საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 06.12.2010 იზაბელ ლასერი

თბილისმა რეალიზმი ირწმუნა

რუსების სურვილის პასუხად კავკასიის სამხრეთი ყველაფრის ფასად აკონტროლონ, საქართველოს პრეზიდენტმა სათანამშრომლოდ ხელის გაწვდენა არჩია. იქნებ ის მაინც გადაარჩინოს, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება. მაგრამ აქ ყველაფერი დროებითი გამარადიულებულია.

თბილისის ცენტრში, უზარმაზარი პოსტმოდერნისტული, იტალიელი არქიტექტორის დე ლუჩეს მიერ აშენებული შუშის გამჭვირვალე შენობა ქალაქს 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ შეემატა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს წამყვანი, შინაგან საქმეთა სამინისტროა. მის ფონზე, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მოძველებულ, დამხმარე სათავსოებად მოჩანს.

ოდესღაც კგბ-ს ჯაშუშებით გატენილმა უშიშროების სამინისტრომ 2003 წლის « ვარდების რევოლუციის » შემდეგ სახელი შეიცვალა. აქ, ეხლა ვიწრო კაბიანი გოგონები და სპორტული აღნაგობის ბიჭები დაფუსფუსებენ. მათი ასაკი 30ს არ აღემატება, რამდენიმე უცხო ენაზე საუბრობენ და არც სამსახურში გატარებულ საათებს ითვლიან, მათ შორის, როცა შაბათ კვირას ან უქმე დღეებში უწევთ მუშაობა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხალმოკლე ომის დროს, სამხედროების ნაცვლად პოლიციელები იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე. დღესაც, ამ ხაზის გასწვრივ ისევ შინაგან საქმეთა სპეცრაზმი პატრულირებს. « ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, საქართველო ბალტიის ქვეყნებთან ერთად ერთადერთია, რომელმაც კგბ-ს სისტემა ოფიციალურად გააუქმა. რუსული გავლენისაგან განწმენდილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის სიმბოლო გახდა. სწორედ ეს ვერ მოუნელებიათ რუსებს, რომლებიც, როგორც წესი უშიშროების სტრუქტურებს იყენებენ რეგიონის ქვეყნების ვასალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. » გვეუბნება ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი.

დრო გადის, მაგრამ კრემლის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში იგივე რჩება. ნებით თუ ძალით კვლავაც რუსული კალთის ქვეშ შემოაგდოს ეს პატარა კავკასიური რესპუბლიკა. წინ აღუდგეს მის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც, მოსკოვის აზრით, ერთობ ცუდი ნიშანი იქნება სხვა, ამისათვის გამზადებული ქვეყნებისათვის, როგორიცაა უკრაინა და ბელორუსია, რომლებიც ვაითუ ემანსიპაციის სურვილით ასვე ცდუნდნენ.

« რუსეთი საქართველოსა და უკრაინას რუსეთის განაპირა, საუკეთესო კოლონიებად განიხილავს ურომლისოდაც თითქოს იმპერიის მოდერნიზება შეუძლებელი იყოს », განმარტავს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. საქართველოსთვის დასავლეთის გზის გადაკეტვით, მოსკოვს ენერგომატარებლების მარშრუტების მონოპოლიზება სურს, რაც დასავლეთთან მიმართებაში კრემლს პოლიტიკურ იარაღად ჭირდება.

სოფელ ახმაჯში შესასვლელ, პატარა ხიდთან, უკვე რა ხანია მორიგეობენ, უხალისოდ. ქვიშის ტომრებით შეკოწიწებულ სადგომებში თეთრად გათენებული ღამეებით სახე გაწითლებული და თვალებჩაცვენილი თბილისიდან გამოგზავნილი სპეცრაზმელები ფრონტის ხაზს იცავენ. მეორე მხარეს, ფსბ-ს (ყოფილი კგბ) რუსი ჯარისკაცები ბანაკს ამაგრებენ. დღეში ორჯერ ევროკავშირის დამკვირვებლები დურბინდით აკვირდებიან ფრონტის გამყოფ ხაზს, მაგრამ არასოდეს გადადიან ხიდს იქით, რადგან 2008 წლის აგვისტოსდროინდელ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად  რუსები მათ უკრძალავენ საკონტროლო ხაზის გადაკვეთას.

 

«ეს ახალი ომის დასაწყებად საკმარისია»

საქართველოს დედაქალაქიდან დაახლოებით 35 კმ დაშორებით მდებარე დაბა ახალგორი რუსულმა სამხედრო ძალებმა 16 აგვისტოს დაიკავეს, ანუ თბილისსა და მოსკოვს შორის ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკოლა სარკოზის ნებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებიდან 4 დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ფორმიანმა ჯარისკაცებმა რამდენიმე ასეული მეტრით დაიხიეს უკან და 18 ოქტომბერს პერევიდან გავიდნენ, რუსები მაინც ებღაუჭებიან კონფლიქტის დროს ხელში ჩაგდებულ სტრატეგიულ ზონებს.

რუსების მიერ ხელახლა ლენინგორად მონათლულ ახალგორზე კონტროლით, ყოფილ წითელ არმიას, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ქვეყანა ორად გაყოს. იმ სიმაღლეებიდან კი, სადაც მათ კაპიტალური გზები გაყავთ, რუსებს თბილისის დაბომბვაც შეუძლიათ.

ამ ზონებში მცხოვრები ქართველებისთვის ეს დროებითი მდგომარეობა გაუთავებლად იწელება. გაცრეცილი პოლიეთილენის ჩანთით ხელში, წელში მოხრილი და თვალებგამოღამებული გიორგი ხიდზე ფეხისთრევით გადმოდის. კვირაში ერთხელ მოინახულებს ხოლმე ახმაჯის სახლს, პატარა ბაღში ხილს დაკრეფს და გვარიანადაც შეუკურთხებს რუს ჯარისკაცებს, ვიდრე კვლავ წეროვანს მოაშურებს, სადაც ქართველი დევნილებისთვის აშენებული ერთნაირი ერთი მეორეს მიყოლებით ჩაწიკწიკებული 2000 სახლიდან  ერთი მას ეკუთვნის.

2009 წლიდან, ამ რაიონში არავითარი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა, მაგრამ მშვიდობა მაინც ვერ დაბრუნდა. სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სპეცრაზმელები, მოწყენილი იერით დურბინდებით გასცქერიან რუს ჯარისკაცებს, რომლებიც საკონტროლო პუნქტის გადაღმა ქალაქის გასწვრივ უზარმაზარ სანგრებს თხრიან, რომელმაც ვითომ ახალი საზღვარი უნდა გაავლოს. შორიდან, უეცრად საარტილერიო სროლის ხმა მოისმის : რუსი ჯარისკაცები ვარჯიშობენ. ომის შემდეგ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთმა სამხედრო ძალები გაზარდა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ტერიტორიებზე 10.000 შეიარაღებული ადამიანი დაითვალა, 90.000 მთლიანად კავკასიაში, ამას ემატება სამხედრო ბაზები, საარტილერიო დანადგარები, ტანკები და შ300 ანტისაჰაერო რაკეტები. « ეს სრულიად საკმარისია ჩვენ წინააღმდეგ ახალი ომის დასაწყებად, თუ მოსკოვი ესეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს », განმარტავს ქართული პოლიციის ერთერთი ჩინოსანი.

თბილისში კი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის უკვე აღარავის სჯერა. საერთაშორისო სწავლებათა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორის ალექსანდრე რონდელის ანალიზით «რუსეთის მმართველებს სურთ თავიდან მოიშორონ სააკაშვილი. მათ სცადეს ძალის გამოყენების გზით, შემდეგ ოპოზიციის გამოსვლებით და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალების გზით მისი მოშორება. არაფერი გამოუვიდათ. მათ აღარ შეუძლიათ ხელმეორედ მოახდინონ სამხედრო ინტერვენცია. დღეს უკვე კრემლი ცდილობს ქვეყნის დისკრედიტაციის გზით გააქციოს ინვესტორები,  განუწყვეტლივ იზრუნოს მის დესტაბილიზაციაზე და ნელ ნელა ისევ მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნოს ».

რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ნებისმიერ ფასად სურს სამხრეთ კავკასიის გაკონტროლება, ახალგაზრდა სახელმწიფო როგორც შეუძლია თავს იცავს. დარწმუნებული თავის სიმართლეში, პატარა ქართველმა ბაყაყმა 2008 წლის აგვისტოში სცადა გამხდარიყო რუსი ხარივით დიდი, ისეთი გადაწყვეტილელები მიიღო, რომელიც ზოგიერთმა დედაქალაქმა არაადეკვატურად და უადგილოდ შეაფასა. მას შემდეგ, რეალიზმის სკოლაში გამოწვრთნილი, ხელისუფლება მომწიფდა. «სააკაშვილმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლა», განაცხადა სტრატეგიული საკითხების სპეციალისტმა. წინააღმდეგობის გასაწევად, თბილისმა თავისი პატარა ჯარის მოდერნიზაცია მოახდინა. მაგრამ ჯერ-ჯერობით ახალი მოდერნიზებული ჯარის შედარება ძველ წითელ არმიასთან ნაადრევია. «ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის დამარცხებას ჩვეულებრივ კონფლიქტში. ჩვენ ვერც ჩეჩნებივით ვიბრძოლებთ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შესაძლებელი იქნება, რუსეთის ძალის წინსვლის შეფერხება სრული ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარების მოსვლამდე მათი შენელებაა. ეს პატარა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტაქტიკაა», აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. თუმცა, თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნისთვის თავდაცვითი თუ თავდასხმითი იარაღის შეძენის სირთულეებს. ფინანსური პრობლემები კიდევ იქით იყოს, კრემლი იმ ქვეყნებზე ახდენს ზეწოლას, რომლებიც სურთ თბილისისთვის იარაღის მიწოდებას სურვილის დონეზეც კი განიზრახავენ.

«ყველას ყავს თავისი დამცველი, ჩვენს გარდა. ბიძია სემის გარდა... ჩვენი ბუნებრივი ნათესავი ევროპა, რომელსაც ვცდილობთ ყველანაირად მოვაწონოთ თავი, თავის შვილად არ გვაღიარებს. რუსეთს სურს იყოს დედაც ყოს და მამაც, მაგრამ ის სინამდვილეში, მხოლოდ ბოროტი დედინაცვალია. ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ობლები», წუხილს გამოთქვამს ალექსანდრე რონდელი, რომელსაც სურს დასავლეთის ქვეყნებმა მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსკოვზე. რუსული დევის, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მომწყვდეული, ქართველები უფრო ევროპისკენ, ამერიკისა და ნატოსკენ მიისწრაფვიან. ამასობაში, სააკაშვილმა დიპლომატიური იარაღის ხმარება ისწავლა. 2008 წლის ომის შემდგომ მავანთა მიერ უმომავლოდ მიჩნეულმა, შეძლო პოლიტიკურ სივრცეზე კონტროლი აეღო, თუმცა, ოპოზიციასთან ცოტა არ იყოს ავტორიტარული ნაბიჯების ფასად, რომლებსაც სურდათ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა.

 

ყუფის მოშვება

ორიოდე კვირის წინ, ევროპარლამენტის წინ რუსეთისთვის სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შემოთავაზებამ, მათ დასაბრუნებლად ძალის არგამოყენების პირობით, ქართულმა ხელისუფლებამ კარგი ქულა დაიწერა, როგორც რეგიონში წარჩინებულმა მოსწავლემ.   «ევროპისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ, რუსეთში არსებული რეჟიმის პირობებში, შეუძლებელია მათთან თანხმობის მიღწევა. მაგრამ იმ დღისთვის უნდა ვემზადოთ, როცა სამისოდ ვითარება მომწიფდება», განმარტა შოთა უტიაშვილმა. ლისაბონში ალიანსის სამიტზე გააოფიციალურებული ნატო-რუსეთის დაახლოება, თბილისმა პირიქით კარგ ტონად მიიჩნია, ვინაიდან ამით რუსეთის ნორმალიზაციას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწვდილმა ხელმა ადგილზე ვითარება ვერ შეცვალა. თბილისში, მხოლოდ დიპლომატებსა და მინისტრებს თუ სჯერათ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ამ პატარა კავკასიურ რესპუბლიკას ყელში წაჭერილი ყულფის მოშვების შესაძლებლობას მიცემს.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და საქართველოს ძალებს შორის კონფლიქტის შედეგად მემკვიდრეობად მიღებული ფრონტის ხაზები, დროში გაიყინნენ. «რეალისტები უნდა ვიყოთ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ხანგრძლივი დრო ჭირდება. ეჭვის გარეშეა, რომ 5-დან 25 წლამდე ლოდინი მოგვიწევს», აღიარებს შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი პასუხიმგებელი პირი. სამინისტროების კულუარებში საქართველოს კონფედერაციის იდეაზეც კი იწყებენ საუბარს.

«ვარდების რევოლუციიდან» შვიდი წლის თავზე, ბურთი მოსკოვის მოედანზეა. მისი გადასაწყვეტია ეხლა დაეთანხმოს თუ არა საქართველოს შემოთავაზებას. თბილისში ამ დიპლომატიური გამარჯვებით კაპიტალდაბანდებას იმედოვნებენ. მაგრამ ერთი მხრივ, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით, შუშის მშვიდობის ხიდითა (რომელიც ლუვრის ეზოსაც კი დაამშვენებდა) და თავისი დინამიური და ახალგაზრდა მინისტრებით დასავლეთისკენ გეზმომარჯვებული დედაქალაქი და მეორე მხრივ, ღარიბ სოფლებში სახედარშებმული ურმები, მოძველებული, ღრჭიალა მატარებლები, დანჯღრეული და მხრჩოლავი მანქანებით, საქართველოს ჯერ კიდევ ორი სახე აქვს. როგორც ალექსანდრე რონდელი ამბობს «დღეისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უთუოდ უნდა გადავარჩინოთ, ეს საქართველოს დასავლეთისკენ ორიენტაციაა.»