საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთის ზრახვები კავკასიაში აშფოთებს თბილისს - Le Figaro

ადრიენ ჟოლმი, სპეციალური კორესპონდენტი, თბილისი

მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, დავით ბაქრაძე უფრთხის აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გაძლიერებას.

საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა თუ არა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიურპრიზის სახით გამოაცხადა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის გადადგომა და, შესაბამისად, მთელი მისი მთავრობის წასვლა. 37 წლის ბანკირი, ლადო გურგენიძე, განიხილება ბ-ნი ნოღაიდელის შემცვლელად. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებით ადრე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა მისცა ოპოზიციას, რომ მას შეეძლება ჩაატაროს საარჩევნო კამპანია მედიას გამოყენების უფლებით.

ფიგაროშესაძლებელია თუა არა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდეს ?

დავით ბაქრაძე – ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები განგაშის საფუძველს გვაძლევს. მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ აფხაზეთში გაგზავნილი სამხედრო შენაერთები წარმოადგენენ არა სამშვიდობო ძალებს, არამედ არტილერიითა და ჯავშანმანქანებით ეკიპირებულ თავდაცვის სამინისტროს საგანგებო შენაერთებს. თუკი ეს არის სამხედრო კომპონენტის გაძლიერების დასაწყისი, მაშინ, დიახ, ძალზე დელიკატურ პერიოდში შევდივართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ არის. თუ რუსეთი გადაწყვეტს აფხაზეთის აღიარებას, მაშინ საქართველოს აღარ დარჩება სამოქმედოდ მრავალი ობცია. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ნეგატიური შედეგი მოჰყვება მთელს რეგიონში, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში. აფხაზეთის აღიარება პანდორას ყუთის გახსნის მსგავსი იქნება მძიმე შედეგებით ყველასთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის.

რით აიხსნება დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა აფხაზეთში ?

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით რთულ ვითარებას ემთხვევა. როგორც ჩანს მოსკოვში მიიჩნიეს, რომ საქართველო დაუცველია და რომ ამასწინანდელმა მოვლენებმა თბილისში, შეასუსტეს დასავლეთის მხარდაჭერა. ხიფათი იმაშია, რომ რუსებმა ვითარება ცალმხრივი მოქმედებისთვის ხელსაყრელად მიიჩნიონ და იქონიონ ცდუნება, გამოიყენონ საარჩევნო პერიოდი დაუფიქრებელი სვლებისთის. ეს თუ ასე იქნა, საკმაოდ სახიფათო სცენარს ვუახლოვდებით.

შესაძლოა დიპლომატიურ კრიზისზე ლაპარაკი სამი რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ ?

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ქართული ოპოზიციის რამოდენიმე წევრს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის დაზვერვით სამსახურებთან. რთული სათქმელია, იძლევა თუ არა ეს კონტაქტები სამართლებრივი ქმედებების უფლებას, მაგრამ საკმარისია იმის დასადგენად, რომ რუსეთი ჩართულია საქართველოს შიდა საქმეებში.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ამჟამად არ შეგვიძლია კრიზისზე ლაპარაკი, ვინაიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში ურთიერთობები არასოდეს იყო კარგი. რუსეთი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოზე სამი განზომილებით :  ეს არის ჩვენი სუვერენობა, ვინაიდან ის ერევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც მხარს უჭერს სეპარატისტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და ჩვენი თავისუფალი არჩევანი, გვიქმნის რა დაბრკოლებებს ნატოში გაწევრიანების საკითხში.

ვფიქრობ, დასავლეთ ევროპაში იწყებენ მიხვედრას, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში რუსეთის რეჟიმი. საქართველო ერთგვარი ანტენის როლს თამაშობს და იმ ნეგატიურ სიგნალებს, რომლებსაც ვიღებთ რუსეთისგან, შემდგომ სხვაგანაც შეიგრძნობენ ხოლმე. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ორი სახით წარდგებოდა, ერთი დასავლეთისთვის იყო განკუთვნილი, მეორე კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. ამჟამად იმის ტენდენციაა, რომ ეს ორი სახე ერთში გაერთიანდეს.

რამდენად აუცილებელი იყო გასულ კვირას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ?

ჩვენ ვალდებული ვიყავით მიგვეღო ზომები ჩვენი მოქალაქეების ძალადობის აქტებისგან დასაცავად. საგანგებო მდგომარეობა პარასკევს გაუქმდა. ეხლა უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია საუკეთესო პირობებში წარიმართოს.

ჩვენ გვჭირდება მტკიცე მანდატი რეფორმების პროგრამების გასაგრძელებლად და შესაბამისად, უდავო საპრეზიდენტო არჩევანი. ჩვენი მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ წარსულის ტრაგედიების გამეორება. ჩვენს მიერ მიღებული ზომები საქართველოში დემოკრატიის არსებობას კი არ ეწინაამღდეგება, არამედ პირიქით, დემოკრატიის დასაცავადაა განკუთვნილი.