიმოდ, დასასვენებლად და მორიგი მატჩისთვის მოსამზადებლად არსებული სამდღიანი ვადა შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს. « მოდუნება გამორიცხულია », გვარწმუნებს მალხაზ ჭეიშვილი. « ჩვენ მოვახერხეთ ფსიქოლოგიურად განტვირთვა და შევეცდებით ღირსეულად შევერკინოთ საფრანგეთს. » « ქართველთა ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება თვითგადარჩენის ინსტინქტია », გვამცნობს მამუკა კუდავა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში. "ჩვენ შეგვიძლია საფრანგეთის შევიწროება”, გვპირდება ნაკრების ბურჯი მამუკა მაგრაქველიძე, რომელიც იმედოვნებს ქართველთა მოხალისე მენეჯერის, ანრი ბრონკანის დახმარებასაც.

აჟანის ამჟამიდელი მწვრთნელი დასახმარებლად მზად არის, მაგრამ ამავდროულად ვერ ფარავს თავის აღშფოთებას. "მატჩის წინ გუნდებისთვის ერთდროული მიღება არც კი იყო ორგანიზებული. ეს არ შეეფერება მსოფლიო თასის სულისკვეთებას. რაგბი ვაჭრების ხელთ არის ჩავარდნილი და ფულის საკეთებელ მანქანად იქცა.” როგორც კი დაშოშმიდება, ბატონი ბრონკანი შთააგონებს ქართველებს თავისებური "ციტატით” მარსელის მატჩის წინ ისევე, როგორც მან მიმართა რაგბისტებს ლანსის სტადიონის გასახდელში: "გამარჯვება თავისუფლების მსგავსია. მას არ უნდა დაელოდო, ის უნდა მოიპოვო!”

Occupied Territories of Georgia

eVISA portal