საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

 ვარშავაში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონებად პირველად არის მოხსენიებული და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში", ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგვარი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა". პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მასში "ყველა მტკივნეული საკითხი" ადეკვატურადაა შეფასებული. "დოკუმენტი ცალსახად მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან შეასრულოს "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამასთან, რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეფასებულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები. გარდა ამისა, ის გმობს ეთნიკურ წმენდას. რეზოლუციაში პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა მკაფიო და მხარდამჭერი ტექსტის დაფიქსირება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ასამბლეის სესიის დასრულების შემდეგ. მისივე შეფასებით, " ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და დადებითი დოკუმენტი მათ შორის, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ბოლო პერიოდში მიღებულა. მისივე თქმით, "რეზოლუციით გამოხატულია მთელი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების, ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის აზრი, რომ არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი და ოსეთი არ არსებობს".ასამბლეა "მიესალმება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც" და აღნიშნულ კონტექსტში დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რასაც ალიანსში შემავალი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს". ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნული რეზოლუცია ალიანსის ლისაბონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.