საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le figaro 02.12.2010

 

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს გაგანია ომის დროს, საფრანგეთის სახელმწიფო მეთაური რუსეთის დიპლომატიის თავკაცთან, სერგეი ლავროვთან სერიოზულად წაკინკლავებულა, რასაც დეტალურად აღწერს ვიკილიკის მიერ გავრცელებული ამერიკული დოკუმენტი.

2008 წლის ზაფხულის რუსულ-ქართულ კრიზისის მართვა ხშირად სარკოზის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ფრანგული დიპლომატიის მთავარ მიღწევადაა წარმოჩენილი. საფრანგეთის თავკაცმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ფრიად ახლოს მიიტანა გულთან, ურთიერთს მტრად მოკიდებულ მეზობელს შორის მედიატორობა იკისრა და მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც წაჰგლიჯა, რომელსაც ჯერ 15 აგვისტოს თბილისში მოეწერა ხელი, მეორე დღეს კი მოსკოვში.

სახელდობრ, ეს სამშვიდობო გეგმა რუსული ჯარების დაუყოვებლივ გაყვანას ითვალისწინებდა საქართველოს სეპარატისტული, პრო-რუსული რეგიონებიდან სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. მაგრამ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი ისე ვერ წარიმართა, როგორც ეს სარკოზის სურდა : მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსული სამხედრო შენაერთები იმავე პოზიციებზე დაბანაკდნენ. მიზანი : საქართველოსა და ოსეთს შორის (რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა) ბუფერულ ზონაზე კონტროლი შეენარჩუნებინა.

8 სექტემბერს, ახალი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში მიბრუნებული სარკოზი ტონს უწევს. მოლაპარაკებას მართავს რუსეთის დიპლომატიის თავკაცთან, სერგეი ლავროვთან. მეორე დღეს, ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი მოსკოვში პოსტზე მყოფ ამერიკელ კოლეგასთან აღწერს ამ შეხვედრის « საკმაოდ მძიმე გარემოს.» ერთ მომენტში, სარკოზიმ ლავროვს პიჯაკის საყელოში მოქაჩა და მძაფრი სიტყვებით ცრუპენტელა უწოდა- აღნიშნულია ვიკილიკის მიერ გავრცელებულ ამერიკის საელჩოს ერთერთ ანგარიშში, რომელიც ლე მონდმა დაბეჭდა. « როგორც ჩანს, სარკოზიმ რუსეთი გააფრთხილა, რომ მისი « სერიოზული ზესახელმწოფოს » იმიჯი სერიოზულად შეილახა ვალდებულებათა შესრულებაზე უარის თქმის გამო ». აზუსტებს იგივე დოკუმენტი.

მოსკოვის სამშვიდობო გეგმა «ბის»

ამ კვირის განმავლობაში გამჟღავნებული სხვა ცნობა-დეპეშებიდან ჩანს, რომ ამერიკული დიპლომატია თავშეკავებით განიხილავს ნიკოლა სარკოზის საშუამავლო მოღვაწეობას.

ვაშინგტონის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მრავალ « ბუნდოვანებას » შეიცავს, რაც მოსკოვს შესაძლებლობას უტოვებს ტექსტის « ყალბი ინტერპრეტაციით » ისარგებლოს. ლე მონდის ინფორმაციით, ამერიკული დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ რუსებს ევროპელი დიპლომატების გაცურებაც უცდიათ და ელისეის სასახლეში შედეგენილი შეთანხმების ტექსტის პარალელურად სხვა, რუსეთისთვის სასარგებლო ვარიანტიც შეუთხზავთ, რომელზეც მედვედევს წინასწარ მოუწერია ხელი. შეიძლება ამითიც აიხსნას საფრანგეთის პრეზიდენტის ესეთი განრისხება.

ვიკი ლიკის არხით გავრცელებული კიდევ ერთი დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, მიუხედავად მისი პირობისა კრიზისის მოგვარებაში მთავრი როლი არ ეთამაშა, საფრანგეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებია ცეცხლის შეწყვეტის პირველი შეთანხმების დამატებით ტექსტზე. კერძოდ კი საუბარია 14 აგვისტოს სარკოზისადმი მიწერილ წერილზე, რომელშიც რუსი ჯარისკაცების განლაგებაზე დაზუსტებული ინფორმაცია იყო. ლე მონდი მიიჩნევს, რომ მოსკოვი დღემდე უარყოფს აღნიშნული წერილის რაიმე საერთოს ქონას პირველ შეთანხმებასთან.

რუსული ჯარები ნაწილობრივ კი გავიდნენ ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკებიდან, მაგრამ მოგვიანებით, 2009 წელს ხელახლა განალაგა სამხედრო კონტიგენტი ამ ორ ტერიტორიაზე.

ვიკილიკის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი დეპეშის მიხედვით, ამერიკელების აზრით, კონფლიქტი « კვიპროსული » სცენარით წარიმართა, რუსეთის სამხედრო ოკუპაციით, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება. დღეს კრიზისი გაჭიანურებული და მოუგვარიებელია : ეუთოს სამიტზე, ოთხშაბათს, ბრიტანეთის ვიცე პრემიერმა ნიკ კლეგმა მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა დიალოგისკენ მოუწოდა, მაგრამ უარი არ უთქვამს დაიბრუნოს რასაც იგი 2008 წლის შემდეგ « ოკუპირებულ ტერიტორიებად » მიიჩნევს.