საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მარცხის დასასრული

Foreign Policy  15/04/2010

მარცხის დასასრული

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ამ კვირაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში არამხოლოდ ისეთი დიდი სახელმწიფოები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი, არამედ - საქართველოც - პატარა ქვეყანა, რომელსაც არც ბირთვული იარაღი აქვს, არც ბირთვული ენერგეტიკა და არც ბირთვული მასალები გააჩნია.

რატომ არის მსოფლიოს წინაშე მდგარი მასშტაბური პრობლემების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა? საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სერიოზული გარდაქმნები, პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი ასევე დაკავშირებულია მსოფლიოს ერთიან ძალისხმევასთან, რომელიც ისეთი ამოცანების გადაწყვეტისკენაა მიმართული, როგორიც ბირთვული გაუვრცელებლობაა.

საქართველოს როლის გასაგებად ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში, როგორიცაა მაგალითად ბირთვული გაუვრცელებლობა, კარგი იქნება თუკი დავაკვირდებით ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკას და იმას, თუ როგორ აფასებენ ქართველები საკუთარ ადგილს მსოფლიოში.

სულ რაღაც ათი წლის წინ, საქართველო მსოფლიო არენაზე საკუთარი კონსტრუქციული როლის სერიოზულ განხილვაზეც კი ვერ ფიქრობდა. უფრო ზუსტად და გულწრფელად თუ ვიტყვით, ჩვენ ვიყავით გაკოტრებული სახელმწიფო. ქვეყანაში სფეროთა უმრავლესობას ფაქტობრივად საველე მეთაურები, პატარა ფეოდალები მართავდნენ. სამართალდამცავი ორგანოები აღუწერლად კურუმპირებულები იყვნენ. პოლიცია პატიმრების ოჯახებს ფულს სძალავდა, ავტოინსპექცია კი მძღოლებს გასაქანს არ აძლევდა.

ნიჭიერი და ამბიციური ახალგაზრდები ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფებში ერთიანდებოდნენ - ან უბრალოდ გარბოდნენ ქვეყნიდან. ჩვენი ეკონომიკა ადრეულ შუასაუკუნეობრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თბილისშიც კი ხალხს ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. არ არსებობდა რეალური სამოქალაქო თავისუფლებები, რადგან ამ თავისუფლებათა უზრუნველყოფას ვერავინ ახერხებდა. ქაოსი და კორუფცია, მისი წინამორბედი კომუნიზმის მსგავსად, მთლიანად სპობდა იმის განცდას, რომ პატიოსნებას და ღირსებას რაიმე ფასი აქვს.

ამ ფონზე ჩვენი 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” არსი არამხოლოდ დროშების ფრიალსა და პარლამენტის აღებაში მდგომარეობდა. ეს იყო ჩვენი გაკოტრებული სახელმწიფოს  მდგომარეობიდან გამოყვანისა და მისი ამუშავების გადაწყვეტილება. მეტიც, ეს იყო თავად ურთიერთობების შეცვლის მცდელობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, ასევე ადამიანებს შორის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ახალი ქართული საზოგადოების შექმნის თამამი პროცესის დასაწყისი.

შვიდი წლის შემდეგ ჩვენ შორს ვართ გამარჯვებისგან. ჩვენს მოქალაქეებს ძველებურად ბევრი პრობლემა აწუხებთ. ქვეყანაში ძალიან მაღალია უმუშევრობის და სიღარიბის ხარისხი. 2008 წლის რუსეთის ინტერვენციამ და ჩვენი ქვეყნის გახანგრძლივებულმა ოკუპაციამ უმძიმესი ზიანი მოგვაყენა და მართალია დიდი გარდაქმნები განვახორციელეთ, თუმცა დიდი შეცდომებიც დავუშვით, როგორიცაა მაგალითად გადამეტებულად მკაცრი რეაქცია 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის ქუჩის დემონსტრაციებზე. ჩვენი დემოკრატიული რეფორმები არ დასრულებულა და მუშაობა გრძელდება.

თუმცა ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც 2004 წლის შემდეგ თამამად გაბედეს ქართველებმა, მტკიცე და მასშტაბურია. ჩვენ ცხოვრებაში ვახდენთ რეფორმების რეალიზებას, რათა გავხდეთ არამხოლოდ დემოკრატიული, არამედ ლიბერალური ქვეყანაც, რომელიც იცავს პიროვნების თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას.

სულ რაღაც ექვს წელიწადში ჩვენ განვვლეთ გზა ფეოდალიზმიდან განვითარებადი და მოდერნიზებადი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნამდე. დრამატული ეკონომიკური რეფორმების გამო, რომლის დროსაც უამრავი შეზღუდვა გაუქმდა, საქართველო სასურველი ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით მსოფლიოში მე-11 ადგილზე აღმოჩნდა. ეს ”მსოფლიო ბანკის” მონაცემებია, რომლის თანახმადაც ჩვენ  ნორვეგიას მივსდევთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით  პირველ ადგილზე ვართ.

თუკი ადრე ქართველები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდნენ, იტანჯებოდნენ ენერგიის ხშირი გათიშვებითა და ჩვენი მეზობლების მხრიდან მილსადენებზე განხორციელებული დივერსიების გამო, დღეს ჩვენ ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ მსოფლიოში.

ქვეყანაში კორუფციასთან ომმა საოცარი შედეგები გამოიღო. დღეს 1%-ზე ნაკლები ქართველი საუბრობს იმაზე, რომ მათ ქრთამს სძალავენ. სინამდვილეში საქართველომ ორგანიზაცია Transparency International-ის კორუფციის ინდექსების შეფასებით, 2003 წლის შემდეგ იმაზე დიდ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ და ახლა ევროკავშირის მთელ რიგ წევრ ქვეყნებს უსწრებს.

ჩვენ ვაფართოვებთ სოციალური მომსახურების სფეროს, მათ შორის ღარიბებს სამედიცინო დაზღვევას ვუფინანსებთ. 2006 წელს საქართველოში სამედიცინო დაზღვევა მხოლოდ 48 000 ადამიანს ჰქონდა. ახლა ასეთი ადამიანების რიცხვი ნახევარი მილიონია, მათგან 1.2 მილიონის დაზღვევის ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს. საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ფინანსური დახმარების პარალალურად ჩვენ ამას ჩვენი ათობით-ათასი დევნილისთვის ვაკეთებთ, რომლებიც სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოში ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი გახდნენ.

ჩვენ პირველ რიგში ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში ადამიანების სახელმწიფოსადმი და ერთმანეთთან დამოკიდებულება შევცვალოთ. ჩვენ დავამკვიდრეთ სასურველი გარემო და მივიღეთ ზომები რასობრივი და რელიგიური ნიშნით, ასევე სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის პრევენციისთვის - ეს სიახლეა კავკასიაში. ეს ასევე ნიშნავს განსხვავებულად მოაზროვნეთა დაცვის ბერკეტების გაძლიერებას, როდესაც შარშან აპრილში თბილისის ქუჩებში დემონსტრანტები გამოვიდნენ, ჩვენ განზე გავდექით და არ გამოვიყენეთ ძალა იმის მიუხედავად, რომ მათ ქალაქის მთავარი ქუჩები თითქმის სამი თვით გადაკეტეს. ჩვენ ასევე მტკიცედ ვანვითარებთ საარჩევნო სისტემის რეფორმას.

ეს ყველაფერი ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა 2008 წლის შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობის გულუხვი მხარდაჭერით, მათ შორის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მრავალმილიარდიანი დახმარების წყალობით. აქ ამერიკაში, ეს ორპარტიული პროექტი იყო, რომელსაც მხარი დაუჭირა ხელისუფლებამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახით.

გაკოტრებული სახელმწიფოები იმედს მხოლოდ საკუთარ ხალხს არ უცრუებენ. მათ ასევე ახასიათებთ გარე სამყაროსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ტენდენცია. სწორედ ამიტომ, დღევანდელი გარდაქმნების ისტორიას საქართველოში პირდაპირი კავშირი და მნიშვნელობა აქვს მთელი რიგი საერთაშორისო პრობლემებისთვის, მათ შორის ბირთვული გაუვრცელებლობის გამოწვევებისთვის, რომლებსაც ამ კვირაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი განიხილავდა.

საქმე ის არის, რომ თავად საერთაშორისო პრობლემების შინაარსიც იცვლება. ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეს მისამართით აგრესიის საფრთხე კვლავ არსებობს - სამწუხაროდ ამის დადასტურება საკუთარი გამოცდილებით შემიძლია, თუმცა მსოფლიო ასევე ხშირად ეჯახება მთელ რიგ უფრო ბუნდოვან და ისეთ საფრთხეებს, რომლებსაც არა აქვთ მკაფიო კონტურები. როგორც ობამამ წელიწადზე მეტი ხნის წინ, ბერლინში გამოსვლისას აღნიშნა, ამ საფრთხეების „შეკავება  ერთი ქვეყნის საზღვრებში, ან მათგან ოკეანით გამიჯვნა შეუძლებელია“.

დღევანდელ მსოფლიოში თავად უსაფრთხოების საფუძველში არსებული გათვლები და პროგნოზები იცვლება. ჩვენ ყველას  არამხოლოდ ძალთა ბალანსი, არამედ თანამშრომლობის ბალანსიც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური ალიანსები და სახელმწიფოთა არაფორმალური თანამეგობრობები, რომლებიც მჭიდროდ ურთიერთქმედებენ ჩვენი ეპოქის ახალ საფრთხეებთან გამკლავების ინტერესებიდან გამომდინარე.

თანამშრომლობის ასეთი ბალანსი თანამოაზრე სახელმწიფოებიდან იწყება, რომლებსაც მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოაქვთ ახალი ინიციატივები და გავლენის ახალი ბერკეტები. ამ რიგში პირველები არიან ჩრდილო-ატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნები და სწორედ ამიტომ ვუჭერთ ჩვენ მხარს ნატო-ს და ევროკავშირის გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ალიანსის წევრები არ ვართ.

ურთიერთკავშირი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ მართვასა და ჩვენს საგარეო ვალდებულებებს შორის  ”ვარდების რევოლუციის” პირველი დღეებიდანვე გვქონდა  გაცნობიერებული. ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში, იმ დროს პრეზიდენტის რანგში მყოფმა ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ ის მზად იყო ეღიარებინა ახალი ქართული რეჟიმი, თუკი მის ერთადერთ და უწყინარ თხოვნას დავთანხმდებოდი… რომ ის დანიშნავდა ჩვენს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ჩვენ დავთანხმდებოდით არასრულად დამოუკიდებელ, სუვერენულ და ფუნქციონირებად სახელმწიფოდ არსებობას.

ამის ნაცვლად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებში გამოგვემუსავებინა პერსონალური პასუხისმგებლობა და ამით გამოვავლენდით პასუხისმგებლობას მსოფლიო  თანამეგობრობის წინაშე. ამიტომ, მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით, რათა პატიოსნად და სამართლიანად შეგვეტანა ჩვენი წვლილი გადაუდებელი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში.

ბოლო წლებში სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენით და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების აქტიური შესრულებით, ჩვენ არსებით როლს ვთამაშობთ იარაღით უკანონო ვაჭრობის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ადამიანებით ვაჭრობის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ჩვენ არაერთხელ აღვკვეთეთ ურანის კონტრაბანდის მრავალრიცხოვანი მცდელობა. თითქმის ათასი სამხედრო მოსამსახურე გავგზავნეთ ავრანეთში მრავალნაციონალური კოალიციური ძალების შემადგენლობაში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა ქულების მოპოვებისთვის, არამედ  საკუთარი ღირებულებების ერთგულების ნიშნად.

ეს ყველაფერი შეიძლება გონივრულად და ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს  ნორმალური სახელმწიფოსთვის, რომლის ღირებულებებიც ნდობას იმსახურებს, თუმცა ზოგიერთი ქვეყნისთვის ასეთი ნორმალური, სანდო ფასეულობები, სინამდვილეში ძალიან სახიფათოა. ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლება, პასუხისმგებლობა და პირადი ღირსების განცდა რეალური საფრთხეა იმ რეჟიმისთვის, რომელიც ძალაუფლებას რეპრესიებით, დაშინებითა და კლანურობით ინარჩუნებს.

როგორც ამას უახლესი ისტორია გვიჩვენებს, სწორედ ეს იყო  2008 წელს რუსეთის ინტერვენციის რეალური მიზეზი - ის, რომ ჩვენ „დასავლეთისკენ სვლა“ ვარჩიეთ, ის თუ როგორ ვმართავდით ჩვენს ქვეყანას და როგორი დამოკიდებულება გვაქვს სამყაროსთან. ჩვენი პატარა სახელმწიფო არც ერთ მის მეზობელს არ ემუქრებოდა, თუმცა ჩვენი შორს მიმავალი ფასეულობები საფრთხეს წარმოადგენდა.

მაგრამ საქართველოს არჩევანი სწორედ ასეთია: იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს საკუთარი ღირებულებებით, როგორც შიდა, ასევე საგარეო საქმეებში. ზოგჯერ ამის გამო  ვიღაცეები წუხდებიან, თუმცა ეს არის ის, რაც ჩვენ სანდო პარტნიორებად გვაყალიბებს თანამშრომლობის გააქტიურების ახალ ძალისხმევებში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც საერთაშორისო უსაფრთხოებაა.