საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პორტუგალიის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პირველი სამუშაო ვიზიტით  პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ა.წ. 12 თებერვალს გაიმართა შეხვედრები პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ჟაიმე გამასთან, სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუიშ ფილიპე მარკეს ამადოსთან, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან პედრო ლურტთან.

 

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ხაზი გაესვა პორტუგალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობისა და სამართლებრივი ბაზის განვითარების მნიშვნელობას. გამახვილდა ყურადღება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციებისა და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ხაზი გაესვა იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და ადამიანების გატაცების გახშირებულ ფაქტებს, იმსჯელეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე ვითარების დარეგულირების თვალსაზრისით. გამახვილდა ყურადღება ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა სამუშაო ლანჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პატივსაცემად.

 

ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამოვიდა მოხსენებით თემაზე: "Options for Georgia's foreign priorities", სადაც ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიულ წარმატებებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, დიპლომატიური კორპუსისა და მას-მედიის წარმომადგენლები.

 

პორტუგალიის რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები სამინისტროების დეპარტამენტის დირექტორების დონეზე, სადაც პორტუგალიის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირთან, ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე, აღინიშნა, რომ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაგრძელდება მომავალშიც და რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

 

 

2010 წლის 12 თებერვალი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal