საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პარიზი-მოსკოვის ბუნდოვანი თანამშრომლობა

Le Temps 18.05.2010

ალენ დელეტროზი 

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ ალენ დელეტროზს მიაჩნია, რომ რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდმისტრალის" მიყიდვა დროული არ არის, რადგან კრემლი დღეს ნატოს ნომერ პირველ საფრთხედ აღიქვამს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც როგორც კი რუსეთის ევროკავშირთან ურთიერთობის აღწერაზე მიდგება საქმე, ყველაზე ხშირად მოსკოვში სიტყვა „პარტნიორობა" გაისმის. ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ამ სიტყვას ყველაზე ღრმა კრიზისების დროსაც იყენებენ. ასე მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს კონფლიქტის დროს, როდესაც რუსულ და ევროპულ მედიებს შორის ნამდვილი ომი წარმოებდა, კრემლის ხელმძღვანელობა თავის „დასავლურ და ევროპულ პარტნიორებზე" საუბარს განაგრძობდა. რაც შეეხება რუსეთსა და საფრანგეთში მოსკოვისთვის „მისტრალის" ტიპის ხომალდების მიყიდვაზე არსებულ პოლემიკას, აქ საუბრის „პარტნიორულმა" მანერამ მოსკოვიდან პარიზში გადმოინაცვლა. ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მოსკოვთან ვერანაირ ნამდვილ პარტნიორობაზე საუბარი ვერ იქნება რუსეთისადმი სრული ნდობის გარეშე, მათ შორის თავდაცვით სფეროშიც.

ის ნაწილობრივ მართალია. დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარ არის, არც სიძლიერით და არც იდეოლოგიური ქიშპობით დასავლეთ ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან. ეს საშუალო დონის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკური კავშირებიც ევროპასთან თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც თავად მისთვის ასევე ევროკავშირისთვისაც. რა ბედი ეწეოდა რუსეთის ხაზინას იმ ფულის გარეშე, რასაც ევროპელები ყოველთვიურად იხდიან მისი ნედლეულის, პირველ რიგში კი გაზისთვის? მაგრამ მეორეს მხრივ რა ბედი ეწეოდა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზარმაზარი მეზობლის გარეშე, რომლის ენერგორესურსებიც ფაქტობრივად შეუზღუდავია? ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ნორმების სფეროში უთანხმოების მიუხედავად, ცხადი ხდება, რომ რუსეთს და ევროკავშირს შორის არსებული ენერგეტიკული პარტნიორობა ამ ორ გეოგრაფიულ სივრცეს ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულ ზონად აქცევს.

და მაინც, როდესაც საქმე თავდაცვაზე მიდგება, პარტნიორობა ფერმკრთალდება. ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთი ნატოს მმართველ სტრუქტურებში დააბრუნა, იმ დროს როდესაც დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინა გამოაქვეყნა, რომლის თანამხადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფრთხედ მოიხსენიება და ტერორიზმი მას ბევრად ჩამორჩება.             

შესაძლოა, ეს ყველაფერი საზოგადოებრივ აზრზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით აიხსნება? აბსოლუტურად შესაძლებელია, რადგან კრემლთან დაახლოებულ ექსპერტებს ძალიან საეჭვოდ მიაჩნიათ ის, რომ პრეზიდენტი ნატოს შეიძლება აღიქვამდეს იმ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ პრობლემად, რომლის მოსახლეობაც განუხრელად მცირდება, ხოლო ცენტრიდანული ტენდენციები და ორგანიზებული დანაშაული მისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსი, რომელიც ახალი გზის ძიებაშია... ამ ყველაფრის ფონზე, მედვედევმა გადაწყვიტა ნატოს თავის ნომერ პირველ მტრად გამოცხადება. საფრანგეთი კი ნატოს წევრია. შესაბამისად, რამდენად გონივრულია „პარტნიორის" შეიარაღება, რომელმაც მკაფიო მიზეზების განმარტების გარეშე მტრად მონათლა ალიანსი, რომელშიც საფრანგეთმა სრულად დაბრუნება გადაწყვიტა?     

რუსეთის პატარა მეზობლები საკუთარ საზღვრებთან მოსკოვის შეიარაღებას უფრთხიან. თანაც, ეს არ ეხება მხოლოდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ყოველთვის ნეიტრალური ფინეთი სიტუაციით იმდენად შეშფოთებულია, რომ ქვეყანაში ღიად განიხილავენ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას. ძალიან ნევროტული განწყობებია საქართველოშიც. პრეზიდენტი მედვედევი საქართველოს მუდმივად ადანაშაულებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებისკენ მძიმე ტექნიკის გადაადგილებაში. ევროკავშირის დამკვირვებლები ამ ბრალდებებს სრულად უარყოფენ, ხოლო ზოგიერთებს უჩნდებათ კითხვა, რატომ არ იშლის რუსეთის ლიდერი ამ საომარ განცხადებებს. ხომ არ ეძებს ის საბაბს იმისთვის, რომ როდესაც საერთაშორისო პირობები ამის საშუალებას მისცემს, თბილისზე შეტევა წამოიწყოს, რისიც ქართველებს ეშინიათ? რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა კარგი იქნებოდა თუკი ნიკოლა სარკოზი მიმართავდა ევროპულ მისიას, რომლის შექმნასაც თავად უწყობდა ხელს, იმის გასარკვევად, ბოლოს და ბოლოს სიმართლეს რომელი ამბობს - მისი „პარტნიორი" თუ დამკვირვებლები.

საქართველოში ომის დასრულებაზე ხელშეკრულებებს 2008 წელს ევროკავშირის თავმჯდომარის რანგში ნიკოლა სარკოზიმ, ხოლო რუსეთის ფედერაციის სახელით დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამისა, რუსეთი არაფრად აგდებს ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს და არ სურს ჯარის გაყვანა იმ პოზიციებზე, რომლებიც კონფლიქტის დაწყებამდე განისაზღვრა. თუმცა პარიზში ძალიან მსუბუქად აღიქვეს ის ფაქტი, რომ 2008 წელს 500 მილიონი ევროპელის სახელით რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, ასე მარტივად დაირღვა და ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა.

მოსკოვისთვის „მისტრალის" მიყიდვა, უდაოდ განამტკიცებს კავშირებს საფრანგეთს და რუსეთს შორის. თუმცა, დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა, თუკი ორივე მხარე გაფანტავდა იმ ბურუსს, რომელიც მათი ურთიერთობების აღქმას ართულებს. რეგიონში საფრანგეთისადმი ნდობა შეიძლება საგრძნობლად შეირყეს, თუკი რუსეთს ვერტმფრენმზიდებს ისე მიჰყიდიან, რომ მისი უახლოესი მეზობლების უსაფრთხოების და ნატოს (შესაბამისად საფრანგეთის), როგორც რუსეთის ფედერაციის მთავარი მტრის  სტატუსის საკითხები მკაფიოდ არ გაირკვევა. თუკი, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ხელმძღვანელობას, პირველ რიგში მერკანტილური ინტერესები არ აწუხებს...