საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პლანეტის დიაპაზონით - Sud-Ouest

ალენ ბერნარი

დიპლომატმა და ბანკირმა კლოდ კემულარიამ გამოაქვეყნა თავისი მემუარები. წიგნში ის საერთაშორისო ურთიერთობებზე, თავის შეხედულებებზე და პრაგმატიზმზე მოგვითხრობს

«მეოცე საუკუნის მოწმე», ძნელია სხვაგვარად დაახასიათო კლოდ კემულარიას პიროვნება, რომელმაც 16 ოქტომბერს, ყატარის საელჩოში წარადგინა თავისი მოგონებების წიგნი «მსუბუქი ნაბიჯით».

ქართველი ემიგრანტების ჩამომავალი (პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა), ოთხმოცსგადაცილებული და ისევ მხნე კლოდ კემულარია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლ რეინოს (ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე) თანაშემწე გახლდათ. შემდგომ ის გაეროს გენმდივნის, შვედი დაგ ჰამარსკიოლდის კაბინეტის წევრი გახდა. 1961 წელს გენერალური მდივნის სიკვდილი ავიაკატასტროფაში კონგოს ცაში, დღემდე იდუმალებით არის მოცული და წიგნში ამ მოვლენას ცალკე თავი ეძღვნება. მოგვიანებით ბ-ნი კემულარია მონაკოს პრინცის, რენიეს მრჩეველი გახლდათ. სწორედ მისი მეცადინეობით შესძლო რენიემ თავი დაეხსნა არისტოტელე ონასისის ფინანსური ინტრიგებისგან.

შემდგომ, კლოდ კემულარიას დიპლომატისა და ბანკირის არატიპიური კარიერა სწრაფად ვითარდება. მან დიდი წვლილი შეიტანა პარიზული ბანკის Pარიბას განვითარებაში, კერძოდ, სპარსეთის ყურის ემირატების მიმართულებით. ასევე ფრანსუა მიტერანთან დაახლოებულმა პირმა, მრავალი საგანგებო მისია განახორციელა აფრიკასა თუ ახალ კალედონიაში.

მიტერანდისტი, მაგრამ არა სოციალისტი (ის თავის პოლიტიკურ მრწამსს « ტრადიციონალისტურად » მიიჩნევს), კლოდ კემულარია არ მალავს თავის აღტაცებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც, იმ დროს ინფორმაციის მინისტრი, 1949 წელს აფრიკაში მოგზაურობისას გაიცნო. 1981 წელს ბ-ნი კემულარიას ძალისხმევით შეჩერდა საფრანგეთიდან სოციალისტთა გამარჯვებით დამფრთხალი არაბული კაპიტალის გადინება.

ჰოლანდიაში საფრანგეთის ელჩობის შემდეგ, კლოდ კემულარია 1984-87 წლებში ხდება საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, სადაც შეაქვს წვლილი ირანსა და ერაყს შორის ცეცხლის შეწყვეტაში.

დიპლომატიურმა კავშირებმა საერთაშორისო მასშტაბით, წააქეზა კლოდ კემულარია ჩამოეყალიბებინა « მონაკოს » კლუბი, სადაც გაწევრიანდა მსოფლიოს მრავალი ყოფილი და მოქმედი (მაგალითად, ესპანეთის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ-ანხელ მორატინოსი) პოლიტიკოსი.

ოქტომბრის შუა რიცხვებში შემდგარ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც პარიზში, ყატარის საელჩოში გაიმართა, დაესწრო მრავალი ცნობილი პიროვნება, მათ შორის გაეროს ყოფილი გენმდივანი ბუტროს გალი და საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იუბერ ვედრინი.