საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 23.11.2010

 

დღეს, სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან წარმოსთქვამს სიტყვას, რომლითაც რუსეთს გაუწვდის ხელს, რათა წერტილი დაესვას 2008 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარმოებული ომით გაჩენილ კრიზისს. პრეზიდენტი სააკაშვილი ფიგაროსთან განმარტავს ამ ინიციატივას.

Lე Fიგარო: კმაყოფილი ხართ ლისაბონის ნატოს სამიტითა და პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან თქვენი შეხვედრით?

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, უფრო მეტიც, სასიამოვნოდ გამიკვირდა კიდეც, რომ საქართველოს საკითხი გარიყული არ აღმოჩდა დღის წესრიგის მოზღვავებულ საკითხთა ფონზე: ავღანეთი, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ნატო-რუსეთის ურთიერთობები. უკრაინაში, უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების იდეაზე ხელის აღების შემდეგ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ყურადღება სხვაგან გადაინაცვლებდა. მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ. საბოლოო კომუნიკეს ტონი გაცილებით უფრო პრინციპულია ვიდრე წინა ფინალური განცხადებებისა. იგი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი. ამასთან საქართველოს საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსეთთან დაკავშირებულ პარაგრაფში. ლისაბონიდან გამხნევებული დავბრუნდი იმის დადასტრუებული განცდით, რომ საქართველო არასოდეს გახდება საერთაშორისო ვაჭრობის საგანი.

ნატო-რუსეთის დაახლოება გაშფოთებთ?

დაახლოება აშკარაა, მაგრამ მოსკოვმა ამას კონკრეტული ვალდებულებებით უნდა უპასუხოს. დიმიტრი მედვედევი ძალიან თბილად მიიღეს ლისაბონში, მაგრამ ვლადიმერ პუტინს სურვილი აქვს კვლავ შეცვალოს იგი პრეზიდენტის პოსტზე. მეორეს მხრივ, თუკი რუსეთი ევროპას დაუახლოვდება და უფრო ცივილური გახდება დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაში – ამ მხრივ პრეზიდენტმა სარკოზიმ პირველმა დაიწყო მოქმედება ორი წლის წინ – ეს მხოლოდ შეამცირებს რუსულ პარანოიას და გააუმჯობესებს რუსეთის ურთიერთობებს თავის ყველა მეზობელთან.

რუსულ მენტალიტეტში, საქართველო დასავლეთთან, ამერიკასთან და ნატოსთან დაპირისპირების პოლიგონად აღიქმებოდა. ეს მათთვის ცივი ომის ერთგვარი გაგრძელება იყო. მედვედევი ჩვენთან შეთანხმებას რომ არც აპირებდეს, დაპირისპირების ლოგიკა ისეთი ვეღარ იქნება, როგორც უწინ.

რაიმე დადებით ცვლილებას გრძნობთ რუსეთის მხრიდან საქართველოში?

ადგილზე, ვითარება კვლავაც ძალზედ მძიმეა. თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი დევნილად იქცა, ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენი საზღვაო ზოლის ორი მესამედი დავკარგეთ. რუსებმა აფხაზეთში ნავთობის მოძიება დაიწყეს. მოსკოვი უარს ამბობს საქართველოს მთავრობა სცნოს. თუმცა, გარკვეული ძვრები რუსულ ელიტაში იგრძნობა. ბევრი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მინისტრები დადებითად აფასებენ ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლასა და პოლიციის რეფორმას. ამ რეფორმებმა გარკვეული შთაგონება რუსეთის ხელისუფლებასაც გაუჩინა. ეს ნამდვილად დადებითი განვითარებაა, რადგან 2 წლის წინ საქართველოს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევდნენ. ჩვენ ეს ევოლუცია უნდა გამოვიყენოთ.

პირველი, რომელიც ამას მიხვდა ნიკოლა სარკოზი იყო. 2008 წლის ომიდან ორი თვის შემდეგ იგი რუსეთთან გახსნილ პოლიტიკაზე ალაპარაკდა და ამბობდა, რომ ეს უთუოდ იქონიებდა შედეგს. მაშინ მე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ რასაც დღეს ვხედავთ, უნდა ვაღიარო, რომ ის მართალი ყოფილა. ჯერ საბოლოო შედეგზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ დადებითი ელემენტები სახეზეა.

თქვენის მხრივ, მოსკოვის მიმართ დიალოგის სასასრგებლოდ გახსნილობის ჟესტის დემონსტრირებისთვის მზად ხართ? და ევროპარლამენტის წინ ეს ყველაზე უპრიანი არ იქნება?

დალაი ლამასთან ერთად, მე ევროკავშირის არა წევრ სახელმწიფოთა მეთაურთაგან ერთადერთი ვარ, რომელსაც უკვე მეორედ მეძლევა შანსი ევროპარლამენტის წინაშე წარვსდგე. პირველად ეს 4 წლის წინ მოხდა, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ. ეს სასწაულის ტოლფასია, მაგრამ ამასაც პრეზიდენტ სარკოზის ჩარევას უნდა ვუმადლოდე.

მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე ვისაუბრო. ეს ცოტა არ იყოს საკამათო ინიციატივაა, რადგან ნებისმიერი ოკუპირებული ქვეყნის უფლება და მოვალეობაც კია, რომ იბრძოლოს, მათ შორის სამხედრო საშუალებებითაც, რათა საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. მე ამ საკითხს სხვაგვარად ვუყურებ. ჩვენ გვაქვს ავღანეთის მაგალითი, რომელმაც მართალია განდევნა საბჭოელი ოკუპანტი, მაგრამ ქვეყანა მიწასთან გასწორდა, პრობლემები კი კვლავაც რჩება. საქართველო თანამედროე, ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს. არ გვინდა ავღანეთისა და ჩეჩნეთის ხვედრი გავიზიაროთ.

ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რათა პირდაპირ დავლაპარაკებოდით რუსებს. მაგრამ, ყოველი დიალოგის წინადადებაზე მუდამ მკვახე უარს ვიღებდით. ისღა დამრჩენია ევროპარლამენტის მორალური ავტორიტეტით ვისარგებლო და ძალის არგამოყენების ეს ცალმხრივი აქტი აქედან გავაჟღერო.

ჩვენ არ ვაპირებთ დამპყრობლის წინააღმდეგ იარაღი აღვმართოთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს უფლებებზე უარს ვამბობთ. ჩვენი ბრძოლა გადაინაცვლებს იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ველზე. სტრატეგიული მოთმინება გვმარებს, რამაც არა მარტო ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებამდე უნდა მიგვიყვანოს, არამედ რუსეთთან შერიგებამდეც კი. წარმოიდგინეთ, რომ შევძლოთ კიდეც რუსების განდევნა, მაგრამ კიდევ 50 წლის განმავლობაში მოსისხლე მტრად მოვიკიდოთ იგი. ეს არ არის სასურველი. ჩვენ გეოგრაფიულ რეალობას ვერ შევცვლით და უნდა მივაგნოთ საშუალებას, რომ ჩვენი სათქმელი რუსებს შევასმინოთ.

ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივი განცხადებით თქვენ რუსეთს უწვდით ხელს?

ნამდვილად ეგრეა. ძალიან გახსნილად, ძალიან ევროპულად და ევროპული ფორუმის ფარგლებში. ამგვარი დიალოგის შესათავაზებლად ევროპარლამენტზე უკეთესი ადგილი რა იქნებოდა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტესტია და არა მარტო ჩვენთვის. სსრკ-ს არც ერთ სხვა ქვეყანას საკუთარი ტერიტორიის ოკუპაცია არ განუცდია. ყველა ქვეყანა ყურადღებით აკვირდება რა მოხდება რუსეთ-საქართველოს შორის.

უპირობო დიალოგს სთავაზობთ?

დიახ. ნებისმიერ ადგილზე, ყოველგვარი პირობების გარეშე და ნებისმიერ დონეზე. უნდა დავიწყოთ საუბარი. ჟენევის მოლაპარაკებები მხოლოდ ადგილზე მომხდარ ინციდენტებს ეხება. რაც შეეხება მაგალითად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (რომელში რუსეთის გაწევრიანება საქართველომ შეიძლება დაბლოკოს) მოსკოვი საქართველოს არსებობაზე თვალს უბრალოდ ვერ დახუჭავს. ეს არ გახლავთ ნორმალური ვითარება.

საქართველო შეიძლება შეურიგდეს რუსეთთს თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება?

ამჟამად სიტუაცია გაუსაძლისია. აფხაზეთშიცა და ოსეთშიც. ორივე შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოძევებულ იქნა. სტალინის დრო აღარაა. მენტალიტეტი შეიცვალა. საერთაშორისო დონეზეც ეს ვითარება არაკანონიერია, როგორც ადგილზე ისე სამართლებრივად. არ მგონია, რომ ეს  რუსეთის ინტერესებში იყოს. რუსებისათვის ეს რთული იქნება, მაგრამ საუბარი უნდა შედგეს. დიალოგი ამ საკითხით არ უნდა შევზღუდოთ.

რადგან ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რუსეთს ეგონა, რომ ის რაღაცას აძლევდა დასავლეთს და საქართველოს საკითხს დაივიწყებდნენ, მაგრამ ახლა მიხვდნენ რომ ასე არ გამოვა.

თქვენ გაატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პრეწიდენტის უფლებამოსილების დიდ ნაწილს პარლამენტსა და პრემიერ მინისტრზე გადაანაწილებს. არადა, თქვენი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო მანდატი 2013 წელს იწურებახომ არ აპირებთ მოიქცეთ ისე, როგორც მოიქცა პუტინი?

საქართველო არასოდეს მიიღებს პუტინისეულ სისტემას. ჩვენი რეფორმა არის ევროპული მოდელით შთაგონებული და არის გაწონასწორებული და არც ერთ პიროვნებაზე არაა მორგებული, მეტადრე ჩემზე. ჩვენ კიდე 3 წელი გვაქვს, რათა რადიკალური რეფორმები მივიყვანოთ ბოლომდე განათლების, ეკონომიკური მართვისა და დეცენტრალიზაციის სფეროებში. ეს რეფორმები გაგრძელდება 2013 წლამდე. ამ რეფორმებისათვის დამღუპველი იქნება, რომ  შემაფერხებელ, პოლიტიკური კარიერა მოჭმულ, საპენსიოდ გამზადებულ პრეზიდენტად მოვიაზრებოდე.

რას ელოდებით საფრანგეთისგან?

საფრანგეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მას ბავშვობიდან ვიცნობ, იქ ვსწავლობდი. ამასთან, სარკოზი საქართველოში ჩამოვიდა და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს. ომის დროს მან თავის ხელთ არსებული კარტები გამოიყენა და თითქმის შეუძლებელი შეძლო:  დააშოშმინა ვითარება და ევროპას ეს რეგიონი გადაურჩინა.

მან სტრატეგიოულად იმოქმედა, რადგან საქართველო რომ დაცემულიყო ეს ნიშნავს, რომ ევროპა დაკარგავდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. კონფლიქტის შემდეგ, მაშინ, როცა ბევრი სხვა სახელმწიფო ყოყმანობდა, პარიზში ჩემი ოფიციალური ვიზიტით ქართველები დარწმუნდნენ, რომ ერთგული მეკავშირეები გვყავს. საფრანგეთი ჩვენი პირველი ბუნებრივი პარტიორია.

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal