საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 22/02/2011

სხვადასხვა თაობის, მათ შორის ზოგიერთმა მოქმედმა და ზოგიერთმა ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ, გააკეთა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. დიპლომატებმა შეინარჩუნეს ანონიმურობა და კოლექტიურ ფსევდონიმად აირჩიეს სახელწოდება “მარლი” – კაფეს სახელი, სადაც ისინი პირველად შეიკრიბნენ.

პრეზიდენტის ეს სვლა ვერავის ვეღარ შეაცდენს. როცა საპრეზიდენტო სცენარისთვის არახელსაყრელი მოვლენები ვითარდება, რომელიმე სახელმწიფო მოღვაწე განტევების ვაცი უნდა გახდეს.

ბოლო პერიოდში მოწმეები ვართ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხებისა დიპლომატიის სფეროში. ბოლო სამი წლის მანძილზე გაჟღერებული წარმატებების ნაცვლად, ვკარგავთ აფრიკას, ევროპა უსუსურია,  ხმელთაშუაზიღვისპირეთი გვებუტება, ჩინეთმა მოგვარჯულა, ხოლო ვაშინგტონი იგნორირებას გვიკეთებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა რაფალი და ბირთვული ინდუსტრია, რომელიც მიუხედავად დაანონსებული ტრიუმფისა, თაროზე შემოგვრჩნენ. კიდევ უფრო მეტად სავალალოა, რომ საფრანგეთს სიტყვა აღარ ეთქმის მსოფლიოში. აშშ-სთვის ფეხის აყოლამ ბევრი პარტნიორი ჩამოგვაშორა.

ცივი ომის პერიოდში, ჩვენ დასავლეთის ბანაკში ვიყავით, მაგრამ ვფიქრობდით ორივე ბანაკის პოზიციებზე და ეს საკმაოდ ორიგინალური მიდგომა იყო. დღეს, როდესაც ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მეკავშირეები, რასაც მოწმობს ჩვენი დაბრუნება ნატოში, შეიძლება ითქვას, რომ აღარავის აღარ აინტერესებს ჩვენი აზრი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პოზიციები და ჩვენი დიპლომატიური მოქნილობის უნარი. ჩვენი გავლენის შესუსტება და დაკარგვა უფრო მეტად პოლიტიკოსების მიერ არჩეული სვლების ბრალია, ვიდრე დიპლომატების.

ცხადია, რომ პრეზიდენტი დიდად არ სწყალობს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის შეცდომები მათ გადააბრალოს. სწორედ ამის გამო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მარცხებზე პასუხისმგებლობა ეხლა დიპლომატებს ეკისრებათ. დიპლომატები ეწინააღმდეგებიან ამ ბრალდებას. ტუნისის და ეგვიპტის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკის განსაზღვრა ხორციელდებოდა უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, ისე რომ ყურადღება არ ექცეოდა ჩვენი ელჩების მიერ გაკეთებულ ანალიზს. სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეარჩია ხმელთაშუაზღისპირეთის “სამხრეთ საყრდენებად” ბატონები ბენ ალი და მუბარაკი.

საფრანგეთში რომ არსებობდეს ვიკილიკსი, ის ალბათ დაადასტურებდა, რომ ფრანგი დიპლომატები, მათი ამერიკელი კოლეგების მსგავსად, კრიტიკულად აანალიზებდნენ სიტუაციას და აკეთებდნენ ანგარიშებს ამის თაობაზე. ბევრი შეცდომის თავიდან აცილება შეიძლებოდა ალბათ მათთვის რომ ყური დაეგდოთ და გაეტარებინათ პოლიტიკა, რომელიც არ იქნებოდა იმპულსური, მოყვარულების დონეზე, იქნებოდა ნაკლებად მედიატიზირებული და უფრო მეტად სიღრმისეული.

იმპულსურობა? ხმელთაშუა ზღვის გაერთიანება, რომელიც წამოიწყეს ყოველგვარი მომზადების გარეშე, მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებებისა, რომელსაც სურდა, რომ სხვანაირად ჩამოყალიბებულიყო ამ ორგანიზაციის მიზნები და მეთოდები, ფაქტიურად შეჩერებულია.

არაპროფესიონალიზმი?Kკლიმატის ცვლილებებზე კოპენჰაგენის კონფერენციის მომზადება დაევალა ეკოლოგიის სამინისტროს, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ საფრანგეთი და მთლიანად ევროპა გამოჩნდა უსუსური და კონფერენცია ფაქტიურად ჩავარდა.

ზედმეტი მედიატიზირება? მექსიკასთან ამჟამინდელი დაძაბულობის ბრალია საჯაროდ ისეთი დოსიეს გამოტანა, რომელზე მუშაობაც, გამომდინარე მისი ხასიათიდან, დისკრეტულად უნდა წარმართულიყო.

შეუსაბამობა? ჩვენი პოლტიკა შუა აღმოსავლეთში გაურკვეველი გახდა, ჩიხში მოექცა და სირიის გაძლიებას შეუწყო ხელი. ამავდროულად, ზიანი მიეყენა ჩვენს აშკარა ინტერესებს. ასე მოხდა ფრანკოფონურ აფრიკაში, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით იგნორირებულია და ამჟამად დარჩენილია ბილატერალური დახმარების გარეშე.

ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელია იმპროვიზაციისა და იმპულსურობის მონაცვლეობა, რისი მიზეზიც არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა. ამიტომ არ უნდა გავიკვირვოთ ჩვენი მარცხი. დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, როდესაც პრეფექტები ეთამაშებიან დიპლომატიას, მრავლად არიან და ყურს უგდებენ კერძო ინტერესების წარმომადგენლებს და “საღამოს” სტუმრებს.

დადგა დრო, როდესაც საჭიროა რეაგირება. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც იქნება დაფუძნებული ადეკვატურობაზე, ეფექტურობასა და დისკრეტულობაზე.

ფრანგ დიპლომატებს გვაქვს მხოლოდ ერთი სურვილი: ვიყოთ გააზრებული და სტაბილური პოლიტიკის სამსახურში. 8 და 20 მსგავსი დიდ გაერთიანებების გარდა, სადაც ხშირად ირევა მესიჯები, საჭიროა ჩვენი მიზნების ჩამოყალიბება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ხვალინდელი ევროპის საზღვრები და შემადგენლობა, ამბოხებული არაბული სამყაროს მიმართ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მიზნები ავღანეთში, საფრანგეთის აფრიკული პოლიტიკა, რუსეთთან პარტნიორობის ხასიათი.

დიპლომატების სურვილია, რომ მოხდეს ამ სიტუაციის გაანალიზება და მზად არიან ექსპერტიზა გაუწიონ ამ საკითხებში. ვისურვებდით ასევე, რომ ჩვენი დიპლომატია კვლავ ეფუძნებოდეს რიგ ფასეულობებს (სოლიდარობა, დემოკრატია, კულტურათა პატივისცემა), რომლის ხშირი იგნორირებაც ხდება, ყოველგვარი წინხედვის გარეშე, ერთეული გადადგმული ნაბიჯების სასარგებლოდ.

და ბოლოს, გავიმეორებთ 2010 წლის 7 ივლისს ალენ ჟუპეს და უბერ ვედრინის გაფრთხილებას “დიპლომატიური ინსტრუმენტი არის გატეხვის ზღვარზე”. უეჭველია, რომ მისი გადარჩენა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმატებისათვის.

 

ფრანგული ვერსია

Occupied Territories of Georgia

eVISA portal