საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას შეხვედრის შესახებ

 2009 წლის 27 ნოემბერს, პარიზში, იუნესკოს შტაბ - ბინაში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის და იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას შეხვედრა. შეხვედრისას მინისტრმა გენერალურ დირექტორს საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევა მიულოცა, საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება საქართველოსა და იუნესკოს შორის თანაშრომლობა, მეცნიერების, განათლების, კულტურის, კულტურული მრავალფეროვნების, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრისას უმთავრეს საკითხად განხილულ იქნა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მინისტრმა გენერალურ დირექტორს მიაწოდა ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთი/ საქართველო და აფხაზეთის /საქართველო ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების მდგომარეობის ამსახველი დეტალური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მხარემ « შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ძეგლების დაცვის 1954 წლის ჰააგის კონვენციის » წევრი ქვეყნების ბოლო შეკრებაზე წარმოადგინა. შეხვედრისას ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში UNESCO-ს აქტიური მონაწილეობის აუცილებლობას. გენერალურმა დირექტორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აღუთქვა, რომ ყურადღებით გაეცნობა ამ საკითხს და ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას გააკეთებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ქართულ ძეგლებზე და თხოვნით მიმართა UNESCO-ს აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებაში.

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი2009 წლის 27 ნოემბერი