საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 24.11.2010

 

გუშინ, ბრიუსელის პარლამენტის წინაშე, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, იმ სახელმწიფოს მეთაურმა, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, შეეცადა ევროპის სადარდებელი გაექარწყლებინა, მანამდე კი ჯერ ნატო დაამშვიდა. ეს კი ოკუპანტის მიმართ ცალმხრივად ნაკისრი ვალდებულებით მოახერხა, რომლის თანახმადაც იგი უარს ამბობს ძალის გამოყენებაზე და მას უპირობო დიალოგის დაწყებას სთავაზობს. კანტისეული მარადიული მშვიდობის ღიად გამოხატული მსგავსი პაციფიზმი განსაკუთრებით იმიტომაცაა შესანიშნავი, რომ გააზრებული ინსტიქტით ესადაგება იმ ძირეულ ცვლილებებს, რომელიც ამერიკელი გიგანტის ერაყში მარცხის შემდეგ სენივით მოედო საერთაშორისო ურთიერთობებს : დომინანტი ერები და თავად ჩინეთიც მაშინ ხვდებიან ძალისმიერი პოლიტიკის ზღვარს, როცა ეს პოლიტიკა მხოლოდ ძალთა თანაფარდობას ეყრდნობა. სააკაშვილის ეს ინიციატივა (იგი საფრანგეთში სწავლობდა, ჰოლანდიელზე დაქორწინდა, ოცდაათიოდე წლის ლონდონში, ჰეიდელბერგსა და ჰარვარდში განათლებამიღებული მინისტრები შემოიკრიბა) ყურადღებას იმით უფრო იპყრობს, რომ იგი რადიკალურად საპირისპიროა იმ გულისგამაწვრილებელი, ქსენოფობიური და კორუმპირებული ადმინისტრაციული  მემკვიდრეობისა, რომელიც საბჭოური საყინულედან გამოღების შემდეგაც უცვლელი რჩებოდა.

ამჟამინდელი მმართველი გუნდი ახალგაზრდებზე, ქალებსა და ეროვნულ უმცირესობებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი თავისუფლებების რთულ ნიძლავს შეეჭიდა, რაც მას აშკარად განასხვავებს ძველი რეჟიმისაგან. კერძოდ კი პრესის და ყველაზე კონკრეტული გამჭვირვალეობის მაგალითით : – ყოფილი პოლიციის კომისარიატი ამჟამად დიდი მინის გამჭვირვალე შენობაა. აქ, 29 წლის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ახალგაზრდა ქალმა 20.000 პოლიციელი დაითხოვა სამსახურიდან. ამ ახალგაზრდათა ჯგუფი, ძირითადად კერძო კაპიტალის საშუალებით ეწევა თბილისისა და შავი ზღვის სანაპიროს აღმშენებლობას, სახელდობრ კი თავის დროზე ალფრედ ნობელის მიერ რესტავრირებულ ქალაქ ბათუმში თვალის გასაშტერებელი სილამაზის კულტურულ კომპლექსებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას აშენებს.

ლიბერალური, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალი ხელისუფლება 6% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარს იწესებს. რაც შეეხება რელიგიურ საკითხს, იგი ტრადიციონალიზმის ნაცვლად სეკულარული სულისკვეთების პლურალიზმს თავს გაცილებით უკეთ ართმევს ვიდრე მეზობელი თურქეთი.

რა თქმა უნდა, საქართველო საკუთარმა  ისტორიამ გახადა გამორჩეული. ელენისტური საბერძნეთისა და სპარსული გავლენის მატარებელ ყოფილ კოლხეთს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა რუსეთის იმპერიაში, 1801 წლის ანექსიიდან 1991 წლამდე პერიოდში, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მიუხედვად სტალინისა და ბერიას გამო ამ ქვეყნის რეპუტაციის გახუნებისა, აქ მენშვიკები დომინირებდნენ ვიდრე მათ ლენინი 1917 წლის რევოლუციით დაამარცხებდა.

თითქმის ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გამო, საქართველო  ყირიმის მსგავსად საბჭოელი ჩინოვნიკებისათვის გამორჩეულ ადგილად მიიჩნეოდა. მართლმადიდებლობამ კი, რომელიც აქ ძირითადი რელიგიაა, ქვეყანა ისლამის გავრცელებისაგან დაიფარა, თუმცა ორივე აღმსარებლობა აქ მშვიდად თანაარსებობს.

რა ხდება დღეს: ამ თავისებურებებზე როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ინფორმირებული, რიგითი მოგზაური, რომელსაც მობეზრდა და გულის უწყალებს აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების კონტროლი და დაცინვა-ქილიკი, რომლებიც იქ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ კრემლის ხელდასმით იმყოფებიან, მაინც გაოცებულია ამ მიწაზე ტრადიციული ცივილური სტუმართმოყვარეობით.

1991 წლის დამოუკიდებლობას რთული წლები მოყვა. ნაციონალისტი გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ, რომელიც რუსებმა 1993 წელს მოიშორეს, ქვეყანას ყოფილი კომუნისტი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში, რუსეთის ზეწოლა არც მისი პრეზიდენტობის და არც მიხეილ სააკაშვილის 2003 წლის ნოემბრის « ვარდების რევოლუციის » შემდეგ შენელებულა. 2007 წლის ნოემბერში მის წინააღმდეგ აგორებულმა მოძრაობამ, კინაღამ მისი ხელისუფლებიდან წასვლა გამოიწვია. შემდეგ კვლავ გააქტიურდნენ სეპარატისტები, რომელსაც 2008 წლის კონფლიქტი მოყვა. 2009 წლის აპრილიდან ისევ საწინააღმდეგო მანიფესტაციები დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებას კი გონიერება ეყო და მანიფესტანტებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დღევანდელი ანალიზისთვის აუცილებელია სწორედ კონფლიქტების ეს თანმიმდევრობა გავითვალისწინოთ, რათა უკეთ შევაფასოთ ეს იმავდროულად პატრიოტული და დასავლური გამოცდილების პარადოქსი. მისი კონსოლიდაცია მხოლოდ საფრანგეთის თავმჯდომარეობის ქვეშ ევროკავშირის მიერ შეჩერებული კონფლიქტით მოხერხდა.

ეს ქართველები კიდევ 3 წელიწადს აძლევენ საკუთარ თავს წარმატების მისაღწევად. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მათი წამოწყებული საქმე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყველგან რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც იგივე მცდელობები კულტურულ უარყოფას შეემსხვრა, თბილისში ჩასახული “პოსტმოდერნული სინთეზი” თუ ეტალონად არა, მაგალითად ნამდვილად გამოადგებათ მათ, ვინც უარს არ ამბობს თავისუფლების საბოლოო გამარჯვებისათვის ბრძოლაზე.