საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთში, საქართველო ''არჩევნების'' შესახებ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში მოკალათებული საოკუპაციო რეჟიმი აწყობს მორიგ სპექტაკლს სახელწოდებით "საპრეზიდენტო არჩევნები", რომლის ფარგლებშიც მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ შერჩეულ კრეატურას მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტად" დაასახელებენ.ცხადია, რომ ეს ე.წ. არჩევნები, ისევე როგორც ადრე ჩატარებული ანალოგიური ტიპის ფარსები, უკანონო და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. შეუძლებელია ამ ღონისძიებას რაიმე გამართლება მოუძებნო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ამ ტერიტორიაზე მრავალგზის ჰქონდა ადგილი ეთნიკურ წმენდას, რის შედეგადაც გაძევებულია მკვიდრი მოსახლეობის სამი მეოთხედი, ხოლო მათი ქონება მითვისებული და დაყაჩაღებულია. ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნილ ქართველებს, უკრაინელებს, სომხებს, ბერძნებს, აზერბაიჯანელებს, ესტონელებს და სხვებს არ აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამშობლოს მომავალი ბედის განსაზღვრაში. ამ პირობებში, ყოველგვარი ე.წ. არჩევნების ჩატარება არა მხოლოდ იმთავითვე ბათილია, არამედ მკრეხელობაცაა.ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დარჩენილი მოსახლეობა ყოველგვარ უფლებებსაა მოკლებული, უფრო მეტიც, მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უხეში და მასობრივი დარღვევების ობიექტად იქცა, არის ეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, თუ თავისუფალი გადაადგილების უფლება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საუბარია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და მკურნალობის შესახებ, მარიონეტული რეჟიმი და მისი მფარველები ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის გადალახვის უფლებას არ აძლევენ.როგორც ცნობილია ე.წ. "ტალიავინის კომისიის" დასკვნაში ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული ე.წ. "დამოუკიდებლობა", ისევე როგორც მათი "აღიარება" ყოვლად უკანონოა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილ მორიგ ფარსს და კვლავ თანმიმდევრულად გაატაროს არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ამ რეგიონებთან მიმართებით.

2009 წლის 12 დეკემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal