საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2007 წლის 19 ოქტომბერს ქ. პარიზში UNESCO-ს 34-ე გენერალური კონფერენციის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, UNESCO–ს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტი გელა ბეჟუაშვილი.

თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა წარმოადგინა საქართველოს ხედვა იუნესკოს სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით. ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა  და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების სფეროებში იუნესკოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ამ მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის ზონებში ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლების ხელყოფის ფაქტებზე, როგორიცაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთში, საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, უნიკალური ეკლესია-მონასტრების საგანგაშო მდგომარეობას და მოითხოვა UNESCO–ს განმეორებითი მისიის განხორციელება აღნიშნული ძეგლების მდგომარეობის შეფასების და შესწავლის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა UNESCO-ს თავის კომპეტენციის ფარგლებში უფრო აქტიურად და ეფექტურად იმოქმედოს კონფლიქტურ ზონებში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ჯეროვანი დაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა გენერალური კონფერენციის დელეგატებსა და საპატიო სტუმრებს  უმასპინძლა ქ. პარიზის ფულის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე ««ოქროს საწმისის ოქრო - საგანძური საქართველოდან». აღნიშნული გამოფენა პარიზში მიმდინარეობს «ქართული კულტურული სეზონი – 2007»-ის» ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების პატრონაჟით.

 

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მისი აღმატებულება ბ-ნი გელა ბეჟუაშვილის გამოსვლა იუნესკოს გენერალური კონფერენციის 34-ე სესიაზე

პარიზი, 2007 წლის 19 ოქტომბერი

გენერალური კონფერენციის თავმჯდომარევ,

პატივცემულო დელეგატებო,

ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა საქართველოს დელეგაციის სახელით გამოვიდე იუნესკოს გენერალური კონფერენციის 34-ე სხდომაზე.

ბატონო თავმჯდომარევ, ჩემი გამოსვლის დასაწყისში ნება მიბოძეთ მოგილოცოთ იუნესკოს 34-ე გენერალური კონფერენციის თავმჯდომარედ არჩევა.

ჩვენ უაღრესად ვაფასებთ გენერალური დირექტორის მტკიცე გადაწყვეტილებას  განახორციელოს იუნესკოს რეფორმირება – აქციოს ის შედეგეზე უფრო მეტად ორიენტირებულ, დეცენტრალიზებულ და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით უფრო აქტიურ ორგანიზაციად, რაც აძლიერებს ამ ორგანიზაციის გლობალურ მნიშვნელობას.

გასული ექვსი ათეული წლის განმავლობაში, იუნესკო ხელს უწყობდა უმაღლესი სტანდარტების დანერგვას განათლების, მეცნიერების, კულტურის, კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სფეროში. განმტკიცდა თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფოთა და სხვა მონაწილეებს შორის.

აღნიშნული გადაწყვეტილება მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მისიის განცხადებაში, 2008-2013 წლების საშუალო ვადიანი სტრატეგიის შესავალ ნაწილში – დოკუმენტი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს იუნესკოს სტრატეგიულ ორიენტაციას.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის კავშირი, რომელიც არსებობს ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მიზნებსა და ათასწლეულის განვითარების მიზნებს შორის – რაც ორგანიზაციის უდიდესი მნიშვნელობის  კიდევ ერთი დადასტურებაა.

ჩემი ქვეყანა, რომელიც მდგრადი დემოკრატიული ტრანსფორმაციის შეუქცევად გზას ადგას, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნული დოკუმენტის სულისკვეთებას. ის სრულ შესაბამისობაშია უნივერსალურობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტულობის, სამართლიანობის, ღირსებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის დემოკრატიულ პრინციპებთან – ეს სწორედ ის პრინციპები და ღირებულებებია, რომლებსაც იუნესკო განამტკიცებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გაძლიერებული როლი და პასუხისმგებლობა რომელსაც მისიის განცხადება ცალკეულ ქვეყნებს ანიჭებს. საქართველოს, რომლის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, ძალუძს და სურვილი აქვს იკისროს ეს პასუხისმგებლობა.

პატივცემულო დელეგატებო,

ნება მიბოძეთ შევჩერდე საშუალოვადიანი სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს მიზნებზე:

1. განათლება. პირველი უმნიშვნელოვანესი მიზნის, ყველა ადამინისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელობა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის.  განათლება ძირეულ როლს ასრულებს მდგრადი განვითარების, დემოკრატიის ხელშეწყობის, ადამიანური ღირსებისა და ქვეყნებს შორის დიალოგის თვალსაზრისით.

‘განათლება ყველასთვის’ (EFA) საქართველოს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს იუნესკოს გლობალური ხელმძღვანელობისა და მაკოორდინირებელი ფუნქციის გაძლიერებას EFA-ს მიზნებისთვის და მხარდაჭერის გაწევას ეროვნული ხელმძღვანელობისთვის.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ მშვიდობის შესახებ განათლების მნიშვნელოვანი როლი სხვა კულტურათა და ცივილიზაციათა შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ ისეთი შეხედულებების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რომლებიც  დაბალანსებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული.

კულტურული თვალსაზრისით ისეთ მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო,  ასევე სამხრეთ კავკასიისა და გაფართოებული შავი ზღვის არაერთგვაროვან რეგიონებში – მშვიდობის შესახებ განათლების ნაკლებობამ კონფლიქტებამდე და საომარ ქმედებებამდე მიგვიყვანა, აქედან გამომდინარე, საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

II. მეცნიერება.  იუნესკო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეცნიერების სფეროში. ჩვენ მოვუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პოტენციალის განვითარებას ძირითადი და გამოყენებითი კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბაზარზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობის, ასევე  კვლევების კონკრეტულ შედეგებად ტრანსფორმირების მიზნით.

საქართველო, რომელიც ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მძაფრ ცვლილებებს განიცდის, განსაკუთრებულ მნიშვბელობას ანიჭებს რეფორმების ჩატარებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

ჩვენი ეკონომიკა და საზოგადოება მზად უნდა იყოს უარი თქვას განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ მოძველებულ პრაქტიკაზე. ამ თვალსაზრისით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი ცვლილებები კვლევის, უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მენეჯმენტის სფეროში.

III. კულტურა. – რამდენადაც კულტურა იუნესკოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ გვინდა, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა კულტურული გაცვლების ხელშეწყობა, კულტურისა და განათლების ინტეგრაცია და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ერთიანი მიდგომის შემუშავება.

ჩვენ ვიზიარებთ იუნესკოს მიზნებს, რაც მდგომარეობს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

ამ კონტექსტში მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ამას წინათ საქართველომ პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგინა კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.

საქართველო ესწრაფვის ეროვნულ დონეზე გააუმჯობესოს მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში არჩევის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს ამ სამთავრობათშორისო ორგანოს მუშაობას.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შესაძლოა გადაწყდეს საერთაშორისო ნორმატიული ქმედებისა და მრავალმხრივი დიპლომატიური ძალისხმევის  საშუალებით, არის კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება, როგორც შეიარაღებული კონფლიქტების, ისე მშვიდობიანობის პერიოდში.

ბატონო თავმჯდომარევ,

IV. კულტურათაშორისი დიალოგი. კულტურათაშორისი დიალოგი არის ის სფერო, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია შერიგებისა და ურთიერთგაგების გაღრმავების თვალსაზრისით.

ჩვენ ვაღიარებთ იუნესკოს თანამშრომლობის ჩარჩოს ეფექტურობას ისეთ მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში, როგორიცაა კავკასია.

ჩვენ ვაღიარებთ კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.  მართლაც განუსაზღვრელია UNEშჩO ჩჰაირს/UNIთჭIN პროგრამებისა და ასოცირებული სკოლების ქსელების პროექტის პოტენციალი დიალოგისა და მშვიდობის შესახებ განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ბოლო 15 წლის განმავლობაში  საქართველოში ამ ქსელების პოპულარულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობას, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და იუნესკოს იდეალების გავრცელებას.

ამ თვალსაზრისით, ნება მიბოძეთ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ასოცირებული სკოლების ოჯახს ბოლო პერიოდში კიდევ ორი სკოლა მიუერთდა. ამEფაქტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს სკოლები განლაგებულია ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი და იქ სწავლობენ როგორც ქართველი, ისე ოსი მოსწავლეები.

90-იანი წლების დასაწყისიდანვე აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი არსებული ტერიტორიული კონფლიქტების გამო, საქართველოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები პირები მოკლებულნი იყვნენ ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის საშუალებებს, განათლებას და შესაბამისად, ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობასაც.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისა და ასევე დროებითი ადმინისტრაციის მტკიცე ძალისხმევის შედეგად, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი შექმნილი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

განათლებას უპირველესი მნიშვნელობა გააჩნია კონფლიქტის ზონაში ნდობის აღდგენის, სოციალური ერთიანობისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ სეპარატისტული დე-ფაქტო ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს შეაფერხოს ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით.

სამწუხაროდ, ევროპის რუკაზე დღეს ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტის ‘ნაცრისფერი ზონები’, სადაც ადამიანები მოკლებულნი არიან ისეთ ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მშობლიურ ენაზე საუბრისა და განათლების მიღების უფლება, როგორც ეს ხდება აფხაზეთში, საქართველო. არსებობს მთელი რიგი კონკრეტული ფაქტები, როდესაც ქართული სახელმძღვანელოების გამოყენება გალის რაიონში აკრძალული აქვთ მოსწავლეებს და მათ მამაც მასწავლებლებს, რომლებიც მოუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც ერთგულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს.

თავისუფალმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ უნდა შეიწყნაროს ასეთი ქმედებები.

ამ თვალსაზრისით, ნება მიბოძეთ ხაზგასმით აღვნიშნო კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ ზონებში იუნესკოს როლის გაძლიერების საჭიროება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საგანმანათლებლო მოთხოვნების შესრულებას და ასეთ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პრეზერვაციის დონის გაუმჯობესებას.

საქართველო თანმიმდევრულად ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას კონფლიქტის ზონებში კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე. ორივე სეპარატისტულ რეგიონში შეიმჩნევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ დაზიანების ტენდენცია. იუნესკოს მოვუწოდებთ უფრო ყურადღებით შეისწავლოს ეს საკითხი.

საქართველო თხონით მიმართავს იუნესკოს გაუწიოს ექსპერტთა დახმარება კონფლიქტის ზონებში, განსაკუთრებით აფხაზეთში, საქართველო არსებული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების ინვენტარიზაციისა და შეფასების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ ძეგლების დაცვა და კონსერვაცია. იუნესკოს მიერ 1997 წელს ჩატარებული მისიის შედეგები ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ისინი განახლებას საჭიროებს.

იუნესკოს კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით გამოიჩინოს უფრო მეტი აქტიურობა ამ თვალსაზრისით და მიიღოს გადაუდებელი ზომები აფხაზეთში, საქართველო ექსპერტთა მისიის დაგეგმვის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კვლავაც გავხდებით მოწმენი კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლების განზრახ და მძიმე დაზიანებისა, რომლებიც ჩვენი საერთო მემკვიდრეობის ნაწილს შეადგენს.

ბატონო თავმჯდომარევ,

პატივცემულო დელეგატებო,

იუნესკოს და ყველა ჩვენგანის მთავარი მიზანია შეიქმნას ნებისმიერი  სახის ომისა და კონფრონტაციისაგან მშვიდობის დაცვის სისტემა. დაცვის ამგვარი სისტემის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგისა და თანამშრომლობის გზით და იუნესკო მიზნად ისახავს ამ დიალოგის ყველაზე ეფექტურ ჩარჩოდ იქცეს.

დასასრულს, მინდა წაგიკითხოთ ციტატა ‘თბილისის მიმართვიდან’, რომელიც მიღებულ იქნა გლობალიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის მეორე საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩატარდა გასული წლის აპრილში, იუნესკოს გენერალური დირექტორისა და საქართველოს პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით.

‘დიალოგი და არა კონფრონტაცია – კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა როგორც დიალოგის წინაპირობა და არა როგორც შეუწყნარებლობის და ძალადობის წყარო – აქტიური მონაწილეობა გლობალურ პროცესებში და იმავდროულად თვითმყოფადობის შენარჩუნება – ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობიან და მდგრად განვითარებას’.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

 

 

2007 წლის 19 ოქტომბერი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal